ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სალვინი - რუსეთის დაფინანსება, "იტალია უპირველეს ყოვლისა" და პარალელები ტრამპთან, ორბანთან


იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე და შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი აცხადებს, რომ რუსეთთან საიდუმლო გარიგებას ადგილი არ ჰქონია. სალვინის თქმით, მისი ულტრამემარჯვენე პარტია “ლიგა” არ ცდილობდა კრემლის უკანონო დაფინანსების მოპოვებას, რაშიც ის პროკურატურის მიერ ეჭვმიტანილად ითვლება, მილანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე.

პარალელურად, სალვინი აძლიერებს “ქრისტიანული კულტურის” დაცვის და ანტისაიმიგრაციო ხასიათის მოწოდებებს, რამაც მას თავის დროზე პოპულარობა მოუტანა. იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე სოციალური ქსელების გვერდებზე იმიგრაციას აიგივებს სამუშაო ადგილების დაკარგვის პრობლემასთან და აცხადებს, რომ ეს ყოველივე იტალიის ტრადიციულ კულტურას დიდ საფრთხეს უქმნის.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მატეო სალვინის სვლა გააორმაგოს პოპულისტური განცხადებები, სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის თაობაზე მიმდინარე გამოძიებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა. ის ასევე ცდილობს მოადუნოს კრიტიკა ქვეყნის ძლიერ დასუსტებული ეკონომიკის მიმართ, რაც სპეციალისტების შეფასებების მიხედვით, რეცესიას უტოლდება.

პოპულარული გამოცემა "ბაზფიდი"
პოპულარული გამოცემა "ბაზფიდი"

​გასულ კვირას, სალვინის მიმართ ახალი ბრალდებები გამოჩნდა. ინტერნეტ-გამოცემამ “ბაზფიდი” მის შესახებ აუდიო ჩანაწერები გამოაქვეყნა. ჩანაწერების მიხედვით, მოსკოვის სასტუმრო “მეტროპოლში”, სალვინის მაშინდელი პრესსპიკერი ჯანლუკა სავოინი და რუსეთის მოქალაქე, რომელიც არ არის ჩანაწერში იდენტიფიცირებული, განიხილავენ მაისში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების წინ, $65 მილიონის გადარიცხვას სალვინის პარტიისთვის “ლიგა”.

თავად სალვინი ამ შეხვედრაზე როგორც ჩანს, არ იმყოფებოდა. მაგრამ, იმ პერიოდში ისიც რუსეთში იყო და იტალია-რუსეთის ბიზნესწრეების შეხვედრებს ესწრებოდა.

სასტუმროში მიმდინარე დიალოგში საუბარია შუამავლების საშუალებით, 3 მილიონი ტონა ნავთობის მიყიდვაზე. გარიგება 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების უნდა ყოფილიყო და აქედან სალვინის პარტიას “ლიგა”, 65 მილიონი დოლარი რჩებოდა. გამოცემა “ბაზფიდი” არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, შედგა თუ არა გარიგება და მიიღო თუ არა სალვინის პარტიამ აღნიშნული თანხა.

მილანის პროკურორებს სალვინის ყოფილი პრესსპიკერის, ჯანლუკა სავოინის დაკითხვა სურდათ, მას შემდეგ რაც ის სალვინის მოთხოვნით, 4 ივლისს, რომში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის გამართულ სახელმწიფო მიღებას და საზეიმო სადილს დაესწრო. თუმცა, იტალიური საინფორმაციო სააგენტოს “ანსას” ცნობით, ჟურნალისტმა დუმილის უფლება გამოიყენა და მილანის პროკურატურის კითხვები უპასუხოდ დატოვა.

მატეო სალვინი ევროპის ულტრა-მემარჯვენეებთან ერთად
მატეო სალვინი ევროპის ულტრა-მემარჯვენეებთან ერთად

სალვინი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მან გასულ კვირაში განაცხადა, რომ არასდროს აუღია რუსებისგან “რუბლი, ევრო, დოლარი, ან ლიტრი არაყი”. სალვინის თქმით, მისი აღფრთოვანება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით “უფასოა”. იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილის განცხადებით, შესაბამისად, უფასოა მისი ოპოზიციაც 2014 წელს, უკრაინაში, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროკავშირის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების მიმართ.

მატეო სალვინი ჯერჯერობით უარს ამბობს კრემლთან გარიგების თემაზე ქვეყნის პარლამენტის წინაშე წარდგომაზე. კანონმდებლებს კითხვები დაუგროვდათ მისი პარტიის “ლიგა” რუსულ კავშირებთან დაკავშირებით. ორშაბათს, ჟურნალისტებს სალვინიმ უთხრა, რომ საერთოდ აღარ აპირებს “ისაუბროს ფულზე, რომელიც თვალით არ უნახავს და არასდროს მოუთხოვია”.

ცუდი პრესის საკომპენსაციოდ გაორმაგებულმა იმიგრაციის საწინააღმდეგო რიტორიკამ და ოპოზიციაზე გაზრდილმა თავდასხმებმა, რომელიც სალვინის რასისტული განწყობების ზრდაში და სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებს, პრემიერ-მინისტრის მოადგილის რეიტინგები გაზარდა. პარტიის “ლიგა” პოპულარობაც თანდათან უფრო მზარდი ხდება.

მატეო სალვინი მოსკოვში, პუტინის მაისურით
მატეო სალვინი მოსკოვში, პუტინის მაისურით

​სალვინი პოპულარობის გაზრდისთვის ხშირად მართავს ე.წ. ტრამპის სტილის, საარჩევნო ხასიათის გამოსვლებს. ამომრჩევლებთან შეხვედრების ერთ-ერთი ასეთი სერიის დროს, ის იტალიის ე.წ. “წითელი ქამრის” ზონაში მივიდა, რომელიც წარსულში მემარცხენე ტერიტორიად ითვლებოდა. ბოლონიის მახლობლად გამართულ შეხვედრაზე, სალვინიმ შაბათს დაიტრაბახა, რომ იტალიის ნაპირებზე წელს გაცილებით ნაკლები გამყიდველები იქნებიან, რადგან პოლიციამ იქ რეიდები ჩაატარა. ის ასევე მიესალმა იმ საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებს, ვინც უცხოელი მოთამაშეების ყიდვაზე უარს ამბობს.

სალვინის გამოსვლას ენთუზიასტების აპლოდისმენტები და ხმამაღალი შეძახილები მოჰყვა. ისინი ლურჯ-თეთრ დროშებს აფრიალებდნენ, წარწერით Prima L’Italia, რაც ნიშნავს - იტალია უპირველეს ყოვლისა.

სალვინის ზუსტად იგივე ტიპის ლოზუნგი აქვს, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას. America First, ანუ “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” - ასე წერია ხშირად წითელ მაისურებზე, ქუდებზე და დროშებზე ტრამპის მხარდამჭერ საარჩევნო ტიპის შეხვედრებზე.

ერთი კვირით ადრე, უმბრიის ერთ-ერთი მთის ძირში გამართულ შეხვედრაზე, სალვინი ატარებდა მაისურს წარწერით, რომელიც უცხოელებს კრიმინალთან აკავშირებდა. ემიგრანტების დამხმარე ქველმოქმედ ორგანიზაციებს სალვინი მტრებად აცხადებს, რომელთაც ტრადიციული ქრისტიანული კულტურის განადგურება და ევროპული ცივილიზაციის მოსპობა აქვთ მიზნად.

მატეო სალვინი ლოზუნგით "იტალია უპირველეს ყოვლისა"
მატეო სალვინი ლოზუნგით "იტალია უპირველეს ყოვლისა"

​უნგრეთის პოპულისტი და ნაციონალისტი ლიდერის, ვიქტორ ორბანის მსგავსად, სალვინისაც იერიში ამერიკელ ქველმოქმედ ჯორჯ სოროსზე მიაქვს და იმ ორგანიზაციებზე, რომელთაც სოროსის ფონდი ეხმარება. “ისინი არ არიან სამაშველო ოპრაციის მონაწილეები. მათ არა ქველმოქმედები, არამედ სოროსის მსგავსი მილიარდერები აფინანსებენ და ისინი გეგმავენ ევროპის დაპყრობას. მათ სჭირდებათ ხალხის ფესვების ამოძირკვა, მათი კულტურის და ტრადიციების მოსპობა და ახალი მონები” - თქვა მატეო სალვინიმ თავის “ფეისბუქის” გვერდზე.

სალვინის პარტიის “ლიგა” პოპულარობა დღეს 38 პროცენტს უტოლდება. ახლა რომ იტალიაში არჩევნები ჩატარდეს, პარტიას საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებამდე სულ 2 პროცენტი დააკლდებოდა.

თუმცა, საბოლოო სიტყვა ჯერ არ უთქვამს მილანის პროკურატურას, რომელიც რუსეთთან სავარაუდო გარიგებას იძიებს. პარტია “ლიგის” დაფინანსების თაობაზე საპარლამენტო გამოძიების დაწყებას ითხოვს სალვინის პოლიტიკური ოპონენტი, ასევე პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ლუიჯი დი მაიო.

ჯუზეპე კონტე, იტალიის პრემიერი
ჯუზეპე კონტე, იტალიის პრემიერი

ორშაბათს ჟურნალისტებმა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს ჰკითხეს, უნდა წარსდგეს თუ არა სალვინი პარლამენტის წინაშე, როგორც ამას ლუიჯი დი მაიო და მისი პარტია “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა” მოითხოვს. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: “რატომაც არა… ჩვენ გვჯერა გამჭვირვალობის მთავრობის ნებისმიერ პოსტზე, პირველ რიგში - პარლამენტში. ჩვენი გზამკვლევი გარკვევით ამბობს: სრული გამჭვირვალობა იტალიის მოქალაქეებისადმი და აბსოლუტური ერთგულება ეროვნული ინტერესების მიმართ. ამ პრინციპებიდან მთავრობა უკან არცერთი სანტიმეტრით არ დაიხევს”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG