ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" ნიუ-იორკის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო


ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ნიუ-იორკში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. დაჯგუფებამ საკუთარ ყოველკვირეულ გამოცემა „ალ-ნაბა“-ში განაცხადა, რომ თავდამსხმელი - 29 წლის უზბეკი იმიგრანტი, საიფულო საიპოვი - მათი ერთ-ერთი ჯარისკაცი იყო, თუმცა ამ მტკიცების დამადასტურებელი ცნობები არ გამოუქვეყნებიათ.

საიპოვს, რომელიც შტატებში სავარაუდოდ, ე.წ. "მწვანე ბარათის გათამაშების" საშუალებით რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა, სხვადასხვა მძიმე ბრალი აქვს წაყენებული. ის ნაქირავები სატვირთო მანქანით ველობილიკზე გადავიდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი სერიოზულად დაშავდა. თავდამსხმელი პოლიციამ დაჭრა და შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გონს მოსულმა საიპოვმა, ჰოსპიტალის პერსონალის განცხადებით, დაადასტურა ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი და პალატაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" დროშის გაშლის უფლება ითხოვა. მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკათ მირზიოევმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ეს სასტიკი თავდასხმა იყო და ქვეყნის ხელისუფლება მზადაა ყველანაირად დაეხმაროს გამოძიებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG