ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვის მერმა სავალდებულო ვაქცინაციის ბრძანება გასცა


რუსეთში კორონავირუსის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. შემთხვევების მომატებული რაოდენობა, ექსპერტების აზრით, ვირუსის დელტა ვარიანტს უკავშირდება, რომელიც პირველად ინდოეთში გამოვლინდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 652 ადამიანი გარდაიცვალა, რაც დეკემბერში დაფიქსირებულ რეკორდულ რაოდენობაზე მაღალია. ახალი შემთხვევების რაოდენობა კი 20,616-ით გაიზარდა.

მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში. სანქტ-პეტერბურგში ევროთასის მეოთხედფინალი 2 ივლისს გეგმიურად გაიმართება, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში კოვიდ-19-ით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობა რეკორდულად მაღალია. ასევე რთული მდგომარეობაა მოსკოვშიც.

მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტი ახალი ინფექციების 90 პროცენტში დომინირებს და რომ მოსკოვში ახალი ინფექციების რაოდენობამ დღეში 6,200-ს გადააჭარბა.

სერგეი სობიანინმა აღნიშნა, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად, მან ბრძანება გასცა, რომ ბიზნესებმა სამუშაო ძალის 30 პროცენტი, რომელიც აცრილი არ არის, სახლში გაუშვას. მერის ბრძანების თანახმად, რესტორნების დახურულ სივრცეში სტუმრობა მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლებათ. მათთან ერთად, რესტორნებში დაუშვებენ მათაც, ვისაც კოვიდ-19 6 თვის განმავლობაში აქვს გადატანილი.

მოსკოვი ასევე გახდა პირველი ქალაქი, რომელმაც მომსახურების ინდუსტრიას სავალდებულო ვაქცინაცია დაუწესა. მერის განცხადებით, აგვისტოს შუა რიცხვებამდე მომსახურების სერვისში მომუშავე პერსონალის, სულ ცოტა 60 პროცენტი უნდა აიცრას. მოსკოვის ეს პრაქტიკა რუსეთის რამდენიმე სხვა რეგიონმაც გაიზიარა.

მზარდი ინფიცირების მაჩვენებლის და ადგილობრივი ვაქცინის მიმართ არსებული სკეპტიციზმის ფონზე, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციას შემოდგომამდე ვერ შეძლებს. ეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებისას გამოცხადებული კრემლის გეგმა იყო.

მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ თქვა, რომ ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა 146 მილიონიან მოსახლეობაში 23 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული. ეს ქვეყნისთვის დაბალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობას ადგილობრივი წარმოების უფასო ვაქცინა „სპუტნიკ V“-ზე წვდომა დეკემბრის შემდეგ აქვს.

რუსეთს ევროპაში კორონავირუსით გამოწვეული მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში 134,000 ადამიანია დაღუპული. სააგენტო „როსსატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გარდაცვლილთა რაოდენობა 270,000-ს აღემატება. თუმცა, კრემლის კრიტიკოსები ამბობენ, რომ გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია, ვიდრე თუნდაც სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლებიც კრემლის მონაცემებზე ორჯერ მაღალია.

XS
SM
MD
LG