ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერის სამხრეთ-ამერიკული ვიზიტები


სათვალთვალო პროგრამების გამჟღავნების შემდეგ ამ ქვეყნებთან შეერთებული შტატების ურთიერთობები საკმაოდ გართულებულია

მას შემდეგ, რაც წამყვან ბრაზილიურ გაზეთში „ო გლობო“ გამოქვეყნდა მამხილებელი ინფორმაცია ამერიკის დაზვერვის სათვალთვალო პროგრამების შესახებ, შეერთებულ შტატებს, ბრაზილიას და კოლუმბიას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ედუარდ სნოუდენის მიერ მედიისთვის გადაცემული მასალები ადასტურებდა, რომ შეერთებული შტატების დაზვერვის ეროვნული სააგენტო კოლუმბიის და ბრაზილიის სატელეფონო და ინტერნეტ-კომუნიკაციასაც ადევნებდა თვალს.

გახმაურებული სკანდალის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სამხრეთ ამერიკის ამ ორ ქვეყანას მიაშურა. ის ჯერ კოლუმბიაში ჩავიდა, შემდეგ კი ბრაზილიაში. სახელმწიფო მდივნის პოსტზე ეს მისი პირველი ვიზიტია სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

ორშაბათს ჯონ კერიმ კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გამართულ შეხვედრებზე განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა კომპლექსური პროცესია და ის ხშირად მოიცავს ბევრ სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიას. ომში დაჭრილებისთვის მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ, კერიმ და კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია ჰოლგუინმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე და ურთიერთგაგებაზე ისაუბრეს, მათ შორის სათვალთვალო პროგრამების საკითხშიც.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ „ეს საკითხი საუბრის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენდა“ და რომ მან შეძლო დაერწმუნებინა კოლუმბიის მხარე, რომ ვაშინგტონში „ამ თემას ხელისუფლების სამივე განშტოებისგან სრული მხარდაჭერა აქვს“.

კოლუმბიელმა კოლეგამაც თავის მხრივ განაცხადა, რომ მან შეერთებული შტატების მხრიდან სრული ინფორმაცია და „აუცილებელი განმარტებები“ მიიღო ლათინურ ქვეყნებში მიმდინარე სატელეფონო და ინტერნეტ-კომუნიკაციის მონიტორინგის შესახებ.

ჯონ კერი სამშაბათს ბრაზილიაში ჩავიდა. ეს ვიზიტი მისთვის უფრო რთული აღმოჩნდა, ვინაიდან მისმა ბრაზილიელმა კოლგამ, ანტონიო პატრიოტამ განაცხადა, რომ ბრაზილიელებმა დაკარგეს ამერიკელთა ნდობა და სათვალთვალო პროგრამების შესახებ შეერთებული შტატების მიერ გაკეთებული განმარტებები მათ არ აკმაყოფილებთ.

მისი განცხადებით, „უნდა შეწყდეს ისეთი ქმედება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს, აუარესებს სახელმწოფოთა შორის ურთიერთობებს და ხელყოფს ინდივიდუალურ თავისუფლებებს, რომელსაც ეს ქვეყნები დიდ პატივს სცემენ“.

კარლ მიჩემი, სამხრეთ-ამერიკული პროგრამების დირექტორი სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრში, აცხადებს, რომ ამგვარი დამოკიდებულება ბრაზილიის, ჩინეთის, რუსეთის, თუ სხვა ქვეყნების მხრიდან, ერთგვარი თვალთმაქცობის ელემენტებს შეიცავს. მისი თქმით, „თითოეული ეს ქვეყანა აგროვებს სადაზვერვო ინფორმაციას, რათა საკუთარი ინტერესები დააწინაუროს და კონკურენტები დაამარცხოს“.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მარი ჰარფი კი აცხადებს, რომ ადმინისტრაცია აგრძელებს დისკუსიას უცხოელ პარტნიორებთან და იმ საკითხებზე მსჯელობას, რომელიც შეერთებული შტატების დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორის, ედუარდ სნოუდენის მიერ გამჟღავნებული ინფორმაციის შემდეგ იქნა წინ წამოწეული. თუმცა, ამ საკითხებმა ამერიკის ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან არ უნა დაჩრდილოს, აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.

„ამან არ უნდა გადაიტანოს ყურადღება ფართო ორმხრივი ურთიერთობისგან, უსაფრთხოების საკითხებში ურთიერთთანამშრომლობა იქნება ეს, თუ სხვა სფერო, რომელიც ჩვენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან გვაკავშირებს“ - აცხადებს მარი ჰარფი, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.

თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ჯონ კერის ვიზიტი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, კერძოდ კი ბრაზილიაში, ამის შესახებ საუბარი ვაშინგტონში ოქტომბრის თვეში გაგრძელდება. ბრაზილიის პრეზიდენტი, დილმა სუსეფი შეერთებულ შტატებს ოფიციალური ვიზიტით შემოდგომაზე ესტუმრება. ეს ერთადერთი უმაღლესი დონის შეხვედრაა, რომელიც ამერიკის დედაქალაქში ამ წლის დასასრულამდე იგეგმება.
XS
SM
MD
LG