ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუსლიმთა საძმო იორდანიაში დემოკრატიას ითხოვს


საპროტესტო აქცია იორდანიაში. 16 ნოემბერი, 2012 წ.
საპროტესტო აქცია იორდანიაში. 16 ნოემბერი, 2012 წ.

იორდანიაში დაწყებული პროტესტი დასავლეთის შეშფოთების მიზეზი ხდება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
საპროტესტო განწყობები ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთ ქვეყანაში - იორდანიაშიც იზრდება. იორდანელებს ბოლო დროს ეკონომიკური ვითარების გაუარესება და საწვავზე მაღალი ფასები აწუხებთ. ბოლო დღეებში, ხელისუფლების და, კერძოდ, მეფის წინააღმდეგ მძლავრი საპროტესტო გამოსვლა მოეწყო. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, სეთარე სიჯი იორდანიის დედაქალაქს ეწვია.

იორდანიაში დაწყებული პროტესტი დასავლეთის შეშფოთების მიზეზი ხდება, რადგან მეფე აბდულა არა მხოლოდ იორდანიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობის ერთგვარ გარანტად არის მიჩნეული. თუმცა, დემონსტრანტებს დასავლეთის შეშფოთება არ აღელვებთ. მათ საკუთარი საზრუნავი აქვთ.

„იორდანიაში ოპოზიციის მთავარი დაბრკოლება მოსახლეობის სიჩუმე იყო. უამრავი ადამიანია ახლა გაბრაზებული და ისინი სეკულარისტები არიან. მათი აღშფოთების მთავარი მიზეზი ეკონომიკური გაჭირვება და კორუფციის მასშტაბებია. ასევე ხალხი თვლის, რომ მათი მომავალი ბუნდოვანი და გაურკვეველია,“ - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი ლაბინ ყამიჰი.

როდესაც ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური მღელვარებები დაიწყო, ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ ეს იორდანიას არ შეეხებოდა. თუმცა, ამგვარ მოსაზრებას საფუძველი ნელნელა ეცლება.

მეფე აბდულამ გასულ წელს ოთხი პრემიერ-მინისტრი გამოცვალა, ასევე მხარი დაუჭირა ახალ საარჩევნო კანონს, რომელმაც ოპოზიციური პარტიების დამოუკიდებლობა და გავლენები შეამცირა. მოსახლეობაში მეფის პოპულარობა მცირდება, ხოლო საპროტესტო განწყობები ძლიერდება. მთავარი პრობლემა იორდანიაში ეკონომიკაა. საპროტესტო დემონსტრაციების საფუძველი გახდა სამთავრობო სუბსიდიების შემცირება, ისეთ ძირითად პროდუქტზე, როგორიც საწვავია. ეს ნაბიჯი იორდანიის მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნით გადადგა. შედეგად საწვავი გაძვირდა და ეკონიმიკური კრიზისის ნიშნებიც გაჩნდა. მეფე აბდულამ პროტესტის შესაჩერებლად უფრო მეტი პოლიტიკური რეფორმის განხორციელების პირობა დადო, თუმცა ჯერჯერობით ამ რეფორმებს უფრო კოსმეტიკური სახე აქვს.

„როგორც ჩანს მათ თავდაპირველად რეფორმების პროგრამის უფრო ზომიერი სახე აირჩიეს, რამაც იორდანელი ხალხის ამბიციები არ დააკმაყოფილა. განსაკუთრებით, როდესაც მოთხოვნა ეხება კორუფციის აღმოფხვრას და დემოკრატიას. ამ ორ ფრონტზე რეჟიმმა მარცხი განიცადა,“ - ამბობს ლაბიბ ყამიჰი.

იორდანიის მთავრობის მარცხით კი ოპოზიციური მუსლიმთა საძმო სარგებლობს, რომლის სოციალურმა პროგრამებმაც საგრძნობლად გაზარდა ხალხში მათი პოპულარობა. მთავრობის მოწოდობები კი ჯერჯერობით საზოგადოების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. მუსლიმთა საძმოს ლიდერის მოადგილე ზაქი ბანი რუშეიდი ამბობს, რომ მათ რეფორმები სურთ და არა რეჟიმის დამხობა.

„ჩვენ გვსურს რელიგიის, აზრის გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატია. ეს არის ჩვენი მოთხოვნები, არ აქვს მნიშვნელობა უმცირესობაში ვიქნებით თუ უმრავლესობაში. დასავლეთის ინტერესები ხალხის ინტერესებს ემთხვევა და არა დიქტატორების,“ - ამბობს ზაკი ბანი რუშეიდი.

როგორც ჩანს, მეფე აბდულას არცთუ ადვილი პერიოდი ელის. იმ დროს, როდესაც მთელ რეგიონში არასტაბილური ვითარება ძლიერდება, იორდანიის პოლიტიკური მომავალი დასავლეთის შეშფოთების საგანი ხდება.
XS
SM
MD
LG