ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ორი პანკისელი ქისტი მოკლეს


თურქოშვილისა და ფარეულიძის სიკვდილის შემდეგ, სირიასა და ერაყში, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში დაღუპულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვმა 15-ს მიაღწია.

საქართველოში დაბადებული, 22 წლის მუჰმად თურქოშვილი და 24 წლის რამზან ფარეულიძე, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდნენ, გასულ უქმეებზე, სირიის ტერიტორიაზე იქნენ მოკლულნი. ეთნიკური ქისტების დაღუპვის ზუსტი თარიღი და დეტალები უცნობია.

ცნობილია, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, სირიის სამთავრობო არმია, თურქეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ელ-ბაბს უტევს, რომელსაც 2013 წლის დეკემბრიდან ტერორისტები აკონტროლებენ. სირიული წყაროების ცნობით, ბოლო 72 საათის განმავლობაში, ელ-ბაბთან ახლოს, აინ-ალ ბაიდას მხარეში, 70-ზე მეტი ისლამისტი ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა, მათ შორის ეთნიკური ჩეჩნებიც იყვნენ.

ეს ტერიტორია ბოლო დრომდე, ტერორისტთა ერთ-ერთი ლიდერის, აბუ ომარ ალ შიშანის იგივე თარხან ბათირაშვილის დაჯგუფების გავლენის არეალად ითვლებოდა.

ფარეულიძე ახმეტის რაიონის სოფელ ბირკიანიდან იყო, მან თელავის უნივერსიტეტში სწავლა მიატოვა და ისლამისტებს დაახლოებით ერთი წლის წინ შეუერთდა. „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ცნობით, იგი სირიაში შარშან დაოჯახდა კიდეც, საცოლე პანკისის ხეობიდან, სოფელ ძიბახევიდან ჩაუყვანეს.

რაც შეეხება თურქოშვილს, ისიც პანკისის ხეობიდან, ახმეტის რაიონის სოფელ ომალოდან იყო. ოჯახთან ერთად ჯერ თურქეთში სამუშაოდ წავიდა, საიდანაც სირიაში ისლამისტებს შეუერთდა. თურქოშვილს მეუღლე და შვილი დარჩა.

მუჰმად თურქოშვილის ბიძამ, სოფელ ომალოში მცხოვრებმა მურმან თურქოშვილმა განაცხადა, რომ გარდაცვლილის ოჯახი დიდი ხანია თურქეთში ცხოვრობს.

„ცხვარი მყავს, გზაზე ვდგევარ და როცა მივდიოდა, გუშინ საღამოზე დამირეკეს და მითხრეს, რომ ასეთი ამბავი მოხდა, იქედან დარეკესო. მეტი არაფერი არ ვიცი, რა მოხდა. მშობლები თურქეთში არიან, თურქეთის მოქალაქეობა აქვთ. ეს ბალღები მეტი წილი იქ გაიზარდნენ. მე ბიძა ვარ, გამაგებინეს, ჩვენთან წესია, სამძიმარზე მოდიან ხალხი და კარი გავუღე. მშობლებს ჩამოვალთო დაურეკიათ, მაგრამ როდის ჩამოვლენ ეგეც არ ვიცი.“

პანკისის ხეობის სოფლები: ომალო, დუისი და ჯოყოლო ზუსტად ერთი კვირის უკან, საქართველოს მთავრობის წევრებმა მოინახულეს, თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მეთაურობით. ქისტ უხეცესებთან და ახალგაზრდობასთან შეხვედრის დროს, საუბრის მთავარი თემა, ხეობაში არსებულ იმ მწვავე სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებზე დროული რეაგირება გახლდათ, რომლებიც საერთო ჯამში, ისლამისტურ ტერორისტულ ორგანიზაციებს მორწმუნე ახალგაზრდების გადაბირების პროცესს უადვილებს.

თავდაცვის მინისტრმა ქისტ ახალგაზრდებს საქართველოს არმიაში სამსახური შესთავაზა და საკონტრაქტო სამსახურის პირობებით და თავდაცვის ეროვნული აკადემიის შესაძლებლობებით დაინტერესება ურჩია.

აღმოსავლეთმცოდნე დიმიტრი მანჯავიძე ამბობს, რომ თუ ადამიანებს, ადგილზე, საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცემათ, ტერორისტულ ორგანიზაციების შუამავლები უმუშევრები დარჩებიან.

„აქედან წასულების ბიოგრაფიებს, უმრავლესეობა რო ჩახედოთ, ეს არის ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან დიდი პრობლემები საკუთარი თავის რეალიზაციის, იმ პირობებში, რომლებშიც დღეს არიან. ამას დაერთო ეთნიკური მომენტი ძალიან ხშირად, ამას დაერთო რელიგიური მომენტი.

თუმცა, მთავარი საფუძველი მაინც ის არის, რომ მათი შესაძლებლობები თვითრეალიზაციის, თვითგამოხატვის, წინსვლის აქ, ადგილზე იყო ძალიან მნიშვნელოვნად შემცირებული.“

მუჰმად თურქოშვილისა და რამზან ფარეულიძის სიკვდილის შემდეგ, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე დაღუპულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვმა 15-ს მიაღწია. თოთხმეტი მათგანი პანკისის ხეობიდან არის, ერთი კი გურიის მუსლიმური თემიდან.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სირიასა და ერაყში, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელწიფოს დროშის ქვეშ, სულ მცირე, 100-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იბრძვის. მათ შორის არიან: ეთნიკური ქისტები პანკისის ხეობიდან, აჭარლები - აჭარისა და გურიის მუსლიმური თემებიდან და ეთნიკური აზერბაიჯანელები - ქვემო ქართლიდან.

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ დაღუპული საქართველოს მოქალაქეები (2013-2016)

23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო, 2012)

26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი, 2013)

36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი, 2013)

24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი, 2013)

36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი, 2014)

18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014)

22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014)

21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)

18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)

30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი, 2014)

24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015)

33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015)

23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015)

22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი, 2016)

24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი, 2016)

XS
SM
MD
LG