ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ISIS-ის „პანკისის ჯამაათის იმამი“ ციხეში 14 წელს გაატარებს


აიუფ ბორჩაშვილი, გიორგი ხუტუნიშვილი, დავით ფირისებია

სანამ პენტაგონში არკვევენ, ნამდვილად გაანადგურეს თუ არა სირიის ქალაქ ელ-შადადთან „ისლამური სახელწმიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, „ომის მინისტრი“, აბუ ომარ ალ შიშანი იგივე თარხან ბათირაშვილი, საქართველოში, ბათირაშვილთან „ბაიათით“ ანუ ფიცით დაკავშირებულ პირებს ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯათ.

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ყოფილ იმამს, ცხრა შვილის მამას, 36 წლის აიუფ ბორჩაშვილს, რომელიც კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, „ისლამურ სახელმწიფოს“ აღმოსავლეთ საქართველოში წარმოადგენდა და სირიაში ახალგაზრდებს აგზავნიდა, მოსამართლე ლალი მსხილაძემ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბორჩაშვილის მიერ გადაბირებულ თბილისელებს: 23 წლის გიორგი ხუტუნიშვილს და 19 წლის დავით ფირისებიას, რომლებიც სირიაში საბრძოლველად წასვლას გეგმავდნენ, შესაბამისად -11 და 10 წელი. მოსამართლემ არ გაიზიარა განსასჯელთა არგუმენტი, რომ ისინი არა „ისლამური სახელმწიფოს“, არამედ სირიის „თავისუფალი არმიის“ დასახმარებლად მიდიოდნენ.

სასამართლოზე ბოლო სიტყვაში, გიორგი ხუტუნიშვილი სწორედ ამ გარემოებაზე ამახვილებდა ყურადღებას:

„სირიის თავისუფალ არმიას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები და არა მგონია ამერიკა ტერორისტებს უჭერდეს მხარს. პროკურორის მტკიცებით კი ეს თურმე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები იყვნენ.“

ბოლო სამი წლის განმავლობაში სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი საქართველოს 17 მოქალაქე დაიღუპა.

დაცვის მხარის აზრით, სასამართლო პროცესზე, გადამწყვეტი გამოდგა მეოთხე დაკავებულის, 22 წლის გიორგი კუპრავას მოქმედება. კუპრავა თავიდან ბრალს არ აღიარებდა, თუმცა თებერვლის ბოლოს, დანაშაული სრულად აღიარა, რის შემდეგაც მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. იგი ციხეში მხოლოდ ერთ წელს გაატარებს.

ამასთან, სასამართლო პროცესზე, კუპრავას დედამ ელენე დენისოვამ განაცხადა, რომ აიუფ ბორჩაშვილმა მის შვილს ისლამი ძალდატანებით მიაღებინა და სირიაში სასაკლაოზე აგზავნიდა.

აიუფ ბორჩაშვილის წინააღმდეგ, პროკურატურამ ასევე გამოიყენა მისი თანასოფლელის, ყოფილი შეფიცულისა და ვაჰაბიზმის მიმდევარი გიორგი ბორჩაშვილის ჩვენებები.

გიორგი ბორჩაშვილი, რომელიც მოწმეთა დაცვის პროგრამაშია ჩართული ამბობს, რომ სწორედ აიუფ ბორჩაშვილის დავალებით შეუძინა ავიაბილეთები ორ არასრულწლოვანს, სოფელ ომალოს საშუალო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს: მუსლიმ კუშტანაშვილსა და რამზან ბაღაკაშვილს, რომლებიც სირიაში საბრძოლველად 2015 წლის აპრილში წავიდნენ.

მისივე ჩვენებით, აიუფ ბორჩაშვილი 2014 წლის ზაფხულში თავად იმყოფებოდა სირიაში, სადაც თარხან ბათირაშვილს შეხვდა და უკან დაბრუნებულმა პანკისის ხეობაში „ისლამური სახელწმიფოს“ „ჯამაათი“ ჩამოაყალიბა. ბოლო წლებში, აიუფ ბორჩაშვილმა, „ხეობის ჯამაათის იმამის“ სტატუსით რამდენიმე ათეული ადამიანისგან მიიღო ბაიათი - ანუ ფიცი და ნაწილი სირიაში გააგზავნა, მათ შორის, ლაშა ალხანაშვილი და იბრაჰიმ ცათიაშვილი, რომელიც სირიაში 2015 წლის მაისში დაიღუპა.

ამ ჩვენებებს, რომელიც სრულად გაიზიარა სასამართლომ „შეთითხნილს“ უწოდებენ აიუფ ბორჩაშვილის ოჯახში, სადაც მიაჩნაით, რომ ბრალდების მოწმეები: გიორგი ბორჩაშვილი და გიორგი კუპრავაც კონტრტეტორისტული ცენტრის აგენტები არიან. აიუფ ბორჩაშვილის და მარინა ბორჩაშვილი ამბობს, რომ მისი ძმა ისლამის გამო გაასამართლეს:

„ისეთი რა ჩაიდინა ჩემმა ძმამ, რომ მრავალშვილიან მამას 14 წელი მიუსაჯეს? ერთადერთი მისი დანაშაული ის არის, რომ იგი მუსლიმანია.“

ბორჩაშვილი, ხუტუნიშვილი, ფირისებია და კუპრავა კონტრტერორისტულმა ცენტრმა 2015 წლის ივნისში დააკავა. სასამართლო პროცესი ოთხი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო გაასამართლეს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი საქართველოს 17 მოქალაქე დაიღუპა.

XS
SM
MD
LG