ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსი აქტივისტის ტრაგედია და კომენტარები ვაშინგტონიდან


ბელარუსი აქტივისტი ვიტალი შიშოვი, რომელიც უკრაინაში იძულებით გადასახლებაში იმყოფებოდა, კიევში, მისი საცხოვრებლის ახლომდებარე პარკში ჩამომხრჩვალი იპოვეს. პოლიციამ გამოძიება მკვლელობის საქმეზე დაიწყო.

პოლიციამ თქვა, რომ განიხილავენ თვითმკვლელობის შესაძლებლობას ან მკვლელობას, რომელიც ისე მოახდინეს, რომ თვითმკვლელობას დამსგავსებოდა.

თვითმკვლელობის ვერსია ნაკლებად დამაჯერებელია ბელარუსში აშშ-ს ყოფილ ელჩ კენეტ იალოვიცისთვის, რომელსაც “ამერიკის ხმა” ესაუბრა.

“ალბათ 1 პროცენტია იმის შანსი, რომ ეს თვითმკვლელობაა”, თქვა იალოვიცმა. მისი აზრით, 99 პროცენტით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს სიკვდილით დასჯა იყო.

კენეტ იალოვიცმა თქვა: “როდესაც ბელარუსში ელჩი ვიყავი, უკვე იყო იმის მაგალითები, რომ ლუკაშენკოსადმი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ფიზიკურად გაანადგურეს, ისინი გაუჩინარდნენ და უკვე 20 წელია აღარავის უნახავს. უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი მოკლეს.”

ყოფილმა ელჩმა თქვა, რომ ახლა რაც მოხდა, ლუკაშენკოს მხრიდან არ არის უბრალოდ იმ ტაქტიკაზე დაბრუნება, როდესაც ადამიანებს სიკვდილით სჯიდა. ეს იმის გაგრძელებაა, რაც ბელარუსში მომხდარი საპროტესტო გამოსვლების ჩასახშობად კეთდებოდა, იმ ძალადობის, დაპატიმრებების, წამების, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული.

იალოვიცის აზრით, როდესაც ლუკაშენკომ იგრძნო, რომ ქუჩის მასობრივი დემონსტრაციების შემცირების საქმეში გამარჯვებას აღწევდა, ოპოზიციის ლიდერების მოშორებაზე გადაერთო. ამის მაგალითი იყო “რაინეარის” თვითმფრინავის ინციდენტი, საჰაერო მეკობრეობა, რომელიც სოციალურ მედიაში აქტიური ერთ-ერთი ლიდერის დასაკავებლად იყო განზრახული.

კენეტ იალოვიცმა თქვა: “ვფიქრობ, ახლა რაც ხდება ისე გამოიყურება, რომ ის ბატონი პუტინის ტაქტიკის ასლის გადაღებასაც ახდენს და თავის მტრებს საზღვარგარეთაც დევნის. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ გრძნობს, ამისთვის პასუხს არავინ აგებინებს, ისევე როგორც ეს პუტინს შერჩა. შესაძლოა იყოს მეტი სანქციები და სავარაუდოდ შეერთებული შტატების მხრიდან ეს იქნება, თუმცა ვფიქრობ ის გრძნობს, რომ სანქციებს გაუძლებს, მაგრამ მისთვის პირველადი, პირდაპირი საფრთხე ოპოზიციის ლიდერებისგან მომდინარეობს.”

ყოფილი ელჩი ფიქრობს, ეს ინციდენტი ლუკაშენკოს მხრიდან საზღვარგარეთ, მეტწილად ლიტვაში მყოფი ოპოზიციონერების გაფრთხილებაა, რომ ისინი უსაფრთხოდ არ არიან. ეს კი პუტინის მეთოდების მსგავსია, რომლის ძალებიც მოწინააღმდეგეებს საზღვარგარეთაც უსწორდებიან. იალოვიცის აზრით, ეს არის რეჟიმი, რომელიც თავის ბოლო სტადიაშია. სისასტიკით და უშიშროების ძალების კონტროლით მას ხელისუფლების შენარჩუნება ჯერ კიდევ შეუძლია, თუმცა ეს ლუკაშენკოს სისუსტეზე მიუთითებს.

“პუტინის მსგავსად, რომელსაც მომავალი არჩევნების ძალიან ეშინია და საკუთარი პოპულარობის კლებითაა შეშფოთებული, ლუკაშენკომ... ორივე ამ ადამიანმა მხოლოდ ერთი რამ იცის როდესაც საფრთხეს გრძნობს, ეს ძალის გამოყენებაა. სწორედ ესაა რაც დავინახეთ. შეძრწუნებული და თავზარდაცემული ვარ დღევანდელი ამბით, მაგრამ ეს სრული სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან მთლიან კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, ეს ზოგადად იმ ხელწერის ნაწილია, რომლითაც ლუკაშენკოს მოქმედება ხასიათდება. ძირითადი მეთოდი, რომელსაც ის იყენებს, დაშინებაა,” თქვა იალოვიცმა.

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დევიდ კრამერმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ იმედი აქვს უკრაინელი სამართალდამცავები ამ საშინელ ტრაგედიას ბოლომდე გამოიძიებენ, თუმცა გამოძიების გარეშეც ეს ინციდენტი იმის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ ლუკაშენკოს რეჟიმი რამდენად საშიშია.

“აღშფოთების გამომხატველი განცხადებები მას ვერ გააცოცხლებს, ვერ შეატრიალებს იმ ზიანს, რომელიც ლუკაშენკომ გამოიწვია. ძალიან მალე შეერთებულ შტატებს ახალი სანქციების გამოცხადება მართებს ”, თქვა კრამერმა.

მან განაცხადა, რომ ბელარუსის დემოკრატიული მოძრაობისადმი შეერთებული შტატების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ლუკაშენკო ხელისუფლებას შეინარჩუნებს, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ლუკაშენკოს ხელისუფლების დატოვება მოუხდეს და ბელარუსმა ხალხმა საკუთარი ლიდერი თავისუფლად აირჩიოს.

“სათანადო შეფასების გარეშე არ უნდა დატოვონ ლუკაშენკოს ბანდიტების, ხულიგნების და მკვლელების შესაძლებლობები, ადამიანების დევნა ბელარუსის საზღვრებს მიღმაც მოახდინონ. ქვეყნის შიგნით საზარელი ვითარებაა, სადაც ცემა და წამება ხდება, მაგრამ ახლა იმის დემონსტრირებასაც ახდენს, რომ შეუძლია მოგწვდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბელარუსის საზღვრებს გარეთ ხარ, თან ფიქრობს რომ ამისთვის პასუხს არ აგებს. ახლა დასავლეთს და საერთაშორისო საზოგადოებას მართებს დაამტკიცოს, რომ ლუკაშენკო ამაში ცდება”, თქვა კრამერმა

ვიტალი შიშოვის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია, ბელარუსის ახალი ამბების ოფიციალურმა სააგენტო “ბელტამ” გაავრცელა, მაგრამ მინსკის ხელისუფლებას სხვა კომენტარი არ გაუკეთებია. ლუკაშენკოს პრეს-მდივანთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

შიშოვი ჯგუფ “უკრაინაში ბელარუსულ სახლს” ხელმძღვანელობდა, რომელიც უკრაინაში მყოფ ბელარუსებს საცხოვრებლის, სამსახურის და იურიდიული კონსულტაციის მიღებაში ეხმარება.

XS
SM
MD
LG