ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოკიოში ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო


იაპონელთა უმრავლესობა ოლიმპიადას აღფრთოვენებით ელოდება. თუმცა, ზოგიერთ ორგანიზაციას გრანდიოზული ხარჯები აშფოთებს

ბმული
ტოკიოს ეროვნულ სტადიონზე სასკოლო სპორტის ყოველწლიური ფესტივალი ტარდება. პატარა სპორტსმენები, და მათ შორის მეშვიდე კლასელი საეკი მოუსელიცაა, 2020 წლის ოლიმპიადას სულმოუთქმელად ელიან. „ძალიან მინდა მოსვლა და ყურება შევძლო. მთელი მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები ჩამოვლენ“ - ამბობს საეკი.

სტადიონმა 1964 წლის ოლიმპიადას უმასპინძლა, ომისშემდგომი იაპონიის ეკონომიკური ბუმის დასაწყისში. სწორედ ეკონომიკური სიტუაციის გამო მოვიპოვეთ მომავალი ოლიმპიადის მასპინძლობის უფლებაც, ამბობს ტოკიო-2020-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მასატო მიზუნო. მისი თქმით, „ტოკიოს ოლიმპიურ ფონდში 4.5 მილიარდი დოლარია. ნაღდ ფულზეა ლაპარაკი, რათა მშენებლობები დავიწყოთ“.

ეროვნული სტადიონი რამდენიმე თვეში სრულად დაინგრევა და მის ადგილს თანამედროვე ტიპის ნაგებობა, ფუტურისტული სტადიონი დაიკავებს. იაპონელთა 92 პროცენტი ოლიმპიადის ჩატარების მომხრეა. თუმცა, გრანდიოზულ ასპარეზობებს უარყოფითი მხარეებიც აქვს.

„ახალგაზრდებისთვის ეს საოცნებო და იმედისმომცემია, თუმცა მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი. გამწვანების დიდი ნაწილი განადგურდება და ამ ნაგებობების მოვლას მილიარდები არ ეყოფა“ - ამბობს ტოკიოელი ტაქსის მძღოლი.

ხარჯებთან დაკავშირებით შეშფოთებას არასამთავრობოებიც გამოთქვამენ. ორგანიზაცია „ჰანგორინის“ წარმომადგენლები (ითარგმნება, როგორც ანტიოლიმპიური რგოლები) ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგ გამოდიან.

ყველა ქვეყანაში, სადაც ოლიმპიადა ჩატარდა, უამრავი ნაგებობა თავიდან შენდება, მაგრამ ამით მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება მოგებული“ - აღნიშნავს ერთ-ერთი მათგანი. „მხოლოდ 2 წელი გავიდა მიწისძვრის და ცუნამის შემდეგ. ბევრი იაპონელი ისევ თავშესაფარში ცხოვრობს. მთავრობა მათთვის მინიმალურ სახსრებს იღებს, მაშინ როცა ოლიმპიადაზე მილიარდებს ხარჯავს“ - ამბობს მეორე აქტივისტი.

ტოკიო-2020-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის, მასატო მიზუნოს თქმით, ოლიმპიადით მთელი ქვეყნის ეკონომიკა მოიგებს, მათ შორის ცუნამით დაზარალებული რეგიონებიც. მისი თქმით, „ოლიმპიური და პარაოლიმპიური შეჯიბრებების მასპინძლობას იაპონიისთვის დიდი ეკონომიკური ეფექტი ექნება. 30 მილიარდამდე მოგებაზე და 150 ათასი ადამიანის დასაქმებაზე მაქვს საუბარი“.

იზრდება შეშფოთება ფუკუშიმა დაიჩის ბირთვული სადგურის არასტაბილურობასთან დაკავშირებით. ამის გამო განცხადება ქვეყნის პრემიერმა შინზო აბემაც გაააკეთა. მან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაარწმუნა იმაში, რომ რადიოაქტიური დაბინძურება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის უსაფრთხოებას არ ემუქრება.
„მთავრობა პრობლემის გადაჭრას დაგვპირდა. მჯერა პრემიერის სიტყვის. ამას გარდა, ტექნიკური ჩანაწერებიც მოწმობს, რომ რადიაციის დონე ტოკიოში სტაბილურად დაბალია“ - აღნიშნავს მასატო მიზუნო.

ტოკიო -2020-ის რეკლამები იაპონიაში უკვე გადის. იაპონლებს იმედი აქვთ, რომ ასპარეზობების დაწყებამდე ცუნამის და ფუკუშიმას ტრაგედიის აჩრდილი ახალი ამბების გამოშვებებიდან დიდი ხნის გამქრალი იქნება.
XS
SM
MD
LG