ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკიდან დანახული "არა დემოკრატიას!"


"არა დემოკრატიას"-ამ სათაურით ამერიკელმა ჟურნალისტმა და მწერალმა ჯოშუა კუჩერამ ცოტა ხნის წინ მორიგი ანალიტიკური ნარკვევი გამოაქვეყნა სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ისტორიულად გამყარებულ ტენდენციებზე, წარსულის ძლიერი მართველობის სტილზე, ქვეყნებს შორის რეალურად არსებულ განსხვავებებზე და სამომავლო მისწრაფებებზე წერს. საქართველო-მისი მტკიცებით "დემოკრატიის" გამონაკლისია თუმცა ყოფილი ხელისუფლების მართველობამ აქაც ერთგვარი მსგავსებები წარმოშვა რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში. კუჩერა "ინტერვიუში "კოჰაბიტაციის" თემასაც ეხება.

ამერიკის ხმა: მოგესალმებით ჯოშუა, თქვენს ბოლო სტატიაში გამოთქმულ ერთ საინტერესო მოსაზრებას გავაგრძელებთ და გკითხავთ: როგორ უნდა მოიქცნენ ვაშინგტონი ან ევროპული სახელმწფოები თუ ისინი მართლაც ჩათვლიან, რომ შუა აზია და კავკასია გულწრფელები არ არიან დემოკრატიულ მისწრაფებებში?

ჯოშუა კუჩერა: „ამაზე დეტალურად არ მიფიქრია, თუმცა მჯერა, რომ ამერიკამ და უცხოელმა პარტნიორებმა თანდათან უნდა დაიწყონ იმის გაცნობიერება თუ რისი, და რამდენად ბევრის გაკეთება შეუძლიათ, უნდათ ან საერთოდ საჭიროა ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონში დემოკრატიის დასამყარებლად. ვფიქრობ, ამერიკა ამას თანდათან ხვდება, რომ ეს რთული პროცესია და არ შეიძლება არსებული რეჟიმებისთვის საკუთარი ხედვის თავსმოხვევა. ამასთანავე ვიტყოდი იმასაც, რომ უცხოელმა პარტნიორებმა უნდა გაითავისონ ის რეალობა, რომ ცვლილება მხოლოდ ქვეყნების შიგნით არსებული მუხტით უნდა დაიწყოს და შიდა სურვილით განისაზღვროს.“

ამერიკის ხმა: თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონში არამხოლოდ დემოკრატია ვერ შედგა, არამედ იქ მცხოვრები ადამიანები პრინციპში არც არასდროს ყოფილან ძალიან დაინტერესებული ამგვარი მისწრაფებით. ამის დასტურად რამდენიმე კვლევა მოგყავთ და აცხადებთ, რომ რეგიონის რამდენიმე ქვეყანა წარსულს, და ძლიერ მმართველს.

ჯოშუა კუჩერა: „მიზეზები მართლაც განსხვავებულია. რეგიონს თუ გადავხედავთ, ორ ყველაზე მეტად წარმატებულ ქვეყანაში-რუსეთსა, და ყაზახეთში, იქ სადაც ეკონომიკური განვითარება იგრძნობა, სადაც სახელმწიფო ქვეყნის საშუალო ფენის ფორმირებაზე ფიქრობს, იზრდება ცხოვრების დონე- ძლიერი ლიდერების ფონზე შეიქმნა ეს რეალობა-რუსეთის შემთხვევაში პუტინის, ყაზახეთის შემთხვევაში კი ნაზარბაევის პირობებში. მეორეს მხრივ, ამავე ქვეყნებში არსებობს გაზისა და ნავთობის გაყიდვით შემოსული სიმდიდრე, რამაც ასევე ბუნებრივია, რომ აღნიშული სტანდარტების გაძლიერებას შეუწყო ხელი. ისე რომ ძნელი სათქმელია, თუ კონკრეტულად რა მიზეზების გამო ანიჭებენ ადამიანები უპირატესობას წარსულსა და ძლიერ ლიდერს. კიდევ ერთ ფაქტორს გამოვყოფდი და ეს ჩემს ნაწერებშიც მითქვამს: რეგიონის იმ ქვეყნებში სადაც არ არის ევროპისკენ მზერა, საზოგადოება ჩინეთს შესცქერის-ქვეყანას სადაც ადამიანის უფლებები ყოველდღე ირღვევა თუმცა ეკონომიკური ბუმის გამო მზარდი და ძლიერი სახელმწიფოა.“

ამერიკის ხმა: თქვენს ბოლო ნაშრომში დიდ ყურადღებას უთმობთ საქართველოს. რა დამსახურებისთვის?

ჯოშუა კუჩერა: „ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დემოკრატიის დაწინაურება ყველაზე კარგად საქართველოში ვიხილეთ, სადაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა რადიკალური რეფორმები გაატარა და ქვეყანა მკვეთრად დასავლურ კურსს დაუკავშირა. მისი მეგობრული დამოკიდებულება ამერიკისადმი კარგად მიიღო და მას თანაუგრძნო ყოფილმა ამეირკელმა ლიდერმა ჯორჯ ბუშმა. თუმცა „დემოკრატია“ ვერასდროს იქნება ის აღმნიშვნელი სიტყვა, რაც სააკაშვილის მართველობის დასახასიათებლად გამოდგება. დემოკრატიის-როგორც ასეთის გატარება-მას როგორც ჩანს არც არასდროს სურდა. სინამდვილეში მისი რიტორიკული „დემოკრატია“ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში არსებული ძლიერი ლიდერის კარგად შენიღბული ვერსია იყო. პოლიციის რეფორმაც კი, რომელიც პრეზიდნეტმა სააკაშვილმა გაატარა და მის ყველაზე დიდი წარმატებად ითვლება, ფაქტობრივად დემოკრატიისგან შორს მდგარი განვითარება იყო, ის რაც სხვადასხვა ექსპერტის აზრით დემოკრატიაში ვერც მოხდებოდა. დავამატებ იმასაც, რომ სააკაშვილის რეფორმები სახელმწიფოს აძლიერებდა და არ ემსახურებოდა დემოკრატიის განმტკიცებას ქვეყანაში.
ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ, ყოფილი ხელისუფლებამ,- თავისი ქმედებებით მედიისა და ოპოზიციის აქტივისტების ზეწოლის დროს- შეგნებული არჩევანი გააკეთა, რამაც არამცდაარამც არ შეუწყო ხელი ყოფილი მთავრობის მიერ საზოგადოების მეტ გახსნილობას.“

ამერიკის ხმა: სომხეთს და აზერბაიჯანს თუ გადავხედავთ, რამ გაგაკვირვათ სომხეთში ბოლო წინასაარჩევნო თუ არჩევნების შემდგომ კონტექსტში და როგორია თქვენი მოლოდინი აზერბაიჯანის მოვლენებზე მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში?

ჯოშუა კუჩერა: „სომხეთის არჩევნებში, საინტერესო იყო ის, რომ ადამიანმა რომელიც ჩამოშორებული იყო აქტიურ პოლიტიკურ სცენას, ამდენი ხმა დააგროვა. რა თქმა უნდა უფრო საინტერესო იქნებოდა, თუ მთავრობა აღიარებდა ოპოზიციონერი კანდიდატის მხარდაჭერის მოცულობას, თუმცა ჯერ როგორც ჩანს სომხეთში ასეთი განვითარებისთვის მზად არ არიან, შესაბამისად, ნაადრევია დასკვების გამოტანა, და სომხეთის სიტუაციის მონიტორინგი გვაჩვენებს, თუ რა ტენდენციები იკრებს იქ ძალას. თუმცა რეალურად გარღვევა იქ ძალიან არ დააგვიანებს. აზერბაიჯანის შემთხვევაში, მთავრობა ოპოზიციას ავიწროვებს, და როგორც ჩანს ვერცერთი კანდიდატი ალიევისთვის რეალური წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებს. სომხეთის მსგავს შედეგს იქ არც არავინ ელოდება.“

ამერიკის ხმა: საქართველოში ამჟამად შექმნილ ვითარებას როგორ შეაფასებდით-კოჰაბიტაცია თქვენთვის რამდენად არის მოქმედებაში მოყვანილი და როგორ?

ჯოშუა კუჩერა: „ეს რთული კითხვაა. ალბათ ბევრი რამის დანახვა ჯერ კიდევ წინ გვაქვს, მაგრამ მთლიანობაში მე ვერ ვიტყვი, რომ დიდ და მძიმე პრობლემებს უქმნიან მხარეები ერთმანეთს. კინკლაობა და გაუგებრობა მოსალოდნელი იყო, რამეთუ საქმე გვაქვს ორ, განსხვავებულ და კომპრომისზე რთულად წამსვლელ ძალასთან. ნახეთ ამერიკაში რა ხდება, წვრილმანი დაპირისპირება აქ ყოველდღიური მოვლენაა, ეს დემოკრატიის თანამდევი ელემენტია. თუმცა რამდენად ძლიერი მუხტი იარსებებს პოლიტიკური დაპირისპირების გადასალახად და კომპრომისის მისაღწევად. სწორედ ამ ნებამ უნდა ჩაანაცვლოს ის ეტაპი, როცა ერთი მხარე მეორისთვის ძალაუფლების შესუსტებაზე ზრუნავს.“

ამერიკის ხმა: როგორ უნდა შეუწყოს ამ პროცესებს ხელი დასავლეთმა ან უნდა შეუწყოს თუ არა საერთოდ?

ჯოშუა კუჩერა: „ვფიქრობ, რომ ამერიკამ ამ პროცესებში არავინ არ უნდა გამოარჩიოს. ანუ „ფავორიტები“ არ უნდა შექმნას. მას მერე რაც ბუშსა და სააკაშვილს შორის ახლო მეგობრული ურთიერთობები განვითარდა, ამერიკამ დაკარგა ამის შეძლება, თუმცა შარშან კარგად მოახერხა-რომ პროცესის და არა პიროვნებების მხარდაჭერა მოეხდინა. ახლაც იგივე როლს ვხედავ-ვაშინგტონმა ფრთხილად უნდა შეაფასოს თუ სინამდვილეში რა ხდება და პირველ რიგში ქართველებს მისცეს საშუალება ვითარებაში გასარლვევად. თუ მოთხოვნა წამოვა დახმარებაზე, ჩვენ ამას გავაკეთებთ, და იმედია შევძლებთ დახმარებას. მაგრამ პროცესის მართველი ძალა თავად ქართველი ხალხია, რომელსაც კარგად შეუძლია გაართვას თავი გამოწვევებს.“

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG