ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მოვლენები ლიბანში სამოქალაქო ომის საფრთხეს ქმნის


ლიბანის ქალაქ ტრიპოლიში სუნიტები და ალავიტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომლებიც სირიის სამოქალაქო ომში სხვადასხვა მხარეს უჭერენ მხარს.

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

სირია ლიბანის საზღვრის მახლობლად შეტაკებები მიმდინარეობს. სირიის სამოქალაქო ომი შესაძლოა ლიბანის ტერიტორიაზე გავრცელდეს.

სირიის მთავრობას ლიბანის შეიარაღებული დაჯგუფება ჰეზბოლა უჭერს მხარს, რომელიც სირიელ ამბოხებულებს ებრძვის. სამშაბათს შეიარაღებული რაზმის წევრებმა სამი ლიბანელი მესაზღვრე მოკლეს და სირიის ტერიტორიაზე გადავიდნენ.

ლიბანში დაძაბულობა მატულობს რელიგიის ნიადაგზე. ტრიპოლიში ლიბანელი სუნიტები და ალავიტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომლებიც სირიის სამოქალაქო ომში სხვადასხვა მხარეებს უჭერენ მხარს.

კვირას ბეირუთის შიიტურ უბანში ორი რაკეტა აფეთქდა, მას შემდეგ რაც ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ ბაშარ ასადის მთავრობის დახმარებისკენ მოუწოდა მომხრეებს და მზადყოფნა გამოთქვა საჭიროების შემთხვევაში ათასობით მეომარი გააგზავნოს სირიაში.

როგორც ახლო აღმოსავლეთის კარნეგის ცენტრის ექსპერტი პოლ სალემი ამბობს, ლიბანმა საკუთარი სამოქალაქო ომის ჭრილობების მოშუშება ძლივს შეძლო და ერთგვარი სტაბილიზაცია დაამყარა, მაგრამ ახლა ისეთი ვითარება იქმნება, რომ შესაძლოა თავიდან აირიოს ქვეყანა:

“დაძაბულობა სირიაში ლიბანზეც მოქმედებს და წინ რთული დღეები გველის.“

ჰეზბოლას მეომრები ახლა სირიის სამთავრობო ჯარების მხარდამხარ იბრძვიან ქალაქ ქუსეირში გამაგრებული აჯანყებულების წინააღმდეგ. ქუსეირზე გადის ხმელთაშუა ზღვასთან დამასაკოს დამაკავშირებელი გზა.
როგორც ბეირუთელი პოლიტოლოგი ქამელ ვაზნე ამბობს, ჰეზბოლას მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული სირიის დღევანდელი რეჟიმის ბედთან:

“ჰეზბოლა სირიის დღევანდელ მთავრობას სტრატეგიულ მოკავშირედ მიიჩნევს, რადგან ბაშარ ალ-ასადის დამხობა ისრაელის მოწინააღმდეგე ძალების დასუსტებას გამოიწვევს.“

სირიის სამოქალაქო ომში ოპოზიცის მხარეს სუნიტები იბრძვიან, რომელთა შორის ბევრია ლიბანელი მეომარი. დაპირისპირებული მხარეებისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს გაუქმება კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. ომი სულ უფრო სასტიკ ხასიათს იღებს და სკადის რაკეტების და ქიმიური იარაღის გამოყენებით მიმდინარეობს.

ლიბანელი ექსპერტის განცხადებით, ომის შეჩერება პოლიტიკური შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იქნება, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს ვერ განხორციელდება:

“ჭრილობების მოშუშებას დიდი დრო დაჭირდება და სირია კიდევ დიდხანს დარჩება სიძულვილით გაჟღენთილ ქვეყნად, რადგან მსხვერპლის რაოდენობა და ომის სისასტიკე დაპირისპირებულ მხარეებს შორის შერიგების პერსპექტივას კარგა ხნით გამორიცხავს.“

პოლ სალემის აზრით, სირია შესაძლოა რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დაიშალოს და დღევანდელი ლიბანის და ერაყის მსგავს ქვეყნად გადაიქცეს. ლიბანელი პოლიტოლოგის განცხადებით, კონფლიქტის გაგრძელება მთელ რეგიონს დესტაბილიზაციით ემუქრება და შესაძლოა დიდი ომის დაწყების მიზეზი გახდეს.
XS
SM
MD
LG