ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს "სტრატეგიული მოთმინების" პოლიტიკა


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტარებს შორის დავის საგანი ტერმინები და ტექსტის სიმკვეთრის ხარისხია. ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებს რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმულად მწვავე ლექსიკა გამოიყენოს.

საქართველოს პარლამენტში რეზოლუციის ტექსტზე მსჯელობენ, რითაც რუსული ოკუპაცია უნდა გაპროტესტდეს. პარლამენტარებს შორის დავის საგანი ტერმინები და ტექსტის სიმკვეთრის ხარისხია. ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებს რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმულად მწვავე ლექსიკა გამოიყენოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს: „ვიყენებთ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „საოკუპაციო ზოლი“, რაზეც ადრე იყო კამათი იმის შესახებ, უნდა თქმულიყო თუ არა, ასევე ვახსენებთ გაეროს უშიშროების საბჭოს. მოკლედ, ეს ორი მოთხოვნა და აზრი, რომელიც არსებობდა ოპონენტების მხრიდან, გათვალისწინებულია“.

ვიყენებთ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „საოკუპაციო ზოლი“... ასევე ვახსენებთ გაეროს უშიშროების საბჭოს. მოკლედ, ეს ორი მოთხოვნა და აზრი, რომელიც არსებობდა ოპონენტების მხრიდან, გათვალისწინებულია.
ლევან ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრი

თუმცა შეთანხმება და ოპონენტებს შორის საერთო აზრის გამონახვა არც ისე მარტივია, მით უფრო მაშინ, როდესაც ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები სწორედ ამ ხისტი პოლიტიკის შედეგად მიიჩნევენ 2008 წლის ომს და მის თანმდევ ოკუპაციას.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი რეზოლუციის პროექტი უფრო ასახავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, რადგან იმ პოლიტიკით, რომელიც წარმართა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ, ვხედავთ სადამდე მივედით: რუსეთი ყოველ დღე ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს ქართულ სახელმწიფოს,“ აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი.

პრაღაში მყოფმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ სოფელ ორჭოსანთან „ოკუპაციის ზოლს“ ადგილი არ შეუცვლია:

„ასეთია დღევანდელი ხელისუფლება - ვიღაცას ეს მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, ვიღაცას სისხლი უყივის, გასაგებია, ეს სისხლის ყივილი ვნახეთ მრავალ გზის, შედეგებიც სახეზე გვაქვს, ამიტომ 2016 წლის შემოდგომამდე ასეთია საქართველოს ხელისუფლება. 2016 წლის შემოდგომაზე იქნება ქვეყანაში სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები, სადაც მოსახლეობა მივა ხმის მისაცემად და გადაწყვეტს, უნდა ხელისუფლება, რომელიც სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკით მოქმედებს, რომელიც მიზანმიმართულად მიდის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და არ დაუშვებს, რომ რაიმე პრვოკაციის გამო ამ გზას ავცდეთ, თუ არა“.

ახალგორის რაიონის სოფელი ორჭოსანი და გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ხურვალეთი ერთმანეთს, ფაქტობრივად ესაზღვრება. ორივე სოფლის დანახვა თბილისი-ბათუმის ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთიდან თავისუფლადაა შესაძლებელი. სამიოდე კვირის წინ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღმნიშვნელი ბანერი სწორედ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ახსნეს, რაც წარმოადგენდა საზოგადოების ერთგვარ პროტესტს, ეგრეთწოდებული მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ.

ამერიკის ხმა ხურვალეთის მკვიდრს მარინა თვაურს ესაუბრა, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში ხურვალეთში მიწის სავარგულებზე წვდომა ადგილობრივებმა მართლაც დაკარგეს: „ალბათ 50 ჰექტარი დაიკარგა სოფელ ხურვალეთში, ახლა რომ გადმოწიეს ბანერი, ამის შემდეგ,“ ამბობს ის.

განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის შავშვების მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ მიდელაშვილი, რომლის საგამგებლო ერთეულში ხურვალეთიც შედის. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს, რომ ადგილობრივებს მოსავლის აღება არ ეზღუდებათ.

„არავინ არ ჩანს რუსული მხრიდან მთელი ერთი კვირის განმავლობაში. ამჟამად მიმდინარეობს მოსავლის აღება მშვიდ ვითარებაში. აჟიოტაჟი ვინ ატეხა და რატომ ატეხა, თქვენ ჩემზე უკეთ იცით, ვიღაცეებმა დაიწერეს პოლიტიკური პლუსები“- ამბობს მიდელაშვილი.

მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო რეზოლუციის მიღებაზე საქართველოს პარლამენტი მუშაობს.

XS
SM
MD
LG