ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში 54 ჟურნალისტი მძევლადაა აყვანილი


"ალ ჯაზირას" ჟურნალისტები ეგვიპტის სასამართლოში

ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” მძევლად აყვანილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული ჟურნალისტების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

დღეს, მსოფლიოში მძევლად 54 ჟურნალისტია აყვანილი - 26 სირიაში, 13 იემენში, 10 ერაყში და 5 ლიბიაში. ამასთან, დღეისათვის 153 ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობის გამო სხვადასხვა ქვეყნის ციხეში სასჯელს იხდის. ჟურნალისტებისთვის ხუთი ყველაზე რეპრესიული ქვეყნების სიას 23 დაპატიმრებული ჟურნალისტით ჩინეთი ლიდერობს. შემდეგ მოდის ეგვიპტე - 22 დაპატიმრებული ჟურნალისტით, ირანში 18 ჟურნალისტი იხდის სასჯელს, ერითრიაში 15 და თურქეთში 9.

დატყვევებული ჟურნალისტები

დატყვევვებული 54 ჟურნალისტიდან ყველა მძევლად შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ არიან აყვანილი. ამ დაჯგუფებებიდან პრესის მიმართ ყველაზე დაუნდობელი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” და ალ ყაიდასთან დაკავშირებული “ალ ნუსრა” არიან.

ჟურნალისტებისთვის ხუთი ყველაზე რეპრესიული ქვეყნების სიას 23 დაპატიმრებული ჟურნალისტით ჩინეთი ლიდერობს. შემდეგ მოდის ეგვიპტე 22 დაპატიმრებული ჟურნალისტით, ირანში 18 ჟურნალისტი იხდის სასჯელს, ერითრიაში 15 და თურქეთში 9.
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე

“ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს პრესის 18 თანამშრომელი ჰყავთ დატყვევებული, იემენში ჰუტ მებრძოლებს ცხრა, “ალ ნუსრას” ოთხი, “ალ ყაიდას” სამი და “სირიის თავისუფალ არმიას” ერთი. დანარჩენი 19 ჟურნალისტის გამტაცებლების ვინაობა უცნობია. მძევლად აყვანილი 54 ჟურნალისტიდან 53 მამაკაცია და ერთი ქალი.

გატაცებული ჟურნალისტების 70 პროცენტი იმ ქვეყნებშია მძევლად აყვანილი, სადაც კონფლიქტები მიმდინარეობს. ამასთან, მათი 95 პროცენტი იმავე ქვეყნის მოქალაქეები, დარჩენილი 5 პროცენტი კი უცხოელი მოქალაქეები არიან.

ჟურნალისტების მძევლად აყვანის შემთხვევები 2014 წელთან შედარებით, წელს 34 პროცენტით შემცირდა. ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ამ კლებას უკრაინაში, დონბასის რეგიონში ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შეწყვეტას უკავშირებს. კერძოდ კი, 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ათობით ჟურნალისტი იქნა გატაცებული, დაკავებული ან დაპატიმრებული 24 საათზე მეტი პერიოდით. 2015 წელს მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დაპატიმრებული ჟურნალისტები:

საპროტესტო დემონსტრაცია ჩინეთში ჟურნალისტი გაო იუს ციხიდან გათავისუფლებას ითხოვს
საპროტესტო დემონსტრაცია ჩინეთში ჟურნალისტი გაო იუს ციხიდან გათავისუფლებას ითხოვს

დღეს მსოფლიოში 153 პროფესიონალი ჟუნალისტი, 161 მოქალაქე ჟურნალისტი და მედიის 14 თანამშრომელი იხდის სასჯელს. შარშანდელთან შედარებით ეს მონაცემიც შემცირებულია. 2014 წელს 178 ჟურნალისტი და 178 მოქალაქე ჟურნალისტი იყო დაპატიმრებული.

ჩინეთში, ირანსა და ერითრიაში ჟურნალისტების ყველაზე დიდი რაოდენობაა დაპატიმრებული. პატიმარ რეპორტიორებს შორის ხუთი ქალია. ქვეყნები, როგორც წესი ჟურნალისტური საქმიანობის გამო საკუთარ მოქალაქეებს აპატიმრებენ. ამ კატეგორიაში შედის ამერიკული გაზეთის “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტი, ამერიკა-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ჯეისონ რეზაიანი. ის ირანში 18 თვის წინ დააპატიმრეს. ირანის სასამართლომ რეზაიანი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლა და დამნაშავედ სცნო.

მოჰამედ რასული, VICE NEWS-ის ჟურნალისტი
მოჰამედ რასული, VICE NEWS-ის ჟურნალისტი

ერთადერთი უცხოელი, რომელიც სხვა ქვეყნის ციხეში იხდის სასჯელს მოჰამედ რასულია. ის თურქეთის უშიშროების სამსახურმა ამ ზაფხულს დააკავა, როცა ის “VICE NEWS”-ს თურქეთში სირიის საზღვართან ქურთებზე სიუჟეტის მომზადებაში ეხმარებოდა. თურქეთის პროკურატურა მას ტერორიზმში სდებს ბრალს.

უგზო-უკვლოდ დაკარგული ჟურნალისტები

ანგარიშის თანახმად, დღეს მსოფლიოში რვა ჟურნალისტის ადგილსამყოფელია უცნობი. მათგან ხუთი Barqa TV-ს ჟურნაისტია. ისინი ლიბიაში 2014 წელს გაუჩინარდნენ. ლიბიის ერთ-ერთმა მმართველმა ჯგუფმა მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადა, რომ ისინი ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპნენ, მაგრამ ამ ფაქტის დამადასტურებელი სამხილები არ წარმოუდგენიათ. შედეგად, ხუთივე ჟურნალისტი დღემდე დაკარგულად ითვლება.

დანარჩენი სამი ჟურნალისტი სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და სუბ-საჰარის აფრიკაში გაუჩინარდნენ.

XS
SM
MD
LG