ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და მისი ცოლი განქორწინების შემდეგ "მეგობრობას გააგრძელებენ"


ჯეფ და მაკკენზი ბეზოსები
ჯეფ და მაკკენზი ბეზოსები

მსოფლიოში უმსხვილესი ინტერნეტ მაღაზია „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და მისი მეუღლე მაკკენზი 25 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან.

განქორწინების შესახებ მათ ბეზოსის „ტვიტერის“ ანგარიშზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „საცდელი დაშორების შემდეგ, განქორწინება გადავწყვიტეთ და ჩვენს ერთობლივ ცხოვრებას, როგორც მეგობრები ისე გავაგრძელებთ.“

ჯეფ და მაკკენზი ბეზოსებმა დაშორების შესახებ, ჯერ კიდევ, 2018 წლის 24 აპრილს, ბერლინში ერთ-ერთი ღონისძიების შემდეგ განაცხადეს. მაშინ წყვილმა თქვა, რომ „თავს საოცრად იღბლიანებად ვგრძნობთ იმის გამო, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ და ღრმად მადლიერები ვართ თითოეული იმ წლისთვის, რომელიც ერთმანეთთან ქორწინებაში გავატარეთ. რომ გვცოდნოდა, რომ 25 წლის შემდეგ ერთმანეთს დავცილდებოდით, ყველაფერს მაინც ზუსტად ისე გავაკეთებდით.“

ჯეფ და მაკკენზი ბეზოსებმა ერთმანეთი 1990-იან წლებში გაიცნეს და ნიუ-იორკში იქორწინეს. რამდენიმე წლის შემდეგ კი სიეტლში, ვაშინგტონის შტატში გადავიდნენ, სადაც ჯეფ ბეზოსმა ინტერნეტ მაღაზია „ამაზონი“ დააარსა.

დღეს ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია. „ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსი“ მის ქონებას 137 მილიარდ დოლარად აფასებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი გაყრა შესაძლოა ყველაზე ძვირადღირებული განქორწინება იყოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG