ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მამუკა ბახტაძე ჯონ ბოლტონს შეხვდა


ჯონ ბოლტონი და მამუკა ბახტაძე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო.
ჯონ ბოლტონი და მამუკა ბახტაძე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო.

დღეს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. დღეს დილით, ვაშინგტონის დროით, გაიმართა შეხვედრა თეთრ სახლში, სადაც პრემიერი ესაუბრა აშშ-ის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს ჯონ ბოლტონს. განხილული იყო ორმხრივი ინტერესის საკითხები. დღესვე იგეგმება შეხვედრები აშშ-ის სენატში, სადაც მამუკა ბახტაძეს კანონმდებლებთან გასაუბრების შესაძლებლობა ექნება.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება აშშ-ის კონგრესის, არასამთავრობო და საექსპერტო წრეების, მედიისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს. ვაშინგტონშივე დაგეგმილია შეხვედრები USAID-ის, OPIC-ის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკშიც გაემგზავრება და გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. მოგვიანებით კი, 27 სექტემბერს, ის ასამბლეის 73-ე სესიის გენერალურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას, სიტყვით გამოვა და სესიის მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს.

მამუკა ბახტაძე ასევე მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით ორგანიზებულ მიღებაზე. ღონისძიება გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად იმართება.

ნიუ-იორკში ვიზიტისას დაგეგმილია პრემიერის ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან, სხვადასხვა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთან, აშშ-ის ბიზნეს-წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც ნიუ-იორკში სწავლობენ. პრემიერს თან ახლავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG