ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა თავდაცვითი სისტემები გააძლიერა


ისრაელმა დაკეტა ჩრდილოეთის საჰაერო სივრცე კომერციული ავიაციისთვის

ისრაელმა ჩაკეტა ჩრდილოეთის საჰაერო სივრცე კომერციული ავიაციისთვის და რაკეტსაწინაღო თავდაცვის სისტემის ორი ბატარეა განათავსა სირიის საზღვრის მახლობლად, მას შემდეგ რაც სირიის ტერიტორია დაბომბა.
სირიის ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციის აქტივისტების განცხადებით, საჰაერო თავდასხმის შედეგად 42 სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ორშაბათს ისრაელ-ლიბანის და ისრაელ-სირიის საზღვრებზე სიმშვიდე იყო, თუმცა ისრაელის უშიშროების ძალები საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ.
შეერთებული შტატების სამხედრო და უშიშროების წყაროების ინფორმაციით, ისრაელის ავიაციის სამიზნე თანამედროვე იარაღი იყო, რომელიც ლიბანური შეიარაღებული დაჯგუფება ჰეზბოლასთვის იყო განკუთვნილი.
სირია უარყოფს ამ ბრალდებას. სირიის მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ ინფორმაციის მინისტრმა ომრან ალ-ზოუბიმ განაცხადა, რომ ეს თავდასხმა აგრესიის გაუგონარი აქტი იყო.
მისი თქმით, სირიის მთავრობას სრული უფლება აქვს და დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რათა დაიცვას საკუთარი ქვეყანა და მისი მოსახლეობა საგარეო და საშინაო საფრთხისგან.

საფრანგეთის ახალი ამბების სააგენტოს ინფორმაციით, სირიის მთვარობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დამასკო ადრე თუ გვიან საპასუხო აქციას განახორციელებს, მაგრამ საკუთარი გეგმების დაკონკრეტებას არ აპირებს.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში ისრაელმა სირიას უკვე მეორედ მიაყენა დარტყმა. მანამდე ისრაელმა სირიის ტერიტორია იანვარში დაბომბა.
ისრაელის ხელისუფლება ამ სამხედრო აქციის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზეევ ელკინმა რადიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ისრაელი შეშფოთებულია სირიის თანამედროვე იარაღის მომავალი ბედით, მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს.

მისი თქმით, დიდი ხანია ისრაელი შეშფოთებით უყურებს ირანის და სხვა სახელმწიფოების მიერ სირიისთვის თანამედროვე შეიარაღების მიწოდებას. ისრაელისთვის განსაკუთრებით საშიში იქნება, თუ ეს იარაღი ჰეზბოლას ხელში აღმოჩნდება.
როგორც ისრაელის პრესა წერს, ისრაელის მთავრობამ დიპლომატიური არხებით საიდუმლო წერილი გაუგზავნა სირიის ხელისუფლებას, სადაც იტყობინება, რომ ისრაელს არ სურს სირიის სამოქალაქო ომში ჩარევა.
XS
SM
MD
LG