ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ისლამური სახელმწიფო" ერდოღანს ემუქრება


ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები თურქეთ-სირიის საზღვარზე
ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები თურქეთ-სირიის საზღვარზე

დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ გამოქვეყნებული ახალი ვიდეოს სამიზნე თურქეთია. ვიდეო სტამბოლის სამხედრო გზით დაპყრობაზე მოწოდებას შეიცავს.

დაუთარიღებელი ვიდეო, სახელად „გზავნილი თურქეთს“ თურქეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს და მას მოღალატეს უწოდებს იმის გამო, რომ ქვეყნის საავიაციო ბაზები ამერიკის მეთაურობით წარმართული კოალიციისთვის დათმო.

ჩანაწერი ხალხს „ათეისტების, ჯვაროსნების და მოღალატეების“ წინააღმდეგ აჯანყებისკენ და „ეშმაკის მეგობრების წინააღმდეგ ბრძოლისკენ“ მოუწოდებს.

ვიდეოში ჭაღარა წვერებიანი მამაკაც, რომელსაც ხელში იარაღი უჭირავს, ფეხებ გადაჯვარედინებული ზის და თურქულად საუბრობს. ორწუთნახევრიან ვიდეოში კიდევ ორი მამაკაცი ჩანს, თუმცა ისინი არაფერს ამბობენ.

ვიდეოს გავრცელება დროში ემთხვევა თურქეთის საშინაო პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ივნისის საპარლამენტო არჩევნებს მოყვა. არჩეულმა კანონმდებლებმა აქამდე სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერ მოახერხეს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი რეჯეპ ტაეპ ერდოღანი ხელახალ არჩევნებს დანიშნავს.

თურქეთის ლიდერი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კამპანიაში გვიან ჩართვისთვის ქვეყნის შიგნით და გარეთ ერთნაირად გააკრიტიკეს, თურქეთმაექსტრემისტული ჯგუფის დაბომბვა გასული თვის ბოლოს დაიწყო.

„მან თქვენ შეერთებული შტატების მონებად გაქციათ და ყველა თქვენი ღირებულება გაყიდა. ერდოღანი თავისი პოსტის შესანარჩუნებლად ისევ ლაქიად რჩება,“ ამბობს უცნობი მამაკაცი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ვიდეოს სპიკერი ანკარას ქურთების მუშათა პარტიის და თავისუფალი სირიის არმიის თანამოაზრეობაში ადანაშაულებს, რომლებიც “ისლამური სახელმწიფოს” ტერიტორიული წინსვლის წინააღმდეგ იბრძვიან.

თურქეთის ოპოზიციური პარტიები კი აცხადებენ, რომ მთავრობამ მებრძოლების და შეიარაღების სირიაში გადაადგილება დაუშვა და ამის მიზანი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის შესუსტება იყო. ერდოღანის ადმინისტრაცია ამ ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG