ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანდრი კასიანოვი: თქვენ და ჩვენ საერთო მტერი გვყავს


ორბელიანების სასახლეში უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს "პრინციპული, უდრეკი პოზიციის გამო" და თქვა, რომ უკრაინა მადლიერია ქართველების მხარდაჭერისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც ომის დროს მიიღეს.

კასიანოვმა სიტყვით გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უკრაინას და საქართველოს საერთო მტერი ჰყავს, უკრაინის გამარჯვება კი გლობალური მნიშვნელობის მატარებელია ამ ომში.

"უკრაინის ხალხი არის გაერთიანებული. დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ არა მხოლოდ ევროპის, მთელი მსოფლიოს მომავალი დგას უკრაინის გამარჯვებაზე. თქვენ და ჩვენ საერთო მტერი გვყვავს, ორივეს ოკუპანტი ქვეყანა რუსეთია, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენს ქვეყნებს. ეს არის ის, რის გამოც ჩვენი ქვეყნები ყველა საერთაშორისო პლატორმაზე იღებენ საერთო პოზიციას, რათა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინონ. უკრაინელი ჯარისკაცები დგანან ქართველი ძმების მხარდამხარ და აქტიურად იცავენ ქვეყანას და ცდილობენ გაანადგურონ ოკუპანტები" - თქვა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიას, ბიზნესს და კერძო ინიციატივებს გასული ერთი წლის განმავლობაში უკრაინის მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების გამო და ცალკე გამოჰყო ქართველი მასწავლებლის, ლადო აფხაზავას ძალისხმევა, რომელმაც ათასობით ლარის შეგროვება შეძლო უკრაინისთვის.

"ყველა უკრაინული დროშა, რომელიც აღმართულია საქართველოს დროშის გვერდით, არის დასტური იმ სოლიდარობისა, რაც ქართველს ხალხს აქვს და რაც გვაერთიანებს პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ" - თქვა ანდრი კასიანოვმა ომის წლისთავზე.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე საქართველოს მთავრობამ საჭიროდ არ ჩათვალა ოფიციალური დელეგაციით ყოფილიყო წარმოდგენილი კიევში. ომის წლისთავთან დაკავშირებით მოქალაქეები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან უკრაინის მხარდამჭერ აქციას გეგმავენ.

დღეს ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

XS
SM
MD
LG