ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

400 ათასი სირიელი ლტოლვილი ლიბანში


სირიის დედაქალაქ დამასკოს ირგვლივ ბრძოლების გაძლიერების ფონზე ლიბანში სულ უფრო იზრდება სირიელი ლტოლვილების რიცხვი

გაეროს მონაცემებით ლიბანში 400 ათასმა სირიელმა ლტოლვილმა გაირა რეგისტრაცია, მაგრამ საბუთების გარეშე დარჩენილებიც ბევრნი არიან.
ლიბანში ბექაას ველზე სულ ცოტა 95 000 სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს. ამდენი ხალხის თავშეყრა ამ რაიონში ადგილობრივი იფრასტრუქტურის გადატვირთვას იწვევს.
სირიის დედაქალაქ დამასკოს ირგვლივ ბრძოლების გაძლიერების ფონზე ლიბანში სულ უფრო იზრდება სირიელი ლტოლვილების რიცხვი.
სირიის მეზობელი სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით ლიბანის მთავრობამ გადაწყვიტა ოფიციალურად არ გაეხსნა ლტოლვილთა ბანაკები საკუთარ ტერიტროიაზე. ამის გამო სირიელი ლტოლვილები ლიბანელთა ოჯახებს აფარებენ თავს, ან იძულებულნი არიან ბინის ქირა იხადონ.
თუმცა ლტოლვილთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გამო ლიბანში უკვე გაჩნდა კარვების ქალაქი. ბექაას ველზე მდებარე სოფელ ბარ ელიასში 11 კარავია სადაც 70 ლტოლვილი ცხოვრობს.
28 წლის აბირ აბო რასმა ორი კვირის წინ სწორედ ამ ბანაკში იმშობიარა. ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად, მას თავისი პატარა გოგონას გამოკვებაც უჭირს. როგორც აბირ აბო რასი ამბობს:“ ის ძალიან მშიერია, მაგრამ მე არ შემიძლია მისთვის რძის მიცემა. ნორმასთან შედარებით ნახევარი კილო აქვს დაკლებული.“
სირიის ქალაქ ჰომსის მაცხოვრებელი, 38 წლის 5 შვილის დედა, ჯეზია კასაბი ლიბანში მას შემდეგ წამოვიდა, როდესაც მისი ქმარი მთავრობის ერთგულმა ჯარისკაცებმა დააპატიმრეს, სახლი კი საჰაერო დაბომბვის შედეგად დაინგრა.
სამი პატარა, ლიბანში დედასთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ ორი უფროსი შვილი სირიაში დარჩა მამის ადგილსამყოფელის გასაგებად. როგორც ჯეზია კასაბი ამბობს:’’ჩვენთვის საბანიც კი არავის მოუცია, მხოლოდ ერთი ყუთი საჭმელი მოგვიტანეს.“
25 წლის ორი შვილის დედა სანა აბო რასი სირიის ქალაქ ალეპოდანაა. ის ომის საშინელების და სამშობლოს მიტოვების გამო ბავშვებისთვის მიყენებულ ტრამვებზე საუბრობს:“ როდესაც აქ ჩამოვედით ბავშვები ძაღლის ყეფაზე ყოველღამე დაფეთებული იღვიძებდნენ, რადგან საბრძოლო თვითმფრინავების ღმუილი აგონდებოდათ. მათ მხოლოდ დამამშვიდებელი წამლების დახმარებით ვაძინებდით.“
ახლა ლიბანში ნამდვილი გაზაფხული დადგა, მაგრამ სირიელი ლტოლვილებისთვის მომავალი ჯერაც გაურკვეველია და არავინ იცის როდის დაბრუნდებიან ისინი სამშობლოში.
XS
SM
MD
LG