ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის პოლიტიკა ლიბიის მიმართ


ვაშინგტონის პოლიტიკა ლიბიის მიმართ
ვაშინგტონის პოლიტიკა ლიბიის მიმართ

ლიბიაში მასობრივი პროტესტი გრძელდება. დაუზუსტებელი მონაცემებით რამდენიმე ასეული ადამიანია დაღუპული. ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ უკვე განაცხადა, რომ ქვეყნის მტრები აუცილებლად დაისჯებიან. ამავდროულად, თანამდებობებს ტოვებენ ლიბიის ხელისუფლების საკვანძო ფიგურები. ლიბის საელჩოებმა უფლებამოსილება შეიჩერეს. მართალია შეერთებულმა შტატებმა ლიბიის ხელისუფლების მოქმედება მკაცრად დაგმო, მაგრამ ისმის კითხვა, შეუძლია თუ არა ვაშინგტონს უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ამ საკითხს „ამერიკის ხმის,“ კორესპონდენტი ლორელ ბოუმანი არკვევდა.

ტრიპოლის ქუჩებში ნამდვილი ქაოსია გამეფებული. ხელისუფლების მხრიდან სასტიკი რეაქციის მიუხედავად დემონსტრანტების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. ვაშინგტონში კი ლიბიელი უფლებათადამცველი ალი აბუზაკოკი ამბობს, რომ ვაშინგტონმა სისხლისღვრა უნდა შეაჩეროს.

„შეერთებული შტატები სუპერსახელმწიფოა, ერთადერთი სუპერსახელმწიფო. და ჩვენ ვიცით, რომ როცა სუპერსახელმწიფოს სურს რამეს გაკეთება, ის ამას აკეთებს, “ - ამბობს ლიბიელი უფლებათადამცველი.

სამშაბათს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ლიბიის საკითხში ობამას ადმინისტრაციის პოზიცია. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობას და გმობს ლიბიაში ძალადობას, რომლის აღმოსაფხვრელად თეთრი სახლი საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშავებს.

იან ლესერი, გერმანიის მარშალის ფონდიდან პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს ჩრდილოეთ აფრიკის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობდა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ლიბიის შიგნით საკმაოდ სუსტი პოზიციები გააჩნია.

ლესერი ამბობს, რომ კადაფის ხელისუფლებაში ყოფნის დღეეები დათვლილია, თუმცა მის შემდეგ ლიბიაში წარმოიქმნება რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შეიარაღებული დაჯგუფება ერაყის მსგავსად.

„ჩვენ მოგვიწევს განვავითაროთ ურთიერთობა ლიბიაში ხელისუფლების ნებისმიერ მემკვიდრესთან. შესაძლოა ეს არ იყოს ერთი. ზოგიერთთან მუშაობა შეიძლება არც გვინდოდეს. ზოგი მათგანი შესაძლოა იყოს მოძალადე ან იდეოლოგიის ქვეშ მოქცეული,“ - ამბობს ლესერი.

ამასობაში კი ლიბიაში კადაფის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი ძლიერდება.

ამას ისიც ადასტურებს, რომ ორმა პილოტმა რომლებსაც დემონსტრანტების დაბომბვა უბრძანეს, დავალების შესრულებაზე უარი თქვეს და მალტაში გაფრინდნენ. ამასთანავე ლიბიის აღმოსავლეთ პროვინციებს უკვე კადაფის მოწინააღმდეგე ძალაები აკონტროლებენ. თუმცა, კადაფი დანებებას არ აპირებს. როგორც გუშინ განაცხადა, ის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს.

XS
SM
MD
LG