ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელი ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა მხარი ლეიბორისტულ პარტიას დაუჭირა


ბრიტანეთში პოლიტიკური არასტაბილურობა გრძელდება. ამომრჩევლის ასაკი გასულ კვირას კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ბრიტანელი ამომრჩევლების პასიურობამ დიდწილად გასულ წელს გამართული რეფერენდუმის ბედი გადაწყვიტა, ამჟამად, ირკვევა, რომ ისინი გაცილებით აქტიურები იყვნენ და მხარი უმეტესად „ლეიბორისტულ პარტიას“ დაუჭირეს და არა მმართველ „კონსერვატორთა პარტიას“, რომლებმაც არჩევნებში სულაც ვერ აჩვენეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნისას ნავარაუდევი შედეგი. როგორც ამბობენ, ახალგაზრდებმა ბრექსიტის, ამერიკისა და საფრანგეთის გამოცდილება გაიაზრეს და შესაბამისად იმოქმედეს.

თუკი ახალგაზრდების მონაწილეობა არჩევნებში 2 წლის წინ 44 %-ს არ აღემატებოდა, გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 72 % იყო. ზოგიერთი შეფასებით, ეს გარდამტეხი მოვლენა იყო. მით უმეტეს, რომ მათმა უმრავლესობამ მხარი მემარცხენე ძალას დაუჭირა.

ბენ ნობელი და ჯეიმს ფოქსი ბრაიტონის რადიოში მუშაობენ. სამუშაო საათებისგან თავისუფალ დროს კი ისინი ლეიბორისტული პარტიის აქტივობებში მონაწილეობენ და გამარჯვებასაც ზეიმობენ. ბრაიტონ კემპტაუნში მემარცხენე კანდიდატმა კონსერვატორთა კანდიდატი 10 000 ხმით - დაახლოებით 10 %-იანი სხვაობით დაამარცხა.

ბენ ნობელი ამბობს, რომ ამ არჩევნებმა დაამსხვრია მითი ახალგაზრდების შესახებ, რომ თითქოს ისინი არაინფორმირებულები და პოლიტიკური პროცესებისსადმი გულგრილები არიან. „სინამდვილეში ჩვენ შეიძლება სხვებზე უკეთ ვიყოთ ინფორმირებულნი და კიდევ უფრო მეტად ჩართულნი პოლიტიკურ განხილვებში, ჩვენ ვიღებთ ახალ ამბებს „ფეისბუქსა“ და „ტვიტერზე“, - ამბობს ნობელი.

სოციალურ ქსელებში მიმდინარე „ბრძოლაში“ მშრომელთა პარტიის მხარდამჭერებმა თავიანთი მოწინააღმდეგეები დაამარცხეს. 100 ყველაზე ხშირად გაზიარებულ პოლიტიკურ ამბავს შორის, მხოლოდ 5 მასალა იყო „პრო-კონსერვატორული“.

ბევრი ახალგაზრდა აქტივისტისთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა ამერიკის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის ბერნი სანდერსის შიდაპარტიული წინასაარჩევნო კამპანია, რომელშიც ის ჰილარი კლინონთან დამარცხდა. თუმცა ამის მიუხედავად, ახალგაზრდა ბრიტანელი აქტივისტი ჯეიმს ფოქსი ამბობს, რომ ამ პროცესმა „ახალგაზრდა მემარცხენე ამომრჩეველი“ გამოაცოცხლა. ფოქსის თქმით, ის ვერასდროს წამროიდგენდა, რომ ოდესმე ამგვარ პროცესებში იქნებოდა ჩართული, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ეს ერთადერთი გზა იყო მისთვის სასურველი ცვლილებების მისაღწევად.

ბენ ნობელი კი ამბობს, რომ ახალგაზრდები მემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობების აღმასვლას შფოთვით და შიშით ადევნებდნენ თვალს.

„ვგრძნობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვნახეთ რა მოხდა ამერიკაში. ბევრ ჩვენგანს ეს არ მოსწონს, ჩვენ ვნახეთ, რომ თითქმის იგივე მოხდა საფრანგეთში მარი ლეპენთან დაკავშირებით. და ვფიქრობ, საერთაშორისო მასშტაბით საკმაოდ სახიფათო დრო დადგა", - ამბობს ახალგაზრდა.

არჩევნებში მშრომელთა პარტიის დაწინაურება ისეთ საუნივერსიტეტო ქალაქებში, როგორიც ბრაიტონია, არავის გაკვირვებია, რადგან პარტიის ლიდერი სტუდენტებს 12 000 აშშ დოლარის ოდენობის ყოველწლიური სწავლის საფასურის გაუქმებას დაჰპირდა.

არჩევნებმა გამოაჩინა ბრიტანეთის საზოგადოების აზრში არსებული განსხვავებები და მისი ასაკობრივი მახასიათებლები. შედარებით ხანდაზმული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ ახალგაზრდები ებრალებათ, რადგან მათ ცრუ დაპირებები დაიჯერეს: "კორბინი მათ იმას დაჰპირდა, რისი შესრულების ფინანსური რესურსიც ქვეყანაში არ არსებობს". თუმცა ახალგაზრდების დიდი ნაწილი "მშრომელთა" მომავალს მაინც იმედით უყურებს და ამბობენ, რომ არჩევნების შედეგებმა სკეპტიკოსები გადაარწმუნა. აჩვენა, რომ მემარცხენე პოლიტიკოსთა ხელისუფლებაში მოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG