ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო და იტალიური „კატენაჩო“ ევროკავშირის მოედანზე


სერჯო მატარელა და გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში

იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას პირველ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში დაემთხვა მოსკოვში, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრისა და ვიცე პრემიერის მატეო სალვინის განცხადება-დემარში, რომ 2018 წლის ბოლომდე, იტალია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გადახედვის საკითხს აუცილებლად დააყენებს.

ბოლო თვენახევრის მანძილზე, მას შემდეგ რაც, პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტის მეთაურობით, იტალიაში ახალმა კოალიციურმა, „ნეიტრალურმა“ მთავრობამ ფიცი დადო, ოფიციალური რომი „კატენაჩოს“ პოზიციიდან უკვე მერამდენედ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ღიად უპირისპირდება და რუსეთთან დაახლოების ინიციატივით გამოდის.

კონტი უკვე დაპირდა ამომრჩეველს, რომ ევროკავშირის რიგით მეოთხე ეკონომიკის მქონე იტალია, რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო, „ყოველდღიურად 7 მილიონ ევროს აღარ დაკარგავს“. იტალიის ახალმა პრემიერმა მოსკოვში ვიზიტიც დაგეგმა, პუტინი-კონტის შეხვედრა 24 ოქტომბერს გაიმართება.

იტალიის პრეზიდენტმა თბილისში გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი
იტალიის პრეზიდენტმა თბილისში გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი

ამ ფონზე, ბუნებრივია, რომ თბილისში ორდღიანი ვიზიტის დროს, იტალიის პრეზიდენტმა მატარელამ დიპლომატიურად აუარა გვერდი, როგორც NATO-ევროკავშირის გაფართოების, ისე რუსეთის მიერ ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებზე საუბარს.

სერჯო მატარელამ, რომელიც 2017 წელს, ორჯერ პირადად შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, არჩია რომ საქართველოში ყურადღება ძირითადად ეკონომიკაზე გაემახვილებინა:

სულ უფრო და უფრო მეტი იტალიური კომპანია უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, მეტი ინვესტიცია განახორციელონ და ისარგებლონ იმ სტაბილურობით, რომელსაც საქართველო სთავაზობს მათ“
სერჯო მატარელა, იტალიის პრეზიდენტი

„ჩვენი ეკონომიკა ერთმანეთის შემავსებელია, ჩვენ ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო განვითარდეს და სულ უფრო და უფრო მეტი იტალიური კომპანია უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, მეტი ინვესტიცია განახორციელონ და მოიტანონ თავიანთი ცოდნა, მოდერნიზაცია და ისარგებლონ იმ სტაბილურობით, რომელსაც საქართველო სთავაზობს მათ“.

იტალიის პრეზიდენტი დღეს სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმს დაესწრო, რომელშიც 23 იტალიური და 120 ქართული კომპანია მონაწილეობს. ანალოგიური ფორუმი 2017 წელს თბილისსა და რომში უკვე გაიმართა, რომელსაც მაშინდელი პრემიერები გიორგი კვირიკაშვილი და პაოლო ჯენტილონი ესწრებოდნენ.

შარშან, საქართველოში ასევე იტალიური განათლების პირველი გამოფენა შედგა, ხოლო 2015 წელს, თბილისმა, საქართველო-იტალიის პირველ ენერგეტიკულ ფორუმს უმასპინძლა.

ყველა ამ მასშტაბური ღონისძიების მიზანი პირდაპირი ინვესტიციებისა და ორმხრივი ვაჭრობის გაზრდაა. იტალიიდან ყველაზე დიდი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში 2004-2006 წლებში (2004 – 31 მლნ, 2005 – 22 მლნ, 2006 – 57 მლნ) განხორციელდა - 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი.

პრემიერ ბახტაძესთან შეხვედრის დროს
პრემიერ ბახტაძესთან შეხვედრის დროს

2007 წელს, თბილისში, პირველი ქართულ-იტალიური ბიზნეს ფორუმიც შედგა, თუმცა მას შემდეგ ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა. 2017 წელს იტალიურმა კაპიტალდაბანდებამ საქართველოში 9 მილიონ დოლაზე მეტი შეადგინა, 2018 წლის პირველ კვარტალში კი მხოლოდ 760 ათასი.

უკეთესის სურვილს აღძრავს საქართველო-იტალიის ორმხრივ ვაჭრობაში არსებული ციფრებიც. 2017 წელს, იტალიამ საქართველოში 217 მილიონი დოლარის იმპორტი, ხოლო საქართველომ იტალიაში 69 მილიონი დოლარის ექსპორტი განახორციელა. შარშან, იტალიაში შემცირდა ქართული თხილისა და კაკლის, ხილისა და ბოსტენულის კონსერვების, ცხოველების საკვებისა და ნედლი ნავთობის (რე)ექსპორტი.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სერჯო მატარელასთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა, ტრანს-ადრიატიკული (TAP) გაზსადენის მშენებლობის დასრულების მნიშვნელობას, რომელიც სამხრეთ კავკასიურ (SCP) და ტრანს-ანატოლიური გაზსადენებთან (TANAP) ერთად „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ნაწილია:

ერთ წელიწადში, იტალიის ენერგოუსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი გახდება კასპიური ენერგოპროექტი TAP-ი, რომლის შემადგენელი ნაწილიც საქართველოა"
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

„ერთ წელიწადში, იტალიის ენერგოუსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი გახდება კასპიური ენერგოპროექტი TAP-ი, რომლის შემადგენელი ნაწილიც საქართველოა და ამას საქართველო სწორედ ასე ხედავს, ყოველგვარი პოლიტიკური ფასის გარეშე, არამედ ევროპულ სივრცეში თანამშრომლობის ფორმატების აქტიური განვითარებითა და გაღრმავებით“.

იტალიის პრეზიდენტი, რომელსაც თან საგარეო მინისტრი ენცო მოავერო-მილანეზი ახლდა, თბილისში ქართველი კოლეგის გარდა, ასევე შეხვდა: საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს.

მატარელა და ილია მეორე საპატრიარქოში
მატარელა და ილია მეორე საპატრიარქოში

სერჯო მატარელა დღესვე ბაქოში გაემგზავრა. აზერბაიჯანში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს, ილჰამ ალიევთან ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სწორედ ტრანს-ადრიატიკული (TAP) გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები იქნება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ იტალიის ახალი მთავრობის ხისტი პოზიციის გამო, TAP-ის მშენებლობა კიდევ ერთხელ შეჩერდა. აზერბაიჯანში არ გამორიცხავენ, რომ არსებული კონტრაქტის თანახმად, მშენებლობის მოცდენით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია იტალიის სახელმწიფოს დაეკისროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG