ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საჰაერო იერიში კიევზე და მეტი დახმარება უკრაინას


უკრაინამ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა ღამით კიევზე საჰაერო თავდასხმები მიიტანა, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა 18-ვე რაკეტა ჩამოაგდეს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ „ტელეგრამზე“ თქვა, რომ თავდასხმა მოკლე შუალედებში იყო მიტანილი. აფეთქებების ხმა მთელს ქალაქში ისმოდა. უკრაინის თქმით, ჩამოგდებული რაკეტებიდან ექვსი ჰიპერბგერითი „კინჯალის“ რაკეტაა.

ბრიტანეთის ელჩმა მელინდა სიმონსმა ტვიტერზე დაწერა, რომ საჰაერო იერიში იყო "საკმაოდ ინტენსიური" და დასძინა, რომ აფეთქებებმა კედლების რყევა გამოიწვია.

პოპკომ თქვა, რომ ეს მერვე თავდასხმაა დედაქალაქზე ამ თვის დასაწყისიდან. მისი თქმით, რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ნამსხვრევებმა დაზიანებები გამოიწვია რამდენიმე რაიონში, მათ შორის სოლომიანსკის რაიონში.

უკრაინის თქმით, რუსეთმა ექვსი ბალისტიკური რაკეტა „კინჯალი“ გაუშვა MiG-31K ავიამოიერიშედან, ცხრა საკრუიზო რაკეტა შავ ზღვაში მდებარე გემებიდან და დამატებით სამი სახმელეთო S-400-ის სისტემებიდან.

უკრაინისთვის დასავლელი მოკავშირეების მიერ მიწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის ამერიკული წარმოების პატრიოტის რაკეტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, დედაქალაქის დაცვაში.

სამშაბათის თავდასხმის ნარჩენები კიევის ზოოპარკში ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სამშაბათს შეტევამ გაანადგურა პატრიოტის სარაკეტო ბატარეა კიევში, მაგრამ განცხადების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა. უკრაინის მხარემ უარი თქვა კომენტარზე.

კიევზე თავდასხმების წარმატებით თავიდან აცილების მიუხედავად, უკრაინამ განაცხადა, რომ სულ მცირე შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 14 დაიჭრა უკრაინის სხვა რეგიონების რუსული დაბომბვის შედეგად, ორშაბათიდან სამშაბათის დილის ჩათვლით.

ბრიტანეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ასობით რაკეტას და თავდასხმით დრონს უგზავნის იმ იმედით, რომ გააძლიერებს კიევის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს რიში სუნაკს ახალი იარაღისთვის. ზელენსკის ვიზიტი ბრიტანეთში მისი მეოთხე გაჩერება იყო დასავლეთის მოკავშირე ქვეყნებში ვიზიტისას. ის ასევე ეწვია იტალიას, გერმანიასა და საფრანგეთს.

„[გაერთიანებული სამეფო] ლიდერია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერებას მიწასა და ჰაერში“, - დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე სუნაკთან შეხვედრის წინ. ბრიტანეთის ლიდერმა მოახლოებულ კონტრშეტევას უწოდა "გადამწყვეტი მომენტი ამ საშინელ ომში, უკრაინის წინააღმდეგობისთვის".

შეერთებულ შტატებთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, ბრიტანეთი გახდა უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა, რომელმაც პირველმა მიაწოდა კიევს მოთხოვნილი იარაღი რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის წინ.

გასულ კვირას ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას საკრუიზო რაკეტები "სტორმ შედოუ" (Storm Shadow) გაუგზავნა, რომელთა რადიუსიც 250 კილომეტრზე მეტია.

სუნაკის ოფისმა ორშაბათს გამოცხადებული უახლესი დახმარების შესახებ თქვა, რომ ის მოიცავს უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ასევე „შორი მანძილის თავდასხმის დრონებს“, რომელთა რადიუსიც 200 კილომეტრზე მეტია.

ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას სჭირდება „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ შექმნა, რათა უზრუნველყოს მისთვის სასიცოცხლო საჰაერო თავდაცვა. ბრიტანეთის პრემიერის სპიკერმა თქვა, რომ ბრიტანეთი თვითმფრინავებს უკრაინას ჯერ არ აწვდის, მაგრამ ის უკრაინელი პილოტების წვრთნას ამ ზაფხულში დაიწყებს.

პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი ათეულობით მსუბუქ ტანკს, ჯავშანტექნიკას და მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის კიევს "მომავალ კვირებში", თუმცა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. საფრანგეთი ასევე აპირებს 2000 უკრაინელი ჯარისკაცის გაწვრთნას საფრანგეთში და თითქმის 4000-ის კი პოლონეთში.

გერმანიამ კი უკრაინისთვის 3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა, რაც ყველაზე დიდია მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG