ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“იტალო” -ახალი სწრაფმავალი მატარებელი


ტყვიის ფორმის მქონე ახალ მატარებელს „იტალო“ ჰქვია და მისი სიჩქარე საათში 360 კილომეტრს აღემატება. მატარებლის მწარმოებელ კომპანიას “ენ-თი-ვი“ სახელგანთქმული „ფერარის“ ფირმის ხელმძღვანელი, ლუკა დი მონტიზიმოლო უდგას სათავეში. ახალ პროექტზე კომპანია უკვე 5 წელია მუშაობს და ის 1.3 მილიარდი ევრო დაჯდა.

ლუკა დი მონტიზიმოლოს თქმით, სწრაფმავალი მატარებლის შექმნა ქვეყნის ეკონომიკის და კერძოდ, სარკინიგზო ტრანსპორტის ლიბერალიზების პროდუქტია.

იტალიის მოქალაქეებს და უცხოელ მოგზაურებს არჩევანის საშუალება მაინც მიეცემათ. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ მონოპოლიას მოეღო ბოლო“ - ამბობს ბატონი მონტიზიმოლო.

კომპანიის მფლობელი აღნიშნავს, რომ კონკურენციით ყველაზე მეტად მგზავრები მოიგებენ და დასძენს, რომ საბოლოო მიზანი ბაზრის მეოთხედის დასაკუთრება და მისი ქვეყნის ყველაზე დიდი დამსაქმებლის, „ტრენიტალიის“ ჩამოცილებაა.

სატრანსპორტო ინდუსტრიის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მძიმე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად ახალი მატარებლების შექმნა დარგში მოვლენათა პოზიტიურ განვითარებად შეიძლება ჩაითვალოს. პროფესორი მატეო კაროლი რომში მდებარე ლუისის უნივერსიტეტში ასწავლის.

ჩვენ გერმანიის შემდეგ ევროპაში ჯერ კიდევ ყველაზე დიდი მწარმოებლები ვართ. რკინიგზის დარგი ჩვენი სატრანსპორტო ინდუსტრიის ძლიერების მაგალითია. ფინანსური პრობლემები რომ არა, რამაც მთელი ევროპა მოიცვა, ჩვენი საწარმოების კონკურენტუნარიანობაში ეჭვი არავის ეპარება“ - აღნიშნავს პროფესორი კაროლი.

იტალიის ეკონომიკა მძიმე პერიოდის მიუხედავად ამბიციურობას ინარჩუნებს. ევროზონაში ის მოცულობით ჯერ კიდევ მესამე ადგილზეა. ახალი პრემიერ-მინისტრის, მარიო მონტის ხელმძღვანელობით ეკონომიკა პროტექციონიზმის აღმოფხვრას და მის ლიბერალიზებას მაქსიმალურად ცდილობს.

კომპანია “ენ-თი-ვის“ განკარგულებაში უკვე 25 მატარებელია. ფრანგული სატრნასპორტო ფირმის, „ალსტომის“ მმართველი, პიერ-ლუის ბერტინა ამბობს, რომ ახალ მატარებელს ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. მისი კომპანია „ენ-თი-ვის“ ერთ-ერთი მომმარაგებელია.

ეს ალსტომისთვის მეოთხე თაობის სწრაფმავალი მატარებელია. ის საუკეთესოა და მისი მსგავსი ტექნოლოგია მსოფლიოში ჯერჯერობით არავის გააჩნია“ - ამბობს ის.

უზადო ინტერიერი ტყავის მოზრდილი სავარძლებით და უზარმაზარი ფანჯრებით, საიდანაც არაჩვეულებრივი პანორამული სანახაობა იშლება; კინოთეატრის და რესტორნის ვაგონები სამი სხვადასხვა კლასის მგზავრებისთვის, რომელიც არჩევანის საშუალებას იძლევა... “ენ-თი-ვის“ წარმომადგენელი ჯუზეპე ბონოლო ამბობს, რომ მათი უპირატესობა სწორედ მაღალი ხარისხია.

უმაღლესი ტექნოლოგიები, უფასო ინტერნეტი ყველა მგზავრისთვის - ეს მსოფლიო პრემიერაა. ყველას აქვს საშუალება კომპიუტერით იმუშაოს, ან სატელიტური ტელევიზიით გაერთოს“ - ამბობს ის.

თავად მგზავრები სისუფთავეზე, პუნქტუალურობაზე და მომსახურე პერსონალის თავაზიანობაზე საუბრობენ:

„იტალო“ ფასებზე აგრესიული მარკეტინგის პრინციპით მუშაობს. წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში მომხმარებელს დიდი ფასდაკლება ეძლევა. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მონოპოლისტი კომპანია უკვე იძულებული გახდა ბილეთზე ფასები დაეკლო და ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა დაეწყო.

იტალიაში მიმდინარე მოვლენებს თვალს ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც ადევნებენ და იტალიურ ეკონომიკაში მომხდარ ცვლილებებს გულდასმით სწავლობენ.

XS
SM
MD
LG