ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი სირიის მთავრობას მშვიდობისკენ მოუწოდებს


ამანში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონ კერიმ თეირანი გააკრიტიკა ასადის მხარდაჭერის გამო

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობას უნდა დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება აჯანყებულთა დახმარება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ იორდანიაში ოფიციალური ვიზიტით ყოფნის დროს.
ამანში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონ კერიმ თეირანი გააკრიტიკა ასადის მხარდაჭერის გამო. მისი თქმით, სირიის სამთავრობო ძალებისთვის ირანის მოკავშირე ლიბანური ჰეზბოლას მიერ აღმოჩენილმა დახმარებამ კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია სირიაში:“ აქტიური სამხედრო დახმარება ასადის რეჟიმს რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებაში უწყობს ხელს, რაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ტერორის კამპანიაში გამოიხატება.“
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ჰეზბოლას ათასობით მეომარს ირანი აიარაღებს და თუ ასადის მთავრობა უარს იტყვის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, პრეზიდენტი ობამა სირიის ოპოზიციისთვის უფრო აქტიური დახმარების აღმოჩენას დაიწყებს. მისი თქმით:“ გამორიცხული არაფერია, უბრალოდ ამ დახმარების ხასიათი და მასშტაბი უნდა განისაზღვროს.“
იორდანიაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგიც იმყოფება. მისი თქმით, ასადის რეჟიმი სირიაში სულ უფრო დამოკიდებული ხდება ირანსა და ჰეზბოლაზე:“ სირიის მთავრობას საგარეო დახმარების გარეშე აღარაფრის გაკეთება არ შეუძლია, მთლიანად დამოკიდებულნი გახდნენ უცხოეთზე.“
ჰეიგი და კერი იორდანიაში სხვა უცხოელ დიპლომატებთან ერთად სირიაში გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ მსჯელობდნენ. იორდანიაში სირიის ელჩის ბაჰჯათ სულეიმანის თქმით, უცხოელები სირიელი ხალხის ნაცვლად აკეთებენ განცხადებებს:“ სირიელი ხალხი მხარს არ დაუჭერს ამ მოლაპარაკებას. სირიელებს სერიოზული დიალოგი სურთ უცხოელების ჩარევის გარეშე.“
ელჩის თქმით, სირიის შეიარაღებული ძალები ჰეზბოლას იმედზე ნამდვილად არ არიან:“ ჩვენ მთელი რეგიონის ინტერესებისთვის ვიბრძვით და იქით ვეხმარებით ჰეზბოლას, აქამდე ჩვენი ძალების ერთი მეოთხედიც კი არ გამოგვიყენებია.“
როგორც ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკოსი სტივ ჰეიდემანი ამბობს:“ თუ ამ კონფლიქტის დასრულების გზებს ვერ გამოვნახავთ მთელი არაბული ლევანტის დესტაბილიზაცია მოხდება, რაც დიდ პრობლემებს შექმნის.“
სირიაში ასადის რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი რუსეთია. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით:“ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა დაჯგუფებებმა კონფერენციაში მონაწილეობა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მიიღონ.“
არაბული ლიგის თავმჯდომარის ნაბილ ელ-არაბის განცხადებით, მოწინააღმდეგე მხარეებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკების დაწყება რთული ვითარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG