ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" კვლავ დიდ საფრთხეს ქმნის


დაზვერვის სააგენტოები, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფებების აქტივობას იკვლევენ, შიშობენ, რომ ერაყში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები შესაძლოა მას შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რაც ამერიკელი სამხედროების რაოდენობა შემცირდება და ისინი ძირითადად "უკანა პლანზე" გადაინაცვლებენ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციების მონიტორინგის ჯგუფის უახლეს შეფასებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად უკანდახევისა, ე.წ. ისლამური სახელმწიფო მომავალშიც გამოწვევად დარჩება ერაყშიც და მეზობელ სირიაშიც. ამავე შეფასებების თანახმად, ეს დაჯგუფება გამუდმებით იყენებს ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების სისუსტეებს თავშესაფრის საპოვნელად და ამასთან მათ წინააღმდეგ მოქმედ ძალებსაც ესხმის თავს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2021 წლის იანვარსა და აპრილში ბაღდადში განხორციელებული თავდასხმები ადასტურებს, რომ დაჯგუფება კვლავ უძლებს ძლიერ კონტრ-ტერორისტულ წნეხსა და ძალისხმევას, რომელსაც ერაყის უსაფრთხოების ძალები იჩენენ. ამასთან, სავარაუდოა, რომ მებრძოლები განაგრძობენ სამოქალაქო პირებზე თავდასხმას და სხვა ისეთ მარტივ სამიზნეებზე იერიშის მიტანას, რომელთა მეშვეობითაც მედიის დიდ ყურადღებას მიიპყრობენ და ერაყის ხელისუფლებას დაამცირებენ.

თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური უწყებები დაჯგუფების შესაძლებლობებს უკვე შემცირებულად, დაკნინებულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ერაყსა და სირიაში ახლა დაჯგუფებას შესაძლოა არაუმეტეს 8 000 ე.წ. მებრძოლი ჰყავდეს, განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც მათ რიგებში 34 ათასამდე პირი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG