ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

58 წელი კენედის მკვლელობიდან


„[ინფორმაცია] დალასიდან, ტეხასის შტატიდან, როგორც ჩანს ოფიციალური. პრეზიდენტი კენედი, ცენტრალური სტანდარტული დროით შუა დღის პირველ საათზე გარდაიცვალა. აღმოსავლეთის სტანდარტული დროით, შუა დღის ორ საათზე - დაახლოებით 38 წუთის წინ“ - 1963 წლის 22 ნოემბერს, ტელეკომპანია „CBS“-ის პირდაპირი ეთერით, ლეგენდალურმა ტელეწამყვანმა ამერიკელებს პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ აცნობა.

ტელეწამყვანი უოლტერ კრონკაიტი, წლების განმავლობაში, „ამერიკაში ყველაზე სანდო ადამიანად“ მიიჩნეოდა. პრეზიდენტის მკვლელობა იქცა ამბად, რომელმაც გარკვეულწილად შეცვალა ახალი ამბების გაცნობის ამერიკული კულტურა. შეცვალა საიდუმლო სამსახურის მუშაობის სპეციფიკა. პრეზიდენტ კენედის მემკვიდრეობა კი, რამდენიმე განსაკუთრებული მოვლენის გათვალისწინებით, იდეებისთვის ბრძოლის ამერიკული გამოცდილების ჯერ კიდევ ცოცხალი ისტორიაა.

1961 - თეთრი სახლის ახალი სული

„ნუ იკითხავთ, რისი გაკეთება შეუძლია თქვნთვის თქვენს ქვეყანას. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ქვეყნისთვის“ - 1961 წლის 20 იანვარს, 43 წლის ასაკში, ჯონ ფიცჯერალდ კენედიმ საინაუგურაციო სიტყვა წარმოსთქვა და ამერიკის 35-ე პრეზიდენტი გახდა.

პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, ჟაკლინ კენედიმ, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, თეთრი სახლის სრულიად ახალი სიცოცხლე შექმნა - როგორც ვიზუალურად, ასევე კონცეფტუალური თვალსაზრისით. კენედებს სწამდათ, რომ თეთრი სახლი ამერიკის ისტორიის, კულტურის, მიღწევების ანარეკლი უნდა ყოფილიყო. ეს იყო სტილის უნიკალური აღქმა, რომლის მსგავსიც ვაშინგტონს იქამდე არ ენახა.

სისხლიანი პალტო - 22 ნოემბერი, 1963 წელი

პრეზიდენტის არასრულ მეათასე დღეს, პრეზიდენტი კენედი, პირველი ლედის თანხლებით ტეხასში, ქალაქ დალასში გაემგზავრა. დაგეგმილი იყო საჯარო სიტყვით გამოსვლა. მოქალაქეები, ქვეყნის ყველაზე ქარიზმატულ საპრეზიდენტო წყვილს ქუჩაში ესალმებოდნენ. პრეზიდენტის და პირველი ლედის ღია ლიმუზინი, დალასის ქუჩებში ნელი სვლით გადაადგილდებოდა. სნაიპერის გასროლამ, სამოქალაქო ზეიმად ქცეული ვიზიტი, ეროვნულ გლოვად აქცია. პრეზიდენტი კენედი დაჭრეს და სულ მალე გარდაიცვალა. მის გვერდით მჯდომი პირველი ლედი თავის გადარჩენას ცდილობს. რამდენმე საათში გადაღებულ ფოტოზე, რომელიც საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზეა გადაღებული და ვიცე-პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის საპრეზიდენტო ფიცის დადებას ასახავს, ჟაკლინ კენედი მის გვერდით ჯერ კიდევ სისხლიანი პალტოთი დგას.

პრეზიდენტ კენედის მკვლელობიდან რამდენიმე საათში, ვიცე-პრეზიდენტი ჯონსინი თვითმფრინავის ბორტზე ფიცს დებს.
პრეზიდენტ კენედის მკვლელობიდან რამდენიმე საათში, ვიცე-პრეზიდენტი ჯონსინი თვითმფრინავის ბორტზე ფიცს დებს.

ეს არის ფოტო, რომელიც ამერიკის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ წუთებს, მთელი დრამატულობით ასახავს. ამასთან ერთად, ის სრული სიცხადით ასახავს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მმართველობის უწყვეტობას.

პრეზიდენტის მკვლელობისთვის დაკავებული ლი ჰარვი ოსვალდი, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი, კენედის მკვლლობიდან ორ დღეში, ტელეკამერების თვალწინ ჯეკ რუბიმ მოკლა.

შეთქმულების დაუსრულებელი თეორიები

რატომ მოკლა ყოფილმა საზღვაო ქვეითმა კენედი - ნათელი მოტივის ცოდნა შეუძლებელია, რაც კონსპირაციებისთვის უსასრულო სივრცეს ტოვებს.

ყოფილი საზღვაო ქვეითი 1959 წელს შეერთებულ შტატებს ტოვებს და საცხოვრებლად საბჭოთა კავშირში გადადის. უკან მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, 1962 წელს ბრუნდება.

არსებობს მოსაზრებები, რომ ოსვალდი მხოლოდ დავალებას ასრულებდა. შეთქმულების თეორიების მიხედვით, კენედის მკვლელობის დამკვეთად ყველაზე ხშირად განიხილავენ - მაფიას, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს (KGB), ფიდელ კასტროს და ვიცე-პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონსაც კი. წლების განმავლობაში, შეთქმულების თეორიათა დიდი ნაწილი გაქარწყლდა, თუმცა შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრეზიდენტის მკვლელობის საქმე კვლავ ბურუსით მოსილი რჩება.

საიდუმლო სამსახურის ტრანსფორმაცია

შეერთებული შტატების თითოეულ პრეზიდენტს და მის ოჯახს საიდუმლო სამსახური იცავს. კენედის მკვლელობამ, ასევე მოგვიანებით, პრეზიდენტების ჯერალდ ფორდისა და რონალდ რეიგანის მკვლელობის მცდელობებმა, საიდუმლო სამსახურის მუშაობის სტილი მნიშვნელოვნად შეცვალა.

1963 წლის 22 ნოემბერს, საიდუმლო სამსახურის აგენტი კლინთ ჰილი, გასროლაზე საპასუხოდ საუკეთესო პოზიციაზე იდგა.

„უდავოა, რომ ჩვენ პრეზიდენტ კენედის დაცვაში მარცხი განვიცადეთ“ - ამბობს 2013 წელს, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას საიდუმლო სამსახურის ყოფილი აგენტი.

ინაუგურაცია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:11:52 0:00

საიდუმლო სამსახურის კიდევ ერთი აგენტი, ჯერალდ ბლეინი, პრეზიდენტის მკვლელობის დროს, სამსახურის მუშაობის არასწორ გამოცდილებაზე საუბრობს.

„1963 წელს, ჩვენ სულ 330 აგენტი გვყავდა. ამათგან 34 აგენტი, უშუალოდ თეთრი სახლის საკითხებზე მუშაობდა. ჩვენ არ გვქონდა ერთმანეთთან რადიოკონტაქტი და ხელის მოქმედებით ვოპერირებდით. ჩვენ გვქონდა პირების ფოტოები, რომლებიც შეშფოთების მიზეზი იყვნენ, მაგრამ მათი სახეები უბრალოდ უნდა დაგვემახსოვრებინა. გუნდურად მუშაობისას ჩვენ გვიწევდა მხოლოდ ერთმანეთს დავყრდნობოდით“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ბლეინი.

თავდასხმისას, საიდუმლო სამსახურის აგენტები, საპრეზიდენტო ესკორტთან ერთად ღიად გადაადგილდებოდა.

კლინთ ჰილიმ, პრეზიდენტზე განხორციელებული მომაკვდინებელი თავდასხმის შემდეგ, საიდუმლო სამსახურში მუშაობა განაგრძო. ის დაწინაურდა და დირექტორის თანაშემწე გახდა. ამიტომ, ჰილი სამსახურში განხორციელებული ცვლილებების თვითმხილველი და მონაწილე იყო.

არანაირი მოგზაურობა ღია ავტომობილით, მეტი აგენტი, მეტი დაფინანსება და უკეთესი კომუნიკაცია - ეს იყო სამსახურის მუშაობის სპეციფიკაში პირველი ცვლილებები.

თუმცა, როგორც ჩანს ცვლილებები საკმარისი არ აღმოჩნდა. გაზრდილი უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის მკვლელობა თავდამსხელებმა ორჯერ სცადეს.

1981 წელს კი, ვაშინგტონში პრეზიდენტ რეიგანს ესროლეს. ამ მოვლენებმა, საიდუმლო სამსახურის მუშაობის სპეციფიკა კიდევ უფრო დახვეწა, უსაფრთხოების ზომები კი გამკაცრდა.

„ამის შემდეგ, თითოეული ადამიანი, ვინც პრეზიდენტს უახლოვდება, მეტალო-დეტექტორით შემოწმებას გადის“ - იხსენებდა საიდუმლო სამსახურის ყოფილი აგენტი, ტიმ მაკკარტი, რომელიც პრეზიდენტ რეიგანზე თავდასხმისას დაიჭრა.

სატელევიზიო ახალი ამბების მიმზიდველი მრავალსახეობა

პრეზიდენტის მკვლელობის ადგილიდან, რადიომსმენელი მალევე პირდაპირ ეთერში ისმენდა მომხდარის დეტალებს. შემთხვევიდან 38 წუთში, ტელეკომპანია „CBS“-ის ეთერით, ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული ტელეწამყვანი, უილტერ კრონკაიტი უკვე გადასცემდა შემაძრწუნებელ ახალ ამბავს.

მაგრამ, ახალი ამბების გაცნობის ამერიკული კულტურა, ბეჭდურ მედიასთან იყო გადაჯაჭვული. ახალი ამბების მიღების ყველაზე პოპულარულ წყაროდ, ჯერ კიდევ გაზეთები, ყოველდღიური გამოცემები იყო, იმდენად, რომ ტელე და რადიოეთერით მიღებული ინფორმაცია, გარკვეულწილად უნდობლობას იწვევდა.

„მათ მომხდარი უბრალოდ არ დაიჯერეს, ვიდრე ეს გაზეთში არ დაიბეჭდა. თუმცა, იმ დღემ ტელევიზია აქცია საშუალებად, რომლიც ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა“ - იხსენებს „Fort Worth Star-Telegram“-ის ყოფილი რეპორტიორი ბობ შიფერი, „ამერიკის ხმისთვის“, 2013 წელს მიცემულ ინტერვიუში.

მაგრამ, როგორ აშუქებდა იმდროინდელი ტელევიზია პრეზიდენტის მკვლელობის მოვლენებს? მედიამკვლევრები ამბობენ, რომ ეს იყო ფაქტების, სპეკულაციებისა და გაუფილტრავი დრამის ნაზავი. მილიონობით ადამიანმა, სატელევიზიო პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ მოკლეს პრეზიდენტის მკვლელობაში ბრალდებული ჰარვი ოსვალდი.

მკვლევრები ამბობენ, რომ ტელემაუწყებლების მიერ, პრეზიდენტის მკვლელობის გაშუქების ანალიზმა აჩვენა, თუ რა სააფრთხეებს წარმოადგენდა ახალი ამბებით დაინტერესბული საზოგადოების სწრაფი დაკმაყოფილების სურვილი მაშინ, როცა ინფორმაციის გადამოწმების სწრაფი საშუალებები და შესაძლებლობა მწირი იყო.

პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ამერიკელმა მაყურებელმა მიმდინარე მოვლენა პროცესში იხილა, მას შემდეგ კი ინფორმაციის სწრაფად მიღების სურვილი სულ უფრო გაიზარდა. „გარკვეულწილად, ეს ჟუნრალისტიკის დამაჯერებლობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა“ - იხსენებდა ბობ შიფერი.

კენედის მემკვიდრეობა

სამოქალაქო უფლებები იყო საკითხი, რომელიც კენედის წინაშე, მთელი სიმწვავით იდგა. მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, პრეზიდენტმა კონგრესს მიმართა და მოქმედებისკენ მოუწოდა. რასობრივი ნიშნით სეგრეგაციის საკითხი, ამერიკისთვის დაუძლეველ პრობლემად რჩებოდა. მუხედავად იმისა, რომ 1954 წელს მიღებული დადგენილებით, შეერთებულმა შტატებმა საჯარო სკოლებში სგერეგაცია აკრძალა, ბევრი სკოლა, განსაკუთრებით სამხრეთ შტატებში, მიღებული კანონის აღსრულებაზე უარს ამბობდა. ამ ფონზე, კვლავ რჩებოდა რასობრივი სეგრეგაცია ავტობუსებში, რესტორნებში, კინოთეატრებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.

ქვეყანა და თავად ვაშინგტონი, სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლთა მოძრაობამ მოიცვა, რომელსაც სათავეში მარტინ ლუთერ კინგი ედგა. უფლებადამცველთა ბევრი ლიდერი არ ფიქრობდა, რომ პრეზიდენტი კენედი მათ მოძრაობას მხარს უჭერდა.

თუმცა, 1963 წლის 11 ივნისს, მან მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, კონგრესს ადამიანის უფლებებისთვის მოქმედებისკენ მოუწოდა, სატელევიზო მიმართვისას კი, ამერიკელებს რასიზმის დასრულება სთხოვა.

„ასი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ლინკოლნმა მონები გაათავისუფლა. მაგრამ, მათი შთამომავლები, შვილიშვილები, ჯერ კიდევ არ არიან სრულად თავისუფალი. ეს ერი, მრავალი ერის და წარმომავლობის ადამიანთა მიერ დაფუძნდა პრინციპით, რომ ყველა ადამიანი თანასწორადაა შექმნილი“ - კენედიმ სატელევიზო მიმართვისას ნათლად თქვა, რომ თითოეული ამერიკელი თანასწორია, განურჩევლად რასისა და კანის ფერისა.

„ჩვენ წინაშე მორალური საკითხი დგას. ის ისეთივე ძველია, როგორც წმინდა წერილი და იმდენადვე ნათელი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია. კითხვის მთავარი არსია, ექნება თუ არა თითოეულ ამერიკელს თანაბარი უფლებები და თანაბარი შესაძლებლობები“ - თქვა პრეზიდენტმა კონგრესისადმი მიმართვისას.

ადამიანის უფლებების მდგომარეობა, პრეზიდენტის წინაშე არსებულ საშინაო პრობლემათაგან ერთ-ერთი იყო.

თუმცა, იყო საგარეო პრობლემები, რომლებიც მის პრეზიდენტობას კიდევ უფრო ართულებდა. მათ შორის იყო, სრულიად რეალურად შესაძლებელი ატომური ომი საბჭოთა კავშირთან. მოვლენები არაერთხელ მიუახლოვდა განვითარების წერტილს, რაც შეიძლება ბირთვული ომით დასრულებულიყო. მაგალითად, 1962 წელს, კუბის კრიზისის დროს.

„გავიდა წლები და სხვა პრეზიდენტებმა, შეერთებული შტატების ისტორიაში საკუთარი ქვეთავები დაწერეს. კენედის ხანმოკლე პრეზიდენტობა, ხალხის მეხსიერებაში მისი ლიდერობით, პიროვნული თვისებებითა და მიღწევებით რჩება. ბევრი ამერიკელი პატივს სცემს მის სიმშვიდეს, რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებების დროს. ყველა ლიდერის მსგავსად, ჯონ კენედიმაც დაუშვა შეცდომები, მაგრამ მომავლის მიმართ ყოველთვის ოპტიმიზმით იყო განწყობილი. მას სწამდა, რომ ადამიანებს შეეძლოთ საერთო პრობლემები გადაეჭრათ, თუ ქვეყნის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებდნენ და ამისთვის ერთად იმუშავებდნენ“ - წერია კენედის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.

ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობიდან, 22 ნოემბერს 58 წელი გავიდა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG