შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ გადაწყვიტა გაეუქმებინა ტეხასში მიღებული, აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონის, შეზღუდვების უმეტესი ნაწილი. გადაწყვეტილება, რომელიც ფედერალურმა მოსამართლემ რობერტ პიტმანმა ოთხშაბათს გამოიტანა, სავარაუდოდ, გასაჩივრდება.
ტეხასი ამერიკაში რიგით მეორე ყველაზე დასახლებული შტატია. იქ აბორტების გარკვეულ პირობებში აკრძალვის თაობაზე კანონი ძალაში პირველ სექტემბერს შევიდა. კანონპროექტს ხელი რესპუბლიკელმა გუბერნატორმა გრეგ აბოტმა გაცილებით ადრე, მაისში მოაწერა.
ტეხასის ახალი კანონით დაწესებული შეზღუდვების ერთი ნაწილით, იკრძალება ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა მას შემდეგ, რაც ნაყოფის გულისცემის დაფიქსირება შესაძლებელია. ეს კი ორსულობის დაწყებიდან დაახლოებით 6 კვირაში ხდება, როცა ბევრმა ქალმა არც კი იცის, რომ ორსულადაა. კანონის დარღვევისთვის ჯარიმა 10 000 დოლარით განისაზღვრება.
აღნიშნული კანონის დამტკიცებას, ქალთა უფლებების დამცველთა მხრიდან მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ტეხასის შტატის კანონი შეერთებული შტატების კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ ეს არის შეტევა ქალების კონსტიტუციურ უფლებაზე, რომელიც მათ ორსულობის ადრეულ ეტაპზე აბორტის გაკეთების უფლებას აძლევს.
Facebook Forum