ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია მიწისძვრის შემდეგ


იაპონია მიწისძვრის შემდეგ

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც 9.0 ბალის სიმძლავრის მიწისძვრამ და შედეგად გამოწვეულმა ცუნამმა იაპონიის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპირო მიწასთან გაასწორა. დღემდე 125,000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი საგანგებოდ შექმნილ საევაკუაციო ცენტრებში ბინადრობს. სხვები ნათესავებმა შეიკედლეს. 11 მარტს მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის შედეგად ბევრი მათგანი უსახლკაროდ დარჩა. იძულებით გადაადგილებულ პირთა რიგები გაიზარდა იმის შედეგადაც, რომ ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამო იაპონიის მთავრობამ ელექტროსადგურთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის ევაკუირება განახორციელა. დაზარალებული ოჯახების მცირეოდენი რიცხვი დროებით საცხოვრებელ სახლებში განათავსეს, მაგრამ უსახლკაროდ დარჩენილი პირების უმრავლესობას გაურკვევლობა ელის, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი სტივ ჰერმანი იაპონიის ივატეს პრეფექტურაში მდებარე ქალაქ რიკუზენტაკატადან.

11 მარტის დამანგრეველი მიწისძვრიდან ერთი თვის თავზე იაპონია 6.6 სიმძლავრის ახალმა მიწისძვრამ შესძრა. მიკა ტერუი, რომელიც მეუღლესთან და სამ ბავშვთან მიწისძვრასა და ცუნამის გადაურჩა, თვლის მას და მის ოჯახს იღბალმა გაუღიმა. თუმცა მომავალი მას ძალიან ადარდებს.

მიკა ტერუი აღნიშნავს, რომ მართალია მას და მის ოჯახს მადლობის მეტი არაფერი ეთქმის რადგან ისინი ამჟამად ბინის ქირის გადახდის გარეშე დროებით საცხოვრებელ სახლში ცხოვრობენ, მათ მაინც ძველი ანგარიშების გადახდა უწევთ. ქმრის სამსახური, საკუთარ სახლთან და მთელს საკუთრებასთან ერთად ცუნამმა შთანთქო. მიკა ტერუის მეუღლემ ახლომდებარე გაზის გასამართ სადგურზე დროებითი სამსახური ნახა. როგორც ჩანს, ახლა 39 წლის დიასახლისსაც სამუშაოს ძებნა მოუხდება.

ტერუიების ოჯახი იმ 36 ოჯახს მიეკუთვნება, რომლებიც გასულ კვირას ტაკადას ნომერ პირველი საშუალო სკოლის ყოფილ შენობათა კომპლექსში შეასახლეს, სადაც ამჟამად დროებითი საცხოვრებელი ცენტრია გახსნილი. ყოველი დროებითი საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიით, სასმელი წყლით, მცირე აბაზანითა, საპირფარეშოთი, მიკროტალღური ღუმელითა და ტელევიზორით არის აჭღურვილი.

პრემიერ მინისტრმა ნაოტო კანმა გასულ კვირას მეზობელი მიიაგის პრეფექტურა მოინახულა. ვიზიტის დროს მან აღნიშნა, რომ აქ უფრო ფართო მასშტაბის დროებითი საცხოვრებელი სახლები სწრაფად აშენდება.

პრემიერ მინისტრმა კანმა მიიაგის პრეფექტურის ოფიციალურ პირებს მოახსენა, რომ იაპონიის მთავრობა ამ რეგიონში 70,000 დროებითი სახლის აშენებას გეგმავს. ამ მიზნით მიმდინარე კვირის მანძილზე ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბება, რომელიც აღდგენითი სამუშაოების სამოქმედო გეგმას შეადგენს.

პრემიერ მინისტრის ვიზიტის შემდეგ, მიიაგის პრეფექტურის გუბერნატორმა იოშიჰირო მურაიმ ჟურნალისტებს მოახსენა, რომ მან ნაოტო კანს თხოვნით მიმართა, რათა მიწისძვრითა და ცუნამით დაზარალებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ მთავრობისგან ადეკვატური დახმარება მიიღოს.

გუბერნატორი გამოთქვამს იმედს, რომ სტიქიით დაზარალებულ რაიონებში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის მთავარ საარსებო წყაროს მეთევზეობა და სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა, მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება.

იაპონელები აღიარებენ, რომ მშვიდობიან დროში 11 მარტის მიწისძვრისა და ცუნამის მსგავსი ბუნებრივი კატასტროფა არ გამოუცდიათ, მაგრამ ბევრი უკმაყოფილებას გამოთქვამს აღდგენითი სამუშაოების, ერთი შეხედვით, ნელი ტემპის გამო.

იაპონიის ცენტრალურ მთავრობას აღდგენითი სამუშაოების გეგმა ჯერ-ჯერობით არ გამოუქვეყნია. თუმცა იაპონიის მთავრობას ბევრი კრიტიკოსი გაუჩნდა იმის გამო, რომ ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ტოკიო ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ და ბუნდოვან ოფიციალურ განცხადებებს ავრცელებდა.

აღსანიშნავია, რომ გასული თვის მანძილზე რადიაცია ფუკუშიმას ელექტროსადგურიდან ზღვასა და ატმოსფეროში ჟონავდა.

იაპონელი ოფიციალური პირების ცნობით მიწისძვრამ და ცუნამმა 13,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 14,000 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

XS
SM
MD
LG