ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელი მოხალისეების როლი


ლიბიელი მოხალისეების როლი
ლიბიელი მოხალისეების როლი

კალაშნიკოვებით შეიარაღებული ახალგაზრდები საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დგანან და ხალხს საბუთებს უმოწმებენ. ეს პუნქტი ლიბიის ორ ქალაქს-მისრატასა და სირტს აკავშირებს ერთმანეთთან.

ახალგაზრდების ნაწილი, რომლებიც გამშვებ პუნქტებზე მორიგეობს, სტუდენტები არიან, ნაწილმა კი 6 თვის წინ საბრძოლო მოქმედებების შემდეგ სამსახურები დატოვა და ოპოზიციას შეუერთდა. მათ საკუთარი წვლილის შეტანა სურთ მოძრაობაში, რომელსაც მუამარ კადაფის წინააღმდეგ დაწყებულ რევოლუციას უწოდებენ.

ადელ აჰმედი ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცია. ის ერთ-ერთი საკონტროლო გამშვები პუნქტის მეთაურია.

ადელი 6 თვის წინ მისტარას პორტში მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კადაფის მხარდამჭერებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო მან სამსახური დატოვა და ამბოხებულებს შეუერთდა. მისრატაში ბრძოლების დაწყების შემდეგ 2000-მდე ადამიანია მოკლული.

ადელი ამბობს, რომ ის ბევრი მისი თანამემამულის მსგავსად მოხალისეა და პირველ რიგში თავისუფლებისთვის იბრძვის. ოპოზიციის მხარდაჭერა კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაინახა თუ როგორ უპასუხა კადაფიმ საკუთარი ხალხის გამოძახილს. მისი მხარდამჭერი ძალები მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალას იყენებდნენ, კლავდნენ, აუპატიურებდნენ და ძარცვდნენ მოსახლეობას. ადელი ამბობს, რომ მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის ებრძოლა.

ტრიპოლის დამწვრობის ცენტრში სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ალი ალ მუგრაბი დაჭრილ ბავშვს უვლის. მომავალ წელს ის სწავლას დაამთავრებს და ექიმი გახდება. ახლა კი ის საავადმყოფოში ექთნის მოვალეობას ასრულებს.

„მე აქ იმიტომ მოვედი, რომ ექთნების ნაკლებობაა. დაჭრილ ხალხს კი დახმარება სჭირდება,“ ამბობს ის.

საავადმყოფოს თანამშრომლების დიდი ნაწილი სამსახურში მისვლას ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ქალაქში ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს. ასობით ადამინი, რომლებიც საავადმყოფოსთან ახლოს ცხოვრობს, დაჭრილების დახმარებას ისე ცდილობს, როგორც შეუძლია. ისინი მორიგეობით საავადმყოფოს იატაკს წმენდნენ, საჭმელს ამზადებენ და ჭურჭელს რეცხავენ.

ტრიპოლიში ბრძოლების დაწყებიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოს პერსონალისა და პაციენტების ევაკუაცია ჩატარდა. რამდენიმე კვირაში კი თანამშრომლების ნაწილი უკან დაბრუნდა და ის რაც აქამდე დამწვრობის ცენტრის ამბულატორიული პაციენტების ერთ-ერთი კლინიკა იყო, ახლა რეანიმაციულ და ქირურგიულ განყოფილებად გადააკეთეს.

სალე დუკალია ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ტრიპოლის ერთ-ერთ ქუჩას ასუფთავებს. კადაფის მთავრობის დამხობის შემდეგ ლიბიის დედაქალაქში ქუჩები ამ დღეს პირველად დასუფთავდა. სალეს თქმით:

„ყველას არ შეუძლია წავიდეს, მეამბოხეებს შეუერთდეს და მათთან დარჩეს. ახალ მთავრობას დახმარება ბევრ სხვა სფეროში სჭირდება, მაგალითად დასუფთავებაში, შეღებვაში, წყლისა და სურსათის დისტრიბუციაში. თითოეული ჩვენგანი როგორც ახერხებს ისე ეხმარება ქვეყანას.“

მოხალისეების ნაწილმა უკვე დაიწყო ასოციაციების შექმნა. ლიბიის ახალი ლიდერები მიესალმებიან ამ ტენდენციას. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ხალხი დაიწყებს სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, რომელსაც ლიბიის თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ექნება.

XS
SM
MD
LG