ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ახალი მუქარა


სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ სეული სამხედრო წვრთნების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის

ჩრდილოეთ კორეა მორიგი მუქარით გამოდის. ის აცხადებს, რომ სამხრეთ კორეასთან დანიშნული ოჯახური შეხვედრები აღარ შედგება, თუკი სეული და ვაშინგტონი დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს არ გააუქმებენ.

დღეს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა ქვეყნის ეროვნული თავდაცვის კომისიის განცხადება იმის თაობაზე, რომ სამხედრო წვრთნები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასთან შეუსაბამობაში მოდის. „გარკვევით უნდა ითქვას, რომ დიალოგის და თავდასხმითი საომარი პრაქტიკის თანაარსებობა გამორიცხულია, ისევე როგორც - გაერთიანების და კონფლიქტის“ - ნათქვამია განცხადებაში.

1950 წელს კორეის ომის შემდეგ დაცილებული ოჯახების შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება მხარეებმა გუშინ მიიღეს. აღნიშნული ნაბიჯი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობებში იშვიათი დათბობის ნიშნად განიხილება. ვაშინგტონს ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, სამხრეთ კორეის მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ სეული მტკიცედ იდგება და სამხედრო წვრთნების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
XS
SM
MD
LG