ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნიდან დევნამდე და ბარიკადებიდან ბარიკადებამდე


ლვოვი, უკრაინა, 11 სექტემბერი, 2017 წელი

დევნილი პოლიტიკოსი, რომლის დაკავებაზეც სანქციაა გაცემული საქართველოში, არსებული რეალობით აპატრიდი, საქართველოსა და უკრაინის ყოფილი მოქალაქე, ყოფილი პრეზიდენტი, არაერთგზის მაღალჩინოსანი საქართველოსა და უკრაინაში, ორი პოლიტიკური ძალის შემქმნელი და ხელმძღვანელი ორ სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთაგან ორივე ოპოზიციაშია და ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვის.

მნიშვნელოვანია, უკრაინამ თავიდან აიცილოს კანონის უზენაერსობის მხრივ ისეთი მოქმედებები, რომლებმაც, შეიძლება პოლიტიკური მოტივაციის შთაბეჭდილება შექმნას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ადამიანების ბიოგრაფიები, შესაძლოა, ზოგჯერ იყოს ერთმანეთის მსგავსი კარიერული წინსვლის გზაზე, მაგრამ ეს ბიოგრაფია რომ უნიკალურია მკვეთრი ზიგზაგებით, მოგებებით, წაგებებით, წარმატებებითა და წარუმატებლობით, იღბლიანობითა და უიღბლობით, თვალშისაცემია იმდენად, რომ მას ყველა ამოიცნობს სახელისა და გვარის მითითების გარეშე. მიხეილ სააკაშვილი, ამავდროულად დიდი თავის ტკივილია იმ ხელისუფლებებისთვის, რომელ ქვეყნებსაც მისი პოლიტიკური კარიერა უკავშირდება. მის ქვეყნიდან მოცილებას და ერთმანეთისთვის გადაცემას ცდილობს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ხელისუფლება. მას უფრთხიან ისე, როგორც გახსნილ ჭურვს, რომელიც ყოველ წამს შეიძლება ხელებში აგიფეთქდეს.

ზეწოლას მისი გარემოცვაც განიცდის. სააკაშვილის თანაგუნდელები საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის დააპატიმრა. იგივე ბედი ეწია მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს უკრაინაშიც.

უკრაინა აგრძელებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის წევრების დეპორტირებას საქართველოში. ამის შესახებ ამერიკის ხმამ კითხვა დასვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე ვაშინგტონში. პრეს–სპიკერის პასუხი ასეთი გახლდათ: „ჩვენ ამ ფაქტებთან დაკაშვირებით საქმის კურსში ვართ, თუმცა ამ კითხვით უნდა მიმართოთ უკრაინის ხელისუფლებას. გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინამ თავიდან აიცილოს კანონის უზენაერსობის მხრივ ისეთი მოქმედებები, რომლებმაც, შეიძლება პოლიტიკური მოტივაციის შთაბეჭდილება შექმნას.“

რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილის პირადი ვიდეოოპერატორი, პარალელურად ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის კიევის ბიუროს თანამშრომელი თამაზ შავშიშვილი, სააკაშვილის დაცვის წევრი ზურაბ ცინცაძე, შსს–ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის ყოფილი უფროსი, თადარიგის ვიცე–პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე და „ქართული ლეგიონის“ ყოფილი წევრი, უშიშროების თადარიგის ვიცე–პოლკოვნიკი ივანე ნადირაძე, 17 ნოემბერს, უკრაინაში ძალის აშკარა გადამეტებით დააკავეს.

ამერიკის ხმამ რამდენიმე კომენტარი ჩაწერა სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივების თაობაზე.

გია ნოდია მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლებები საფრთხეს სააკაშვილის იმ უნარის გამო ხედავენ, რომ მას შეუძლია ადამიანების დიდი რაოდენობის მობილიზება მოახდინოს: „სააკაშვილი იყო ვარდების რევოლუციის ლიდერი. მან აჩვენა, რომ აქვს ხალხის მობილიზაციის უნარი. ამიტომ გარკვეული გართულებების გამოწვევა შეუძლია, ამავე დროს, დასავლეთში გარკვეული კავშირები აქვს. ჯამში ეს ქმნის პრობლემას ხელისუფლებებისთვის. რამდენად უკრაინაში საფიხათოა მთავრობისთვის, არ ვიცი. მაინცდამაინც დიდი მხარდაჭერა არ აქვს, მისი პარტიის რეიტინგი დაბალია, მაგრამ პოროშენკო მას მაინც უფრთხის. სააკაშვილი საქართველოსთვის, ალბათ, უფრო სახიფათოა, რადგან მას აქ უფრო მეტი მომხრე ჰყავს. როდესაც ვამბობ, არ არის საშიში, ვგულისხმობ იმას, რომ ვერ მოვა ხელისუფლებაში, მაგრამ პრობლემების შექმნა ხელისუფლებებისთვის მაინც შეუძლია. შეიძლება შიში მის მიმართ ირაციონალურიც არის. როგორც ჩანს, პოროშენკოს არ უნდა მისი დაპატიმრება და საქართველოში ექსტრადირება. ეს მას პრობლემებს შეუქმნის. ის ცდილობს როგორმე აიძულოს დაატოვებინოს ქვეყანა და ცდილობს ჩააყენოს ისეთ მდგომარეობაში, წასვლის გარდა, სხვა შანსი რომ არ დაუტოვოს. ამას ემსახურება ზეწოლა მის გარემოცვაზეც.“

კანონმდებლობის თანახმად, სააკაშვილს არ აქვს უფლება უკრაინის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, განსხვავებით მისი პარტიისგან, რომელსაც ამ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელოვანი და ამისთვის საჭირო რეიტინგი.

მისი დესტრუქციული რიტორიკა ბევრისთვის მომხიბლავია. მისი პოლიტიკური მომავალი უკრაინაში დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს ის ახალი ტალღის აგორებას.
კორნელი კაკაჩია

პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი კორნელი კაკაჩია ამერიკის ხმასთან აცხადებს: „სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას ძალიან დაუპირისპირდა და გახდა რადიკალური ოპოზიციის ერთ–ერთ ლიდერი, ის უკან დასახევ გზას, ფაქტობრივად არ იტოვებს. მისი ყოფნა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ძალიან საეჭვოა. ხელისუფლებას მისი მოცილება სურს. საქართველოში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ის ყოველთვის ეძებს მძიმე სიტუაციაშიც კი გამოსავალს. მაგალითად, ის უკრაინის ტერიტორიაზე რომ შემოვიდოდა, არავინ ელოდა, მაგრამ ეს მოახერხა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის საზოგადოების განწყობა. შეიძლება ბევრს სააკაშვილი არ მოსწონდეს, მაგრამ მისი დესტრუქციული რიტორიკა ბევრისთვის მომხიბლავია. მისი პოლიტიკური მომავალი უკრაინაში დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს ის ახალი ტალღის აგორებას.“

მიხეილ სააკაშვილზე საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნაა გამოცხადებული. როგორც თავად აცხადებს, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის ხელისუფლებამაც და მის დაკავებას 3 დეკემბრის მარშამდე აპირებს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG