ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი ვაშინგტონში მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობს


ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია ვაშინგტონისგან მხარდაჭერის გაძლიერებას ელის. ციხანოუსკაია ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია და ქვეყნის დემოკრატიული ოპოზიციისა და უფლებადამცველების, აქტივისტების მიმართ აშშ-ის პოლიტიკური წრეების დახმარების განმტკიცებას ცდილობს.

"მე მოვუწოდებ ამერიკას, იყოს ჩვენს გვერდით", - უთხრა მან "ამერიკის ხმას". "ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც რეჟიმი ბელარუსში ყველაფერ ანადგურებს, ანადგურებს მასმედიას, ყველა ორგანიზაციას, უკიდურესად მნიშვნელოვანია ყველა ამ ადამიანის მხარდაჭერა", - ამბობს ის.

ვიზიტის დასაწყისში ციხანოუსკაია მხარდამჭერებს შეხვდა. მას შეხვედრები აქვს დაგეგმილი სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, კონგრესის წარმომადგენლებთან და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენროს ადმინისტრატორთან, სამანტა პაუერთან.

"მინდა, რომ ბელარუსი ამერიკის დღის წესრიგში დარჩეს. ჩემი მთავარი მიზანი ბელარუსის, ქვეყანაში არსებული სიტუაციის და რეჟიმის მხრიდან გამწვავებული ძალადობის შესახებ საუბარია", - ამბობს ის.

ციხანოუსკაია იძულებული იყო ბელარუსი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქუჩაში გამოსულ მოსახლეობას ლუკაშენკოს რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა. რეპრესიები გრძელდება, არჩევნების შედეგებს კი დასავლეთის სახელმწიფოები ლეგიტიმურად არ აღიარებენ.

ციხანოუსკაიას თქმით, ბელარუსისთვის ერთ-ერთი კრიტიკულად უმნიშვნელოვანესი საკითხი 500-მდე პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებაა. მათ შორის ერთ-ერთია მისი მეუღლე - სერჰეი ციხანოუსკი.

"პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების ერთადერთი გზა პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის განხორციელებაა ბელარუსის ხელისუფლებაზე და დარწმუნებული ვარ ეს მალე მოხდება", - ამბობს ოპოზიციის ლიდერი.

ციხანოუსკის ვიზიტი უყურადღებოდ არ დარჩება მოსკოვშიც. ანალიტიკოსების აზრით, ვლადიმირ პუტინს სულაც არ სურს რუსეთის საზღვრებთან დემოკრატიის გაძლიერება, ამასთან კრემლს მეზობელზე გავლენის შენარჩუნებაც უნდა.

"მას სულაც არ სურს მისი გავლენის სფეროდ მიჩნეულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი ავტოკრატის დაცემა, და არც ის სურს, რომ რუსეთის საზღვრებთან დემოკრატიები გაძლიერდეს", - ამბობს ჯონათან კაცი, "გერმანიის მარშალის ფონდოს" წარმომადგენელი.

თუმცა ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს ურთიერთობა არც ისე მტკიცეა და ეს დასავლეთშიც იციან. ამერიკელი სენატორი ბენ კარდინი ამბობს, რომ ლუკაშენკომ თავისი ქმედებებისთვის "მაღალი ფასი" უნდა გადაიხადოს. ეს კი სანქციების გამკაცრებასა და გაძლიერებას გულისხმობს.

ბელარუსის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკას, ევროკავშირსა და სხვა არაერთ სახელმწიფოს უკვე აქვს დაწესებული სანქციები. თუმცა რეჟიმი რეპრესიებსა და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სასტიკ მოპყრობას განაგრძობს, გასულ კვირას კვლავ არაერთი ჟურნალისტი და აქტივისტი დააკავეს.

"ვფიქრობ, რეჟიმი პოლიტიკურ პატიმრებს მაშინ გაათავისუფლებს, როდესაც პოლიტიკურ და ეკონომიკურ წნეხს იგრძნობს. ბევრი თვისა და წლის განმავლობაში ჩვენ ვცადეთ რეჟიმთან დაპირისპირება დიპლომატიური გზებით, სხვადასხვა ორგანიზაციისა და მსოფლიო სოლიდარობის მეშვეობით, მაგრამ რეჟიმს არ სურს მოსმენა. ერთადერთი გზა, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ ეკონომიკური და პოლიტიკური წნეხია", - განმარტავს ციხანოუსკაია "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG