ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას "ჰუმან რაითს ვოჩის" დირექტორი აფასებს


მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას "ჰუმან რაითს ვოჩის" დირექტორი აფასებს

კენეთ როტი ფიქრობს, რომ საზოგადოების ზეწოლა მთავრობებზე ხშირად კონკრეტულ შედეგს აღწევს.

ორშაბათს საერთაშორისო არასამთავრობო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ჰიუმან რაითს ვოჩმა“ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მორიგი ყოველწლიური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ამასთან დაკავშირებით ამერიკის ხმის კორესპონდენტმა კეით ვუდსომმა „ჰიუმან რაითს ვოჩის“ აღმასრულებელ დირექტორს ბატონ კენეთ როტს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა.

ინტერვიუს დასაწყისში კენეთ როტმა „ჰიუმან რაითს ვოჩის“ მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში მოყვანილი დასკვნები განიხილა. კერძოდ როტმა აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მსოფლიოს ავტორიტარული მთავრობები ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კრიტიკისა და ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით საკმაოდ მოხერხებულ მეთოდს მიმართავენ. უფლებადამრღვევი მთავრობები აცხადებენ, რომ მათ ადამიანის უფლებების დაცვა საერთაშორისო თანამეგობრობასთან კერძო დიალოგისა და თანამშრომლობის მეოხებით აინტერესებთ. ამასთან დაკავშირებით კენეთ როტმა აღნიშნა:

„პრინციპში, ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული დიალოგის წარმართვასა და თანამშრომლობაში მიუღებელს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ეს არიან ის მთავრობები, რომელთა უმრავლესობას ადამიანის უფლებების დაცვა არც აქვს განზრახული. მათ უბრალოდ სურთ, რომ მათზე ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული ზეწოლა შემცირდეს და ადამიანის უფლებების სფეროში მათ შესახებ არსებული უარყოფითი მონაცემები დადებითად შეიცვალოს. ამ მხრივ შემაშფოთებელი ტენდენცია გამოიკვეთა რადგან ადამიანის უფლებების ტრადიციული დამცველები, მათ შორის დასავლეთის გავლენიანი სახელწმიფოების მთავრობები და გაერო, ავტორიტარული სახელმწიფოების ნახსენებ რიტორიკულ ილეთს უჯერებენ. შედეგად დასავლურ მთავრობებსა და გაეროში სულ უფრო ხშირად გაისმის მოსაზრება, რომ საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში კერძო დიალოგისა და თანამშრომლობის ფარგლებში უნდა განვითარდეს. ამ კონტექსტში ევროკავშირი ყველაზე უარესი დამრღვევი აღმოჩნდა რადგან ის ამგვარ განმარტებებს საკმაოდ ხშირად იყენებს.“

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ევროკავშირი ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებებს აკეთებს, როცა ლაპარაკია ევროკავშირის ადამიანის უფლებების პოლიტიკაზე ისეთი უაღრესად რეპრესიული სახელმწიფოების მიმართ როგორიც არის უზბეკეთი ან ჩინეთი, ევროკავშირის წარმომადგენლები უბრალოდ აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი ამ ქვეყნებთან სამთავრობო დიალოგს მართავს. კენეთ როტს მიაჩნია, რომ ამგვარი დიალოგი, როგორც წესი, იმაში გამოიხატება, რომ საშუალო დონის დიპლომატი ამა თუ იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ესტუმრება, სადაც დახურულ კარს მიღმა და ყოველგვარი საზოგადოებრივი განხილვისა და პრესის გაშუქების გარეშე მხარეები ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ, რის შემდეგაც დასავლელი დიპლომატი უკან ბრუნდება და აცხადებს, რომ თითქოს დიალოგმა ამ სფეროში გარკვეული შედეგები გამოიღო.

„უფლებადამრღვევ მთავრობებს ეს ძალიან მოსწონთ რადგან ამ მეთოდის გამოყენებით ისინი სერიოზულ ზეწოლას გვერდს უვლიან, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ დასავლეთის ქვეყნების მთავრობები ამ ხერხს სიამოვნებით იყენებენ რადგან მათ შემდგომში საკუთარ მოსახლეობას შეუძლიან განუცხადონ, რომ მათ ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკა გააჩნიათ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პოლიტიკა არსობრივად არაეფექტურია. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ სახეზეა ისეთი ადამიანის უფლებების პოლიტიკა, რომელიც სხვა ინტერესების წარმართვას არ შეაფერხებს. ასე მაგალითად მათ კვლავინდებურად შეეძლებათ უზბეკეთის ბუნებრივი აირის შეძენა ან ჩინეთის სამომხმარებლო საქონლის ბაზარზე შეღწევა. ისინი რეპრესიულ მთავრობასთან ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებენ და იმავდროულად ქმნიან შთაბეჭდილებას თითქოს მათ ადამიანის უფლებების საკითხი აინტერესბთ, რასაც სინამდვილეში არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება,“ აღნიშნა „ჰიუმან რაითს ვოჩის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

კენეთ როტის აზრით საზოგადოების ზეწოლა მთავრობებზე ხშირად კონკრეტულ შედეგებს აღწევს. მაგალითად როტმა ტუნისში ამ ბოლო დროს მომხდარი მოვლენები მოიყვანა. როტმა აღნიშნა, რომ ვებ გვერდ „ვიკილიქსზე“ გამოქვეყნებულმა გასაიდუმლოებულმა მასალებმა ტუნისში მომხდარ ჟასმინის რევოლუციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რადგან დოკუმენტებმა დაანახა ტუნისის მოსახლეობას ის, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ქვეყნის პრეზიდენტს ზინე ელ აბიდინ ბენ ალის აფასებდა როგორც კორუმპირებულ და ავტორიტარულ დიქტატორს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის გახლავთ, რომ დოკუმენტების გამოქვეყნებამ გამოაშკარავა ის, რომ შეერთებული შტატები ტუნისელ ხალხს ემხრობოდა და არა მის მჩაგვრელს.

„გარკვეული თვალსაზრისით დასავლეთის გავლენიანმა სახელმწიფოებმა ამ ბოლო ხანებში თვითდაჯერებულობის კრიზისი განიცადეს. ეს გარემოება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის მსოფლიოში ძალაუფლების გადანაწილებასა და ჩინეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში სხვა სახელმწიფოების აღმავლობას. აგრეთვე ეკონომიკურ კრიზისს დავასახელებდი რადგან მთავრობების ყურადღება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზეა გადატანილი. კიდევ ერთ ფაქტორს ანტი-ტერორისტული საქმიანობის სახელით ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევები წარმოადგენს რის გამოც დასავლეთი გრძნობს, რომ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მას სათქმელი ნაკლები აქვს. ამ ფაქტორების ერთობლიობის გამო დასავლეთის წამყვანი ქვეყნები ნაკლებად დაჯერებულად გრძნობენ თავს როცა ისინი საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარ და უნივერსალურ ფასეულობებს ავრცელებენ,“ დასძინა კენეთ როტმა.

XS
SM
MD
LG