ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი უკრაინის მთავრობას აფრთხილებს


უკრაინის დედაქალაქში ხუთშაბათს ცეცხლმოდებული ბარიკადები ჩააქრეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთავრობის წინააღმდეგ მომიტინგეები, პოლიციასთან შეტაკებებში ხანმოკლე ზავს დასთანხმდნენ. ეს ზავი გაგრძელდება იანუკოვიჩის და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრების მეორე რაუნდის დასრულებამდე.

ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის პოლიტიკაში გადასული მოკრივე ვიტალი კლიჩკო, მოითხოვენ პრემიერ მინისტრ მიკოლა აზაროვის მთავრობის გადადგომას, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს და ცოტა ხნის წინ შემოღებულ, პროტესტის გამოხატვის შეზღუდვების გაუქმებას. ოთხშაბათს, ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მათ იანუკოვიჩს 24 საათიანი ვადა მისცეს.

ხუთშაბათს, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა კრიზისის აღმოსაფხვრელად პარლამენტის საგანგებო სესია მოიწვია. დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა პრემიერ მინისტრმა აზაროვმა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნას „არარეალისტური“ უწოდა და მთავრობის მოწინააღმდეგე მომიტინგეები „გადატრიალების“ მცდელობაში დაადანაშაულა.

ოთხშაბათს ოპოზიციის ლიდერმა არსენი იაცენიუკმა თავის მომხრეებს უთხრა: „ჩვენ ერთად ვივლით წინ“ თუ პრეზიდენტი დარბევას არ შეწყვეტს. კიევში მომხდარ შეტაკებებში, სულ ცოტა სამი მომიტინგე დაიღუპა და ასობით დაშავდა.

ოთხშაბათს, იაცენიუკთან ერთად სიტყვით გამოსვლისას კლიჩკომ პირობა დადო, რომ: „ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა კრიზისის დასაძლევად“.

ხუთშაბათს, მღელვარება კიევის ფარგლებსაც გასცდა. დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, ასობით მთავრობის მოწინააღმდეგე შეიჭრა რეგიონის გუბერნატორ ოლეჰ სალოს ოფისში და აიძულა დაეწერა განცხადება გადადგომის შესახებ.

შეერთებულმა შტატებმა დაგმო ძალადობის ბოლოდროინდელი გამოვლენა და გაფრთხილება გამოთქვა უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებაზე იმ შემთხვევაში, თუ იანუკოვიჩი ვერ უზრუნველყოფს ყველა უკრაინელის დემოკრატიული უფლებების დაცვას. სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალადობაზე პასუხისმგებლობა დააკისრა მთავრობასაც და უკიდურესად მემარჯვენე ექსტრემისტებსაც.

ხუთშაბათსვე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ იანუკოვიჩს დაურეკა. ამერიკელმა ლიდერმა ძალადობის დასასრულებლად ზომების მიღება და დემონსტრანტების ლეგიტიმური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, ხაზი გაუსვა რა, რომ ოპოზიციასთან დიალოგი და კომპრომისი კრიზისის დასასრულებლად მნიშვნელოვანია.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ სისხლისღვრის გაგრძელებას უარყოფითი გავლენა ექნება აშშ-უკრაინის ურთიერთობებზე.
XS
SM
MD
LG