ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იძულებითი მუხრუჭი ხურვალეთში


ხურვალეთი, რუსი სამხედროების სათვალთვალო კოშკი

დღეს მთელი დღის განმავლობაში ვითარება დაძაბული იყო ხურვალეთში. დილით, სოციალური ქსელის მეშვეობით, ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გაავრცელა ინფორმაცია რუსი სამხედროების უკანონო გადაადგილების თაობაზე. ლუდა სალია ხურვალეთში ხანდაზმულთა თავშესაფრის „სახლი საზღვრებს გარეშე“ დირექტორია. ჟურნალისტებთან მან საკუთარი თვალით ნანახის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმად, დაახლოებით 8 ნიღბიანი რუსი ჯარისკაცი ხურვალეთში ერთი თვის წინ აღმართული სათვალთვალო კოშკის მიმდებარედ, ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.

ლუდა სალიას განცხადება
ლუდა სალიას განცხადება

​ამ განცხადების შემდგომ ხურვალეთში სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები და სხვა აქტივისტები გაემგზავრნენ. მათ სურდათ პირადად, ადგილზე გაცნობოდნენ მდგომარეობას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ავტობანიდან ხურვალეთისკენ, პოლიციის საგუშაგოზე მოქალაქეების ნაკადი სამართალდამცავებმა შეაჩერეს და გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. ხურვალეთში შესვლა მედიის წარმომადგენლებმაც ვერ შეძლეს (ჟურნალისტები ხურვალეთში მოგვიანებით შეუშვეს). პოლიციამ აკრძალვა რაიმე კონკრეტული მიზეზით ვერ ახსნა. მათ განაცხადეს, რომ მოქალაქეებს მხოლოდ დროებით სთხოვენ ადგილზე დაყოვნებას.

რა უსწრებდა წინ დღევანდელ ინციდენტს ხურვალეთში?

ხურვალეთში დღეს მომხდარს წინ უსწრებდა სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ განცხადება. მათ რამდენიმე დღით ადრე დააანონსეს, რომ ხურვალეთში ადგილობრივ მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების პროცესში დაეხმარებოდნენ (არსებულ რთულ ვითარებაში, მოსახლეობას უჭირს მიწის ნაკვეთების დამუშავება, რადგან ხშირია გატაცების შემთხვევები. ერთგვარი პრევენცია, ამ თვალსაზრისით, ადგილზე ბევრი ადამიანის არსებობაა, რის შესაძლებლობასაც ქმნის „ძალა ერთობაშია“). დათქმული გახლდათ თარიღიც - 15 მარტი და კონკრეტული ადგილმდებარეობაც - ის მიწის ნაკვეთები, სადაც გადაადგილება არ იზღუდებოდა ამ დრომდე. დღეს დილით, მას შემდეგ, რაც ხურვალეთში რუსი სამხედროები გამოჩნდნენ, სამოქალაქო მოძრაობამ განაცხადა, რომ საგაზაფხულო სამუშაოებზე დახმარების აქცია გადაიდო.

საღამოს ხურვალეთში მედიის წარმომადგენლები შეუშვეს იმის სადემონსტრაციოდ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს კი ამის შესაძლებლობა პოლიციამ არ მისცა. პირველადი ინფორმაციის ავტორი ლუდა სალია, ასევე სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები, აცხადებენ, რომ ხურვალეთში რუსმა მესაზღვრეებმა პოზიციები გაიმყარეს და სწორედ იმ ნაკვეთებში შეიზღუდა წვდომა, რომლის დამუშავებაც დღეისთვის იყო დაანონსებული.

განსაკუთრებით შემაშფოთებელი მესიჯები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გააჟღერეს, რომლის თანახმად, სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები მათ სიმშვიდეს არღვევენ და ვითარებას ძაბავენ. ამგვარი რიტორიკა საყურადღებო პირველ რიგში იმის გამოა, რომ სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს, ვისი აქტივიზმიც უანგაროა და მიმართულია საქართველოს ინტერესის დაცვისკენ, უპირისპირდებიან ის ადამიანები, ვინც უშუალოდ დაზარალებულია ოკუპაციითა და რუსული თვითნებობით. ანალოგიური განცხადებების ლოგიკურ ჯაჭვს რომ გავყვეთ, მის სათავესაც მივადგებით.

უცნაური განცხადებების სათავე

სამოქალაქო აქტივიზმი ცხინვალში რომ დასჯადია, ამის საილუსტრაციოდ არაერთი თვალსაჩინო მაგალითი არსებობს. თამარა მეარაყიშვილი დე-ფაქტო რეჟიმს ფაქტობრივ შინაპატიმრობაში ჰყავს სწორედ იმიტომ, რომ ბედავს განაცხადოს და დაწეროს ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევს. დე-ფაქტო რეჟიმი უკვე რამდენიმე წელია ახალგორისკენ გადაადგილების უფლებას უზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ნანა ჩქარეულს, რომელიც ახალგორშიც და დევნილობაშიც სწორედ სამოქალაქო საქმიანობითაა დაკავებული. არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა მკვეთრად იზღუდება და სრულად კონტროლდება ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ.

თუმცა, აკრძალვებისა და შეზღუდვების ნუსხა აქ არ სრულდება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ერგნეთში, ოსური მხარის წარმომადგენელმა იგორ კოჩიევმა ჟურნალისტებთან საუბრისას არაერთხელ გაუსვა ხაზი უკმაყოფილებას ქაცარავას გუნდის გამო.

პატრულირებას ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარედ დესტაბილიზაციის საფრთხედ განიხილავს ცხინვალის მხარე. მათ შეხვედრებზე არაერთხელ მოუწოდეს ქართველ კოლეგებს ქაცარავას გუნდის საქმიანობის აკრძალვის თაობაზე, რაზეც სუს-ის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა: „სამოქალაქო მოძრაობა იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. სიტყვის, გადაადგილების და გამოხატვის თავისუფლება კი გარანტირებულია საქართველოს ტერიტორიაზე. ამდენად, დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების პროტესტი მოკლებულია ყოველგვარ საფუძვლებს“ (ირაკლი ანთაძე, ერგნეთი, 18 დეკემბერი, 2018 წელი).

ქაცარავას გუნდით გაღიზიანება ჩანს დე-ფაქტო ადმინისტრაციის საინფორმაციო გვერდზეც, სადაც პირდაპირ მინიშნებულია, რომ მოძრაობის წარმომადგენლებს დააკავებენ, თუ ისინი „საზღვარს დაარღვევენ“. „ძალა ერთობაშიას“ აქტივობები, რაც ადგილობრივების ნაკვეთების დამუშავებაში დახმარების მიმართულებით გახლდათ დაანონსებული, „ნათარგმნია“, როგორც „აქცია საზღვრის დასარღვევად“.

15 მარტამდე რამდენიმე დღით ადრე, ამის თაობაზე ქართულ მხარეს მესიჯები ოსური მხრიდან გაუგზავნეს. სწორედ ამ მესიჯებით შეიძლება აიხსნას აქტივისტების დაყოვნება პოლიციის მიერ ხურვალეთისკენ მიმავალ საგუშაგოზე. რუსული მხარე, ფაქტობრივად, აიძულებს ქართულ მხარეს შეასრულოს მის მიერ დაყენებული მოთხოვნა და მოსთხოვოს საქართველოს მოქალაქეებს შეწყვიტონ მშვიდობიანი აქციები ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან.

შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ქართული მხარე რუსული მხარის ნებას დაჰყვა და მათი მოთხოვნა გაითვალისწინა? პროვოკაციული თუკი შეიძლება რაიმე აღმოჩნდეს, სწორედ ამ კითხვაზე პასუხია. ფაქტებს რომ მივყვეთ, სუს-ის წარმომადგენლის, ირაკლი ანთაძის დღევანდელი განცხადებაც უნდა ვახსენოთ. ის ფაქტობრივად IPRM-ზე ოსური მხარის წარმომადგენლის, იგორ კოჩიევის განცხადებას ეხმიანება:

„აღნიშნულ მონაკვეთზე არ დაფიქსირებულა არანაირი ინციდენტი, ისევე, როგორც არაა დაფიქსირებული ბორდერიზაციის ახალი კერა. როგორც ხედავთ, ადგილზე მობილიზებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან ან განცხადებისგან, რამაც შეიძლება მოახდინოს სიტუაციის პროვოცირება და საფრთხე შეუქმნას ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“,- სიტყვა-სიტყვით, ასეთი გახლავთ ანთაძის განცხადება. ის, რომ აქტივისტები „უსაფრთხოებას აყენებენ ზიანს“ და „ქმნიან პროვოკაციის საფრთხეს“, - დე-ფაქტო ადმინისტრაციის ტრადიციული რიტორიკაა.

ქართული მხარე ამბობს, რომ ხურვალეთში რუს მესაზღვრეებს პირობითი საზღვარი არ დაურღვევიათ და რომ დღევანდელი შემთხვევა იყო აურზაური არაფრის გამო. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა კი განაცხადა: „ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები, საოკუპაციო ხაზს მიღმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლისა, ან რიამე ტიპის დამატებითი ბარიკადის მშენებლობისა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.“ ციხელაშვილმა მედიასაც მოუწოდა სიფრთხილისკენ: „არ ჰქონია ადგილი არანაირ ინციდენტს, ამიტომ მე მინდა გთხოვოთ თქვენც, მედიას, ვიყოთ აღჭურვილი მაქსიმალური სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით. ჩვენ ვცხოვრობთ მოცემულობაში, სადაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, მავთულხლართებს მიღმა, დიახ, საუბედუროდ დგანან რუსი ჯარისკაცები, არის ძალიან მძლავრი სამხედრო ბაზები, ამ ვითარებაში ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი პროვოკაცია.“

საინტერესო გახლდათ გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებაც, რომლის თანახმად, შესაძლოა, რუსებს გზა არეოდათ და ამიტომ მოხვდნენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ამ ეტაპზე ხურვალეთის გზაზე, საგუშაგოსთან სამოქალაქო მოძრაობის წევრები, რომელთაც სოფელში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარი თვალით დაკვირვების შესაძლებლობა არ მიეცათ, ღამეს ათენებენ. "ამერიკის ხმასთან" დავით ქაცარავა ამბობს, რომ რუსმა მესაზღვრეებმა დამატებითი ტერიტორია მიიტაცეს. ის ამ მოსაზრებაზე დარჩება მანამ, ვიდრე საპირისპიროს პირადად არ იხილავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG