ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მორიგი მცდელობა იწყება, ოღონდ ამჯერად ძალისხმევას ამერიკა და რუსეთი უდგანან სათავეში. მოსკოვი და ვაშინგტონი სირის კონფლიქტში მოწინააღმდეგე ძალებს უჭერენ მხარს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი თანხმდებიან, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ქვეყანაში მიმდინარე ორწლიანი კონფლიქტი და სისხლისღვრა უნდა შეაჩეროს. რუსეთი და ამერიკა არ გამორიცხავენ სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნას, რომელიც ქვეყანას არჩევნებამდე უხელმძღვანელებს. სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს:

„რუსეთისა და შეერთებული შტატების თანამშრომლობა კონსტრუქციული და დადებითი ნაბიჯია. ჩვენ ერთმანეთთან თანამშრომლობით უნდა ვეცადოთ მშვიდობიანი გამოსავლის მონახვა.“

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ ჯონ კერიმ და რუსეთის საგარაო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სწრაფად უნდა იმოქმედონ:

„საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვისა და სახელმწიფო მდივანი კერის მიერ დაწყებული საქმის დინამიკა არ უნდა დავკარგოთ. იმის მოლოდინი, რომ ეს შეხვედრა რაც შეიძლება მალე გაიმართოს, ძალიან დიდია.“

მაგრამ პრეზიდენტი ასადი ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთმანეთში ურევს საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტასა და ტერორიზმს:

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მზად ვართ ვესაუბროთ ნებისმიერ სირიაში ან მის საზღვრებს გარეთ მოქმედ ძალას. ჩვენ ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ, მაგრამ მათ ამისთვის იარაღი უნდა დაყარონ. არ შეიძლება მოლაპარაკების მაგიდას იარაღით მიუჯდე.“

პრეზიდენტი ასადი ამბობს, რომ მისი ოპონენტები უკიდურესად დაქსაქსულები აირან იმისთვის, რომ მოლაპარაკება აწარმოონ. ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკოსი სტივ ჰეიდემანი კი ამბობს, რომ დამასკო კონფლიქტის გამომწვევი ძირეული საკითხის განხილვაზე უარს აცხადებს:

„მიუხედავად იმისა, რომ დამასკოს არ უნდა რუსეთთან რაიმე უთანხმოების წამოჭრა, ასადი მაინც ყველაფერს აკერთებს იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ან არ შედგეს, ან თუ შედგება ის ისე იყოს ფორმულირებული, რომ განხილვების ძირითადი თემები მხოლოდ მთავრობის შეხედულებებზე იყოს ორიენტირებული.“

პრეზიდენტი ასადი ამბობს, რომ ის გადადგომას არ აპირებს, ეს კი მთავარი ოპოზიციური ძალის უმთავრესი მოთხოვნაა.


„ამ მოთხოვნას ამერიკა მხარს არ უჭერს. მას არც ევროკავშირი ეთანხმება. თუ ოპოზიციური კოალიცია დათმობაზე არ წავა, ძალიან გართულდება მოლაპარაკების რეალურად დაწყება.“

სირიის მთავარი ოპოზიციური ჯგუფი ამ ვიზიტის განმავლობაში სახელმწიფო მდივან ჯონ კერის არ შეხვდება. მათ არც ის უთქვამთ, რომ მოლაპარაკების პროცესში ჩაერთვებიან. ოპოზიციური კოალიციის ხელმძღვანელი ჯორჯ საბრა ამბობს:

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი დავესწრებით თუ არა ამ კონფერენციას. ჯერ ისიც არაა ცნობილი თუ რა იქნება კონფერენციის განხილვის თემა.“


რუსეთი აცხადებს, რომ საკითხის განხილვაში ირანიც უნდა ჩაერთოს. ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატები სამშვიდობო გადაწყვეტილების მონახვაში ირანის მონაწილეობაზე უარს ამბობდა, თუმცა მოლაპარაკების დღის წესრიგს გაერო ჯერ ისევ განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანი შეიძლება სამშვიდობო კონფერენციის მონაწილე მხარე გახდეს.
XS
SM
MD
LG