ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტებმა შსს-სთან აქცია გამართეს


ჟურნლისტების აქცია შსს-სთან. ნინო აბდალაძის ფოტო.
ჟურნლისტების აქცია შსს-სთან. ნინო აბდალაძის ფოტო.

ჟურნალისტებმა, თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს ლოზუნგით: "ნუ გვესვრი". ახლანდელი ინფორმაციით, 33 ჟურნალისტია დაშავებული, თუმცა შესაძლოა რიცხვი გაიზარდოს.

აქციაზე მიმართვის ტექსტი ჟურნალისტმა, გელა მთივლიშვილმა, წაიკითხა: „ 21 ივნისს თბილისში რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. მათი თქმით, სამართალდამცავები დამიზნებით ესროდნენ მაშინაც კი, როდესაც თვალსაჩინო იყო, რომ ისინი მედიის წარმომადგენლები იყვნენ და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ“. ჟურნალისტები მოითხოვენ იმ სპეცრაზმელების პასუხისგებაში მიცემას, ვინც მათ დამიზნებით ესროდა.

ამ თემასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გააკეთა გუშინ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც : „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, სამართალდამცავებმა არ მიაყენონ სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანებები და მისცენ პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა".

ქარტია ასევე მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე რათა არ მოხდეს საპროტესტო აქციაზე მყოფი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევა“- ნათქვამია განცხადებაში.

აქციაზე კიდევ ერთხელ ხმამაღლა წაიკითხეს იმ ჟურნალისტების სახელები და გვარები, ვინც გუშინ, საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა. სრულად ვაქვეყნებთ რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებულ სიას:

1. გურამ მურადოვი - ფოტოგრაფი, civil.ge - 11 ტყვია აქვს მოხვედრილი ზურგში

2. თამარ ბაღაშვილი - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა, დასჭირდა ქირურგიული ჩარევა

3. გიორგი სულაშვილი - რუსთავი 2, დაცვის წევრი - დაკარგა თვალი, აქვს ყბის ძვლის მოტეხილობა. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია

4. ტატო გურგენიძე - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები

5. ლევან მელიქიძე - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები

6. თაზო თხილიშვილი - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები

7. თეონა ცხომელიძე - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - ბარძაყში ესროლეს რეზინის ტყვია

8. ქეთა ციცქიშვილი - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - მიიღო ფეხის მსუბუქი დაზიანება

9. ბესლან კმუზოვი - ჟურნალისტი, კავკაზსკი უზელი - მოხვდა რეზინის ტყვია სახის არეში

10. მაკა ანთიძე - როიტერსის ჟურნალისტი სამხრეთ კავკასიაში - მოხვდა აგურის ნატეხი ზურგში, დაზიანებული აქვს ნეკნი

11. დავით ახალაძე - ოპერატორი, ტვ პირველი - რეზინის ტყვია მოხვდა ცხვირში და მიიღო სხეულის დაზიანება

12. ზურაბ კოკაია - ოპერატორი, ტვ პირველი - რეზინის 2 ტყვია მოხვდა ლოყაზე და მუცელში

13. ქეთევან გრიგორაშვილი - ჟურნალისტი, ტვ პირველი - პოლიცია ხელს უშლიდა მუშაობაში, ჟურნალისტი აირით მოწამვლის გამო, 2-ჯერ მოხვდა რეანომობილში

14. ალექსი მეგრელიშვილი - ჟურნალისტი, ტვ პირველი - სპეცრაზმის წარმომადგენელმა ჩაარტყა ხელში ე.წ. დუბინკა

15. ლიკა უროტაძე - ჟურნალისტი, ტვ პირველი - რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ფეხზე მიიღო დაზიანება

16. დავით ყაჯრიშვილი - მძღოლი, ტვ პირველი - საფეთქელთან მოხვდა რეზინის ტყვია

17. ანა ვახტანგაძე - ჟურნალისტი, on.ge - ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია

18. გელა ბოჩიკაშვილი - ჟურნალისტი, on.ge - მკერდში მოხვდა რეზინის რამდენიმე ტყვია

19. გვანცა ნემსაძე - ჟურნალისტი, on.ge - ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია

20. დათო ქოქოშვილი - ჟურნალიტი, ნეტგაზეთი - კისერში მოხვდა რეზინის ტყვია

21. გიორგი დიასამიძე - ჟურნალისტი, ნეტგაზეთი - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებმა

22. ნიკა მუხიგულიშვილი - ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - სამართალდამცავებმა სცემეს და დააკავეს გადაღების დროს

23. გიორგი პაჭიკაშვილი - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში

24. გიორგი ოსაძე - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში

25. კახა ჯონჯუა - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში

26. ლიკა ალელიშვილი - ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება მიიღო ფეხის არეში

27. მარი ნიკურაძე - ჟურნალისტი, OC Media - მოხვდა რეზინის ტყვია

28. გიორგი ჭუმბურიძე - ოპერატორი, რადიო თავისუფლება - რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში

XS
SM
MD
LG