დღეს ყირგიზეთს იმედი გაუჩნდა, იმედი იმისა, რომ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის ახალი ერა დაიწყო.
თვეების მანძილზე მზარდი დაძაბულობის შედეგად ივნისის დასაწყისში პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა დატოვა თანამდებობა, რასაც შემდგომში ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ხუთდღიანი ძალადობა მოჰყვა. ძალადობას ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 300,000 იძულებით გადაადგილებული პირი გახდა და 100,000 მეზობელ უზბეკეთში გაიქცა.
მიუხედავად ამისა ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ მაინც ჩაატარა ახალი კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი. ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს საპარლამენტო მთავრობის შექმნას. ამას გარდა, ახალი კონსტიტუციის თანახმად, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ შეუძლია პარლამენტში ადგილების 60 პროცენტზე მეტის კონტროლი.
27 ივნისს, ყირგიზეთში შედარებითი სიმშვიდის ფონზე, ყირგიზეთის ამომრჩეველთა 70 პროცენტმა, რომელიც სხვადასხვა ეროვნებებისგან შედეგებოდა, რეფერენდუმში მიიღო მონაწილოება. ამ დროისთვის თითქმის ყველა, ვინც ქვეყნიდან გაიქცა, ყირგიზეთში დაბრუნდა. გავრცელებული ცნობებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 90 პროცენტმა ახალ კონსტიტუციას დაუჭირა მხარი. 3 ივლისს, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა როზა ოტუნბაევამ დადო ფიცი და გახდა დროებითი მთავრობის პრეზიდენტი. დროებითი მთავრობა ქვეყანას 2011 წლამდე გაუძღვება. სავარაუდოდ საპარლამენტო არჩევნები 2010 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.
მართალია ხალხმა და მთავრობამ რამდენიმე გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯი გადადგა დემოკრატიისკენ, ყირგიზეთის მომავალი კვლავინდებურად გაურკვეველია. ყირგიზეთის მთავრობამ შექმნა კომისია და მოიწვია საერთაშორისო თანამეგობრობა ივნისში მომხდარი შეტაკებების მიზეზების დასადგენად, რაც მომხდარზე პასუხისმგებლობის დადგენასა და შემრიგებლობას უნდა შეუწყოს ხელი.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სამხრეთ და შუა აზიის საკითხებში რობერტ ბლეიკი ოპტიმისტურად აფასებს ყირგიზეთის განვითარების პერსპექტივებს. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა:
„შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პასუხისმგებლობას ახალი მთავრობის მიმართ, რათა არჩევნები ჩატარდეს ეუთოს სტანდარტებთან შესაბამისობაში და ჭეშმარიტმა დემოკრატიამ ნამდვილად გაიმარჯვოს იქ.“
შეერთებული შტატები მზად არის დახმარების აღმოსაჩენად, აღნიშნავს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბლეიკი. „ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებულნი დემოკრატიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვით...შუა აზიის ყველა ქვეყანაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ ყირგიზეთში განსაკუთრებულად კარგი შესაძლებლობა შეიქმნა...ამიტომაც ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყირგიზეთის მთავრობასთან მისი წარმატების მისაღწევად,“ აღნიშნა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ბლეიკმა.
ახლა დადგა დრო იმისა, რომ ყირგიზეთის ხალხმა საკუთარი ქვეყნის მომავალი განსაზღვროს, არა ძალადობით, არამედ მთავრობის არჩევით.