ლიბიაში გრძელდება შეტაკებები აჯანყებულ ხალხსა და მუამარ კადაფის მომხრეებს შორის.
ბრძოლები ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან 200 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ მისრატასთან მიმდინარეობს. ეს ლიბიაში სიდიდით მესამე ქალაქია, რომელიც ამბოხებულებმა ჩაიგდეს ხელში.
დედაქალაქის დასავლეთით მდებარე ქალაქ ზავიუაში კადაფის მომხრე უშიშროების ძალებმა მეჩეთში თავშეფარებულ ხალხს გაუხსნეს ცეცხლი.
ამასობაში კადაფის ვაჟმა საიფ ალ-ისლამმა განაცხადა, რომ შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობას უცხოური მედია აზვიადებს.
ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციები 300 დაღუპულის შესახებ საუბრობენ, როდესაც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკო ფრატინის განცხადებით მსხვერპლის რიცხვმა ათასს გადააჭარბა.
ამასობაში ლიბიის ტელევიზიით სატელეფონო ჩართვისას მუამარ კადაფიმ ქვეყანაში დაწყებულ აჯანყებაში ოსამა ბინ ლადენსა და ალ-ყაიდას დასდო ბრალი, რაც არანაირი დამოუკიდებელი წყაროთი არ დასტურდება.