ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იანუკოვიჩის მთავრობა ადექვატურ შეთავაზებებს არ აკეთებს


გერმანიაში ვიზიტით მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი შაბათს უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს არსენი იაცენიუკს და ვიტალი კლიჩკოს შეხვდება. კერი ამბობს, რომ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობას ჯერ ისევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი:

„პრეზიდენტი იანუკოვიჩის შეთავაზებები არ არის ადეკვატური იმისთვის, რომ ოპოზიციას მიეცეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის საშუალება და ერთიანი მთავრობის ჩამოყალიბება.“

ამ ფონზე, ოპოზიცია პროტესტს გამოხატავს ერთ-ერთი აქტივისტი დმიტრი ბულატოვის დაკარგვასთან დაკავშირებით. ბულატოვი 22 იანვარს გაუჩინარდა და ის ხუთშაბათს კიევის გარეუბანში ნაცემი იპოვეს. ბულატოვი აცხადებს, რომ ის უცნობმა პირებმა გაიტაცეს.

გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩს სთხოვს გამოიძიოს უკანასკნელ პერიოდში გაჟღერებული მკვლელობების, გატაცებებისა და წამების ბრალდებები.

პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა, რომელიც ხუთშაბათს სამსახურში სიცხისა და შეუძლოდ ყოფნის გამო არ მივიდა, განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ საკუთარი ვალდებულებები შეასრულა, ხოლო ოპოზიცია კი პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ცდილობს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სამხედრო მაღალჩინოსნები პრეზიდენტს „დაუყოვნებლივ ზომების მიღებას" სთხოვენ ვითარების გამოსასწორებლად. განცხადების თანახმად, თავდაცვის მინისტრ პაველ ლებედევთან შეხვედრის დროს სამხედრო მათალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ ოპოზიციის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების ძალის გამოყენებით დაკავება და ადგილობრივი მთავრობის საქმიანობის შეფერხება „მიუღებელია.“ ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ „კონფლიქტის ესკალაცია ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის.“

სამხედროები პრეზიდენტს კონსიტუციით გათვალისწინებული ზომების მიღებას და ქვეყანაში „ჰარმონიის დამყარებას“ სთხოვენ.
XS
SM
MD
LG