ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯილ ბაიდენი, ამერიკის პირველი დოქტორი პირველი ლედი


გამხდარი, ქერათმიანი გოგო სახლს უახლოვდება, კარზე აკაკუნებს. კარს ბიჭი აღებს, რომელსაც სახეში მუშტი ხვდება და გოგოს სიტყვები ესმის: „აღარასდროს გაბედო და ჩემ დას ჭიები აღარ შეაყარო“!

ჯილ ჯეიკობსი თავისი დის დაცვას ცდილობდა, რომელსაც კლასელი ბიჭი მუდმივად აწუხებდა. ბიჭი ამას მიხვდა, თუმცა, იმას ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს, მის სახლთან, დის დასაცავად მისული ჯილი ამერიკის პირველი ლედი გახდებოდა.

დაბრუნება თეთრ სახლში

ჯილ ბაიდენი ერთ კვირაც არაა, რაც თეთრი სახლის აღმოსავლეთ ნაწილში გადავიდა საცხოვრებლად. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მოქმედი პრეზიდენტი და პირველი ლედი ცხოვრობენ 4-წლიანი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. ჯილ ბაიდენისთვის თეთრი სახლი უცხო ადგილი არ არის. ის აქ ხშირად იყო, როგორც ამერიკის მეორე ლედი, როგორც ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის მეუღლე.

მართალია, პირველი ლედის როლი აქამდე არასდროს მოურგია, თუმცა, 69 წლის, ჯილ ბაიდენი აპირებს, რომ ყველა საქმიანობა, რომელსაც ის მეორე ლედის რანგში ეწეოდა, ახლაც გააგრძელოს. ის, მიშელ ობამასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული სამხედროების ოჯახების დახმარებისა და მხარდაჭერის პროგრამაში, რის გაგრძელებასაც ის კვლავ აპირებს. პირველი ლედის რანგში, მისი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, სწორედ სამხედროებთან იყო.

ამერიკის პირველი ლედი კაპიტოლიუმთან მივიდა, ეროვნული გვარდიის წევრებს ნამცხვრები მიუტანა და მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის, რასაც ისინი ქვეყნისთვის აკეთებენ. „მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას იცავთ”, უთხრა გვარდიელებს პირველმა ლედიმ. „ჩვენი შვილი, ბო, დელავერის ეროვნული გვარდიის წევრი იყო. ის 2008 წლიდან 2009 წლამდე ერაყში მსახურობდა. ასე რომ, მეც ეროვნული გვარდიელის დედა ვარ და როდესაც დავინახე ის, რასაც თქვენ აკეთებთ, [როდესაც ვნახე, რომ] თქვენ დატოვეთ თქვენი მშობლიური შტატები და აქ ჩამოხვედით... უბრალოდ, მინდოდა პრეზიდენტ ბაიდენისა და მთელი ჩემი ოჯახის სახელით, მადლობა მეთქვა“.

ექსპერტები ამბობენ, რომ მისი წარსულისა და განათლების გათვალისწინებით, ჯილ ბაიდენის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლების საკითხების წინ წამოწევა და განათლების რეფორმების ინიცირება იქნება.

„ამის [პირველი ლედდის] ხიბლიც იმაშია, რომ შენ შეგიძლია ისე განსაზღვრო ის, როგორც გსურს. ასე მოვიქეცი, როცა მეორე ლედი ვიყავი-ისე განვსაზღვრე მისი მნიშვნელობა, როგორც მე მსურდა. კვლავ იმავე თემებზე ვიმუშავებ. განათლება და სამხედრო ოჯახების თემა კვლავ აქ იქნება“, უთხრა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯილ ბაიდენმა ჟურნალ „ვოგს“.

ჯილ ბაიდენი ამერიკის ისტორიაში პირველი, მეორე ლედი იყო, რომელსაც თეთრი სახლის კედლების მიღმა სამსახური ჰქონდა. ის მანამდეც საზოგადოებრივ კოლეჯში ასწავლიდა და ეს არც მაშინ შეუწყვეტია, როდესაც მისი ქმარი ვიცე-პრეზიდენტი გახდა და არც ახლა აპირებს პროფესიაზე უარის თქმას.

„სწავლება ის კი არაა, რასაც ჯილი აკეთებს, არამედ ისაა, რასაც ჯილი წარმოადგენს. მას ადარდებს, ხალხი ადარდებს და მათზე ზრუნავს“, ამბობს ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯილ ბაიდენზე.

„მას [ჯილს] ყოველთვის თან დააქვს სტუდენტების უამრავი ნაშრომი, რომელსაც ყველგან ასწორებს“, თქვა 2016 წელს მიშელ ობამამ თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რომელიც პირველი და მეორე ლედის რანგში, ერთად ჩაწერეს მან და ჯილ ბაიდენმა. „ვეუბნები ხოლმე, ცოტა შეისვენე, თორემ შენს ფონზე ყველანი ცუდად ვჩანვართ“, უყვებოდა ობამა ჟურნალისტებს.

ბოს დაკრძალვის დღეს, ჰანტერ ბაიდენმა, ძმასთან გამოსამშვიდობებელი სიტყვის დროს ჯილსაც მიმართა: „დედა, შენი სიძლიერე იყო ის, რაც ამ ოჯახს ერთად აკავშირებდა. და მე ვიცი, რომ შენ ისევ გაგვამთლიანებ“. 


ჯილ ბაიდენი ამერიკის ისტორიაში პირველი პირველი ლედია, რომელიც თეთრ სახლში დაკისრებული მოვალეობების გარდა, თავისი პროფესიით მუშაობასაც გააგრძელებს და ანაზღაურებადი სამსახური ექნება. გარდა ამისა, ჯილ ბაიდენი პირველი პირველი ლედია, რომელსაც 4 დიპლომი და დოქტორის ხარისხი აქვს დაცული. სამი შვილის გაზრდის მიუხედავად, ჯილ ბაიდენს არასდროს შეუწყვეტია სწავლა და მუშაობა. მან დოქტორის ხარისხი 55 წლის ასაკში მიიღო. საზეიმო ცერემონიალზე კი დიპლომი ქმარმა, თავისი ხელით გადასცა.

განათლების რეფორმებისა და სამხედროების ოჯახების დახმარების გარდა, ჯილ ბაიდენი კიდევ ერთ თემაზე მუშაობს აქტიურად. ეს სიმსივნეა. ჯო ბაიდენის შვილი, ბო ბაიდენი 2015 წელს, ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. „ეს ჩვენთვის ძალიან პირადული საკითხია“, ხშირად ამბობს ჯილ ბაიდენი, როდესაც კიბოს სკრინინგის, ან კიბოს პაციენტების დახმარების პროგრამებზე საუბრობს ხოლმე.

„ჯენტლმენის“ გაცნობა და საჩუქარი „დედიკოსგან“

ჯილ და ჯო ბაიდენები 43 წელია დაქორწინებულები არიან. ეს ორივესთვის მეორე ქორწინებაა. ჯილი ქმარს გაშორდა, ჯო ბაიდენის მეუღლე და მათი მცირეწლოვანი გოგონა კი ავარიაში დაიღუპნენ. მას შემდეგ, 29 წლის სენატორი ბაიდენი 2 შვილს, ბოს და ჰანტერს მარტო ზრდიდა.

ცოლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ძმამ ის ჯილს შეახვედრა. როგორც მოგვიანებით ჯილ ბაიდენი იხსენებდა, პირველივე პაემანი წარმატებული აღმოჩნდა. სახლში დაბრუნების შემდეგ, ქალმა დედას დაურეკა და უთხრა: „როგორც იქნა, ჯენტლმენს შევხვდი“. თუმცა, მიუხედავად ასეთი აღფრთოვანებისა, ჯილი ქორწინებას დიდხანს არ თანხმდებოდა. ჯო ბაიდენს 5-ჯერ მოუწია ხელის თხოვნა.

„ბიჭები [ბო და ჰანტერი] ძალიან შემიყვარდნენ და ამიტომ, უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს ქორწინება, ნამდვილად, გამოვიდოდა“, იხსენებდა მოგვიანებით ჯილი. როგორც ჩანს, სიყვარული ცალმხრივი არ იყო. „ერთ დილას კბილებს ვიხეხავდი, როდესაც ბიჭები ჩემთან მოვიდნენ და მითხრეს: მამა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა ჯილზე დავქორწინდეთ“, ყვება ჯო ბაიდენი.

ჯო და ჯილ ბაიდენები შვილებთან, ჰანტერ და ბო ბაიდენეთან ერთად
ჯო და ჯილ ბაიდენები შვილებთან, ჰანტერ და ბო ბაიდენეთან ერთად

ჯილ ბაიდენი ჰანტერს და ბოს 5 და 6 წლის ასაკიდან ზრდის. მათ საკუთარ შვილებად აღიქვამს და არასდროს ამბობს სიტყვას „დედინაცვალი“. ბიჭები კი ყოველთვის თვლიდნენ, რომ ჯილი მათი გარდაცვლილი „დედიკოს“ გამოგზავნილი საჩუქარი იყო, ამიტომ ჯილს „დედას“ ეძახდნენ და შესაბამისადაც ექცეოდნენ. ქორწინებიდან 4 წლის შემდეგ ჯილ და ჯო ბაიდენებს გოგონა შეეძინათ. „ამის შემდეგ ჩვენი ოჯახი სრულყოფილი გახდა“, ამბობს ცოლ-ქმარი.

ბაიდენების ოჯახი ჰარმონიაში ცხოვრობდა, ვიდრე მათ შვილს, ბოს, ტვინის სიმსივნის დიაგნოზი არ დაუდგინდა. „სანამ ბომ თვალები არ დახუჭა, არ მჯეროდა, რომ დაიღუპებოდა“, ყვება ჯილ ბაიდენი. „ყოველ დილით ვდგები და ჩვენს შვილზე ვფიქრობ. ამის შემდეგ რაიმე გზა უნდა მოვნახო ხოლმე, რომ ამ ტკივილს შევეგუო“.

ბოს დაკრძალვის დღეს, ჰანტერ ბაიდენმა, ძმასთან გამოსამშვიდობებელი სიტყვის დროს ჯილსაც მიმართა: „დედა, შენი სიძლიერე იყო ის, რაც ამ ოჯახს ერთად აკავშირებდა. და მე ვიცი, რომ შენ ისევ გაგვამთლიანებ“.

ბო ბაიდენის დასაფლავების დღე, 2015 წელი
ბო ბაიდენის დასაფლავების დღე, 2015 წელი

ცხოვრება შვილის გარდაცვალების შემდეგ და მიზანი, რომელიც პირად ტრაგედიაზე დიდია

ბოს გარდაცვალება დიდი დარტყმა იყო ორივე მშობლისთვის. ჯო ბაიდენი ყვება, რომ შვილის სიკვდილის შემდეგ, ყველანაირ პოლიტიკურ გეგმაზე უარი თქვა. თუმცა, მოგვიანებით, თანამებრძოლებისა და შვილიშვილების დაჟინებული თხოვნით, ამერიკის პრეზიდენტობისთვის რბოლაში ჩაება.

ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, თავის მშობლიურ შტატ დელავერთან გამომშვიდობების დროს, ჯო ბაიდენმა თქვა: „ქალბატონებო და ბატონებო, ერთადერთი, რასაც ვნანობ ისაა, რომ ის [ბო ბაიდენი] აქ არაა, იმიტომ რომ ახლა მას უნდა წარვადგენდეთ, როგორც პრეზიდენტს“, თქვა ბაიდენმა.

ჯილ ბაიდენი ყვება, რომ ბოს გადრაცვალების შემდეგ, დარდის დაძლევაში პრეზიდენტს მისი რწმენა დაეხმარა. თუმცა, ჯილის შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა. „არასდროს წყვეტ გლოვას, მაგრამ აუცილებელია, რომ იპოვო მიზანი [ცხოვრების გასაგრძელებლად“, უთხრა მან მეგან მაკკეინს, სენატორ ჯონ მაკკეინის შვილს, მისსავე გადაცემაში. სენატორი მაკკეინი ჯო ბაიდენის მეგობარი იყო, რომელიც იმავე დიაგნოზით გარდაიცვალა, რაც ბო ბაიდენს დაუდგინდა.

„მიზანი“ კი ჯილ ბაიდენისთვის, როგორც ეროვნული გვარდიელის დედისთვის, როგორც ქალისთვის, ვისაც შვილი კიბომ წაართვა და როგორც მასწავლებლისთვის, ამ სამი მიმართულებით ადამიანების დახმარებაა.

ჯილ ბაიდენი, ქალი, რომელიც პირადი ტრაგედიების მიუხედავად სამ შვილს ზრდიდა, მუშაობდა, უმაღლეს განათლებას იღებდა და მარათონებზე დარბოდა, ახლა მზადაა, რომ მისი ცხოვრების კიდევ ერთი მარათონი გაირბინოს და ემსახუროს მიზანს, რომელიც ერთი ოჯახის მიზნებზე დიდია- იყოს ამერიკის პირველი ლედი და პარალელურად, არ შეწყვიტოს თავის სტუდენტებზე ზრუნვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG