ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ხდება იორდანიაში?


ფოტოზე: დემონსტრანტები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ამანი, იორდანია, 19 ნოემბერი, 2012 წ.
ფოტოზე: დემონსტრანტები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ამანი, იორდანია, 19 ნოემბერი, 2012 წ.

იორდანიაში საპარლამენტო არჩევნები იანვარში უნდა გაიმართოს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
მღელვარებით მოცულ არაბულ სამყაროში უკვე ხშირად ისმის კითხვა, თუ რამდენად შეესაბამება არსებული მონარქიები რეალობას. აღნიშნული საკითხი ყველაზე მწვავედ ბოლო დროს იორდანიაში წამოიჭრა. რა ხდება იორდანიაში? ამის შესახებ დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, ელიზაბეტ აროტი ამანიდან არკვევდა.

ბოლო პერიოდში იორდანელებმა დიდი ხნის ტაბუ დაარღვიეს და მეფე აბდულას წინააღმდეგ ქუჩებში გამოვიდნენ. პროტესტი სამთავრობო სუბსიდიების შეკვეცამ გამოიწვია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნა იყო. შედეგად მოსახლეობის ჯგუფებმა აბსოლუტური მონარქიის წინააღმდეგ პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენეს. მონარქიის წინააღმდეგ მხოლოდ ქუჩებში არ გამოხატავენ პროტესტს. პოლიტიკის ანალიტიკოსმა, ლაბიბ ყამჰავიმ იორდანიის ტელევიზიაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მეფის მიერ რეფორმების შესაძლეობა, რის გამოც მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.

„რეჟიმი არ ფიქრობს მიიღოს ხალხის მოთხოვნები და გაატაროს ძირეული და სერიოზული რეფორმები, რადგანაც მთელი ძალაუფლება მეფის ხელშია თავმოყრილი,“ - განაცხადა ლაბიბ ყამჰავიმ.

იორდანიაში არსებული მონარქია ყველასთვის გასაკვირად საოცრად სტაბილური იყო. იორდანელები შესაძლოა ფასების გაძვირებას აპროტესტებდნენ, თუმცა მათი უმეტესობა მეფის მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი.

იორდანელი დალაქი მოჰამედ ჰაჯირი ამბობს, რომ ფასების აწევა მართლაც დიდი პრობლემაა, თუმცა, ის ღმერთს მშვიდობას და მეფის ჯანმრთელობას შეთხოვს.

მეფისადმი ლოიალობის წყალობით, იორდანელებმა მეზობელ ქვეყნებში დაწყებული ქაოსის თავიდან არიდება შეძლეს. განსაკუთრებით სახიფათო სირიის ომი იყო, საიდანაც იორდანიაში ათასობით დევნილია გადასული.

იორდანიაში საპარლამენტო არჩევნები იანვარში უნდა გაიმართოს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებული საარჩევნო კანონი გავლენიანი ორგანიზაციის მუსლიმთა საძმოს წინააღმდეგ არის მიმართული. ორაიბ ალ რანტავი ალ-ქუდსის პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორია.

„ამ საარჩევნო კანონის მიღებით, საზოგადოებაში პოლარიზაციის პროცესი დასრულდა, რაც სოციალური ძალადობის საფრთხეს ჰქმნიდა,“ - ამბობს რანტავი.

ზოგიერთი სულიერი ლიდერი იორდანური და პალესტინური წარმოშობის არაბებს შორის მანიპულირებას ცდილობს. პალესტინელები იორდანიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ.

ანალიტიკოსი ყამჰავი ამბობს, რომ ახალგაზრდები სიტყვის თავისუფლებას ითხოვენ. სწორედ ეს არის მათი საპროტესტო გამოსვლების ყველაზე მწვავე მოთხოვნა. ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში რეფომების განხორციელება ეტაპობრივად დაიწყება, რაც ქვეყნისთვის უმტკივნეულო პროცესი იქნება.
XS
SM
MD
LG