ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი: კუშნერს შეზღუდვები არ შეეხება


თეთრი სახლი აცხადებს, რომ სრულიად საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების ნებართვებზე დაწესებული ახალი შეზღუდვები, რომელიც პარასკევს ამოქმედდება, თეთრი სახლის უფროსი მრჩევლის, ჯარედ კუშნერის მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, დროებითი ნებართვით მუშაობდა, და საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომა ჰქონდა. მათ შორის უსაფრთხოების საკითხებზე პრეზიდენტისთვის ყოველდღიურად მიწოდებული მოხსენებებიც იყო.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა ჯონ კელიმ განაცხადა, რომ ახალი წესები დროებით ნებართვებს ჩამოართმევს მათ, ვისაც უსაფრთხოების კლასიფიკაციის სისტემაში, ამჟამად უმაღლესი დონის წვდომა აქვთ.

სამშაბათს, თეთრი სახლის პრეს მდივანმა, სარა ჰაკაბი სანდერსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ცვლილება კუშნერის მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს.

„რაც მოხდა, გავლენას არ მოახდენს ჯარედ კუშნერის სასარგებლო მუშაობაზე. ის გუნდის ფასეულ წევრად რჩება.“

კუშნერს მოვალეობების ფართო დიაპაზონი ჰქონდა, ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესიდან, ფედერალური მთავრობის მუშაობის ეფექტურობის გაზრდამდე. ის ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზეც მუშაობდა.

„როგორც ჯარედს რამდენიმე დღის წინ ვუთხარი, სრულიად დარწმუნებული ვარ მის უნარში, გააგრძელოს მოვალეობების შესრულება საგარეო პოლიტიკის თავის პორტფოლიოში, რომელშიც შედის ისრაელ-პალესტინელების სამშვიდობო ძალისხმევაზე ზედამხედველობა და მექსიკასთან ჩვენი ურთიერთობის შემადგენელ ნაწილად ყოფნა,“ განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა.

შეერთებული შტატების მთავრობის თანამშრომლები ვალდებულნი არიან, წარადგინონ ვრცელი, უაღრესად დეტალური, პირადი ინფორმაციის შემცველი ანკეტა, რომელშიც შედის ინფორმაცია ადრინდელი სამუშაო ადგილების, მისამართების, ნათესავების, უცხოური კონტაქტების, უცხოეთში ბიზნეს საქმიანობის და ნასამართლეობის შესახებ. ეს ინფორმაცია გამომძიებლებს საფუძველს აძლევს დაადგინონ, იმსახურებს თუ არა პიროვნება ნდობას, რათა შესაბამის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა მიიღოს.

კუშნერმა თავისი ანკეტა რამდენჯერმე შეასწორა და დაშვების მიღების პროცესი შეაფერხა.

როდესაც სანდერსს ჰკითხეს, გამოიყენებს თუ არა ტრამპი აღმასრულებელ უფლებას, რათა კუშნერს დაშვება მიეცეს, მან თქვა, რომ პრეზიდენტთან ამის თაობაზე არ უსაუბრია.

ადმინისტრაციის ოფიციალური პირების თანახმად, თეთრი სახლის ახალი წესები რამდენიმე ათეულ თანამშრომელს შეეხება, თუმცა მათ უმრავლესობას, საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად სრულიად საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ სჭირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG