ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

6 იანვრის კომიტეტის გადაწყვეტილება


ორშაბათს, 19 დეკემბერს, ამერიკის წარმომადგენელთა პალატის 6 იანვრის კომიტეტმა მოუწოდა იუსტიციის დეპარტამენტს, წაუყენოს ბრალი ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. კომიტეტის განცხადებით, ეს იქნება ერთგვარი "სამართლიანობის გზამკვლევი" - პასუხი, 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე მომხდარ თავდასხმაზე.

კონგრესის ერთ-ერთი ყველაზე ამომწურავი და აგრესიული საგამოძიებო პროცესის შემდეგ, 7 დემოკრატისგან და 2 რესპუბლიკელისგან შემდგარი პანელი რეკომენდაციას უწევს ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებას. კომიტეტი თვლის, რომ ტრამპმა სხვების ხელშეწყობით, დაიწყო ფართომასშტაბიანი ზეწოლის კამპანია, რათა შეეცვალა 2020 წლის საყოველთაო არჩევნების შედეგები. პანელის მიერ გამოტანილი ვრცელი დასკვნა აცხადებს, რომ ტრამპი, ამომრჩეველთა ნების შეცვლის მიზნით, ჩართული იყო "მრავალშრიან შეთქმულებაში".

ორშაბათს გამართულ საბოლოო, შემაჯამებელ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ტრამპის ბრალეულობა იკვეთება როგორც კაპიტოლიუმზე თავდასხმამდე, ისე მისი მიმდინარეობისას. 4 ბრალეულობას შორის, რომელთაც ისინი რეკომენდაციას უწევენ იუსტიციის დეპარტამენტში, დასახელებულია თავდასხმის ხელშეწყობა - ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდება.

მართალია, წარმომადგენელთა პალატის 6 იანვრის საგამოძიებო კომიტეტის დასკვნა უმეტესად სიმბოლურ ხასიათს ატარებს, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საბოლოო გადაწყვეტილებას, წაუყენოს თუ არა ბრალი და გაასამართლოს თუ არა სხვებთან ერთად დონალდ ტრამპი, იუსტიციის დეპარტამენტი მიიღებს.

2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და დროებით ჩაშალეს სხდომა, რომელიც არჩევნების შედეგებს ამტკიცებდა. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.

კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალი წაყენებული აქვს საერთო ჯამში, 600-ზე მეტ ადამიანს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG