ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიტყვის თავისუფლების ორმაგი სტანდარტი


France
France

„ჩარლი ჰებდო“ 4 წლის წინ ანალოგიურ პროცესზე გაამართლეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

სატირულ ჟურნალში გამოქვეყნებული წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებით შეურაცხყოფილ მუსლიმებს საფრანგეთის მთავრობამ საკუთარი წყრომის და უკმაყოფილების გამოხატვა სასამართლოში ურჩია. გამოჩნდა ადამიანთა ერთი ჯგუფი, რომელთაც პარიზის კრიმინალურ სასამართლოში მართლაც იჩივლეს. პროკურორებს გადაწყვეტილება საქმისთვის მსვლელობის მიცემის შესახებ ჯერ არ მიუღიათ.

დადებითი პასუხის შემთხევაში ჟურნალისთვის „ჩარლი ჰებდო“, რომელშიც კარიკატურები დაიბეჭდა, სასამართლო განხილვები პირველი შემთხვევა არ იქნება. რელიგიური ხასიათის ხუმრობებისთვის, რომელსაც მორწმუნეები მტკივნეულად აღიქვამენ, მას რამდენიმე პროცესი აქვს მოგებული. ასე მაგალითად, „ჩარლი ჰებდო“ 4 წლის წინ ანალოგიურ პროცესზე გაამართლეს, როდესაც მან დანიური ჟურნალიდან იგივე მუჰამედის სატირული ჩანახატები ხელახლა გამოაქვეყნა. იმავე, 2008 წელს ჟურნალი რომის პაპის კარიკატურის გამოქვეყნების საქმეშიც გამართლდა.

პიერ გიერლანი პარიზის დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ საქმე მარტო სიტყვის თავისუფლებაში როდია. საფრანგეთში რელიგიური თემა არაპოპულარულია, ფეხს ვერ იკიდებს და შესაბამისად მსგავსი პროცესების უმეტესობა წაგებისთვის არის განწირული.

სარწმუნოების კრიტიკა ეროვნული სპორტივითაა. ინგლისურენოვან სამყაროში საფრანგეთი კათოლიკურ ქვეყნად წარმოუდგენიათ. ეს ძალზე მცდარი შეხედულებაა. ფრანგების უმეტესობა ათეისტი, სეკულარი ან აგნოსტიკოსია. ამ ჯგუფის ადამიანები რიტუალებს ან არ სცნობენ, ან საერთოდ რელიგიის არსებობას უარყოფენ. ტრადიციულად ფრანგი მემარცხენეების მოძრაობა კათოლიციზმის ოპონენტად ჩამოყალიბდა. ქვეყანაში ანტი-ქრისტიანული განწყობა და ტრადიცია შემდეგ ყველა სხვა დანარჩენ რელიგიაზე გავრცელდა,“ - ხსნის პროფესორი გიერლანი.

საფრანგეთის ხელისუფლებამ კარიკატურების წინააღმდეგ დემონსტრაციების მოწყობაზე ოფიციალური უარი განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეფექტურებს უბრძანა დემონსტრაციების მოწყობასთან დაკავშირებით არცერთი გამონაკლისი არ დაუშვან. პროფესორ გიერლანს მიაჩნია, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

„საფრანგეთში დემონსტრაციას რომ კრძალავ, ეს იმას ნიშნავს, რომ რისკის ქვეშ მთლიანად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აყენებ. ამით ადამიანს დაგროვილი პროტესტის გადმოღვრის და აზრის გამოხატვის საშუალებას უხშობ, რითაც პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებ“ - აღნიშნავს ის.

პროფესორ გიერლანს მიაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლება რთული და კომპლექსური საკითხია: ერთის მხრივ, ქვეყანა ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაზე ხელისმომწერად გვევლინება. კონვენციაზე, რომელიც სიტყვის თავისუფლებას იცავს. თუმცა, ამ საკითხში შეიძლება ითქვას, რომ ორმაგი სტანდარტია, რაც სიტყვის თავისუფლების გარკვეულ შეზღუდვებში გამოიხატება. მაგალითად, არსებობს 1990 წელს მიღებული კანონი, რომელიც ყოველგვარ რასობრივ, ანტისემიტურ და ქსენოფობიურ გამოვლინებას კრძალავს. ანუ მთელ რიგ საკითხებში მთავრობა სიტყვის თავისუფლებას იცავს, მაგრამ არსებობს კატეგორიები, რომლებშიც აზრის მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა ხდება. ეს კი ულტრა-მემარჯვენეებს, ან ისლამურ ფუნდამენტალისტებს საფრთხის და უსამართლობის შეგრძნებას უჩენს.

მეტ როჟანსკი, შეერთებული შტატების კარნეგის მშვიდობის ფონდიდან ამბობს, რომ საფრანგეთი ამმხრივ მარტო არ არის. სიტყვის თავისუფლებას ლიმიტი ბევრ ქვეყანაში აქვს დაწესებული და ხშირად ისეთი სახით, რომ თავად სიტყვის თავისუფლების მცნება ფარისევლურ ხასიათს ატარებს. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც მზარდი იმიგრაცია სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ზოგჯერ სიტყვის თავისუფლების მიღმა არა რასისტური ან ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთა დგას, არამედ ძველი ომები, ისტორიული კონფლიქტები და ოკუპაციის შემთხვევები - ამბობს ის.

სრულებით გასაგებია პოლიტიკურ ლიდერთა მისწრაფება შეზღუდონ თავისუფალი სიტყვის ისეთი გამოვლინება, რომელიც მათი აზრით ნეგატიურ მიმდინარეობებს გააღვიძებს, როგორიცაა მაგალითად ნეო-ნაციზმი. ეს იმპულსი მისაღებია, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ არასწორია. და აი რატომ: ფარული კონფლიქტური ზონები, რომელიც სოციალურ ზეწოლას განიცდის და არ ვლინდება, რაზეც ლაპარაკიც კი არ შეიძლება, მოსახლეობის გარკვეულ ფენებს უფრო მგრძნობიარეს და იოლად ფეთქებადს ხდის,“ - აღნიშნავს კარნეგის მშვიდობის ფონდის წარმომადგენელი.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ ფარულ აგრესიას მოჰყვა წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები, რომელიც ჟურნალ „ჩარლი ჰებდოში“ გამოქვეყნდა. ერთ-ერთ მათგანში მუჰამედი მთლიანად შიშველია. ეს იყო პასუხი იმ გლობალურ პროტესტზე, რომელიც მუსლიმ ქვეყნებში ამერიკის მოქალაქის მიერ გავრცელებულმა ვიდეოფირმა გამოიწვია. მასში წინასწარმეტყველი მატყუარა, მოქალთანე და მცირეწლოვანთა მოძალადედ იყო გამოყვანილი. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებული შტატების უმაღლეს პოლიტიკურ ეშელონებში პრეზიდენტი ობამას ჩათვლით ფილმი ერთმნიშვნელოვნად და მკაცრად დაგმეს.
XS
SM
MD
LG