ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვერჰაუსიდან ფენიქსში


ფრანგები ემშვიდობებიან ადლიის ბატალიონის მესამე ოცეულს. ბაზა ვერჰაუსი, ავღანეთი

ქართველი სამხედროები ავღანეთში მთლიანად ამერიკული სარდლობის განკარგულებაშია

ავღანეთში დასრულდა თითქმის ოთხ წლიანი თანამშრომლობა საფრანგეთის და საქართველოს სამხედროებს შორის. დედაქალაქ ქაბულიდან აღმოსავლეთით ათ კილომეტრში მდებარე ვერჰაუსის სამხედრო ბაზა (Camp Warehouse), სადაც ISAF-ის რეგიონალური სარდლობის შტაბ-ბინაა განთავსებული ქართველმა მეომრებმა უკვე დატოვეს.

ოპერატიული ბაზა ვერჰაუსი, რომელიც საფრანგეთის, გერმანიისა და ნორვეგიის პასუხისმგებლობის ქვეშ არის, 2002 წელს ამოქმედდა. 172 ქართველი ჯარისკაცი, პლუს მღდელი(კაპელანი) იოსები, აქ პირველად 2009 წლის ნოემბერში გამოჩნდნენ.

გასულ კვირას, ქართველმა სამხედროებმა ვერჰაუსის ბაზიდან ფენიქსის ბაზაზე (Camp Phoenix) გადაინაცვლეს. ფენიქსი ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან 6 მილის მოშორებით მდებარეობს. ბაზა მთლიანად ამერიკული სარდლობის პასუხიმგებლობის ზონაშია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერჰაუსიდან ფენიქსში გადასვლა ამერიკელების თხოვნით განხორციელდა. ამ თხოვნის შესრულებას საქართველოს პარლამენტის თანხმობა დასჭირდა.
ფრანგული კონტიგენტის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ფილიპ ადამმა ქართველ სამხეროებთან თანამშრომლობას მაღალი შეფასება მისცა

განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ იმ მისიით, რაც ქართველმა ჯარისკაცებმა ფრანგ სამხედროებთან ერთად შეასრულეს. ქართველების მოქმედება ნამდვილად დადებითად შეიძლება შეფასდეს. მე რვა თვე ვიმსახურე მათთან ერთად და ორ ძირითად ელემენტს გამოვყოფდი: ეს არის პროფესიონალიზმი და ინტეგრაციისკენ სწრაფვა.

ყოველდღიური სამუშაოების უფრო ეფექტურად შესრულების მიზნით, ქართველ სამხედროებში ფრანგულ სამხედრო ოჯახთან ინტეგრაციის დიდი სურვილი დავინახე. კიდევ ერთხელ გულწრფელად ვამბობ, ქართველების მიმართ ქება-დიდებას არ დავიშურებ.“

ბაზა ვერჰაუსზე, გაძლიერებულმა ქართულმა ასეულმა, ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში 2009 წლის გვიანი შემოდგომიდან 2012 წლის იანვრამდე იმსახურა. იანვრიდან ფრანგების განკარგულებაში უკვე გაძლიერებული ქართული ოცეული (50 ჯარისკაცი) იყო.

ბოლოს აქ ადლიის (ბათუმის) ცალკეული მსუბუქი ბატალიონის მესამე ოცეული მსახურობდა, რომელმაც მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს, იმავე ბატალიონის მეორე ოცეული ჩაანაცვლა. ფრანგებმა ამ ოცეულის 49 ჯარისკაცი ნატოს ISAF-ის მედლით დააჯილდოვეს. ავღანეთში ფრანგული სარდლობის შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი პიერ-ივ რონდო ამბობს

„თამამად შემიძლია გითხრათ რომ ქართველების მოქმედებები და სამსახური განსაკუთრებულ შეფასებებს იმსახურებს. ისინი მართლად ეფექტურები იყვნენ. ძალიან საინტერესო იყო ის რამდენიემ თვე, როდესაც ფრანგები და ქართველები ერთად ცხოვრობდნენ და ბაზის უსაფრთხოებაზეც ერთად ზრუნავდნენ. პრობლემები არ ინტეგრაციისა და ფრანგებთან ურთიერთობაში შექმნიათ, პირიქით..“

ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ქართველმა სამხედროებმა ავღანეთის მისიაში ხუთი ქვეყნის სარდლობის ქვეშ იმსახურეს. 2004 წელს, ქაბულში, საპრეზიდენტო არჩვენების უსაფრთოების მიზნით გაგზავნილი გაძლიერებული ქვეითთა ოცეული, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში იყო.

2007 წლის ნოემბიდან 2008 წლის აპრილამდე ქართველი სამხედრო ექიმები გჰორის პროვინციის, ქალაქ ჩაგჩარანში, ლიტვის სარდლობის განკარგულებაში იყვნენ.

2009 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ივნისამდე ქაბულში, ვერჰაუსის ბაზაზე, ჯერ ქართული ასეული, შემდეგ კი ოცეული, ფრანგების განკარგულებაში იყო. 2011 წლის აპრილიდან, ერთი წლის განავლობაში, ასევე ფრანგებს ექვემდებარებოდნენ ყანდაღარის პროვინციაში გაგზავნილი ქართველი არტილერისტები.

2010-2011 წლებში, ქაბულში, რეგიონალური სარდლობის ცენტრში, ორი ქართველი მეკავშირე ოფიცერი, თურქული კონტიგენტის შემადგენლობაში 12 თვის მანძილზე მსახურობდა.

2010 წლის აპრილიდან, ჰელმანდის პროვინციაში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში 749 ქართველი გაიგზავნა, დღეს მათი რაოდენობა უკვე 1600-ს აღემატება. ავღანეთში თავდაცვის სამინისტროს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე ამბობს:

„ქართული ოცეულის ოთხ-წლიანი წარმატებული მისია ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში დასრულდა. ამჟამად ქვედანაყოფი, ამერიკული სარდლობის თხოვნით ბაზა ფენიქსზეა გადაყვანილი, სადაც ბაზის უსაფრთოებას და პატრულირებას უზრუნველყოფს.“

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ავღანეთი მესამე სამშვიდობო მისიაა. 1999-2008 წლებში ქართველი სამხედროები მშვიდობას იცავდნენ კოსოვოში, ჯერ თურქული ბატალიონის, შემდეგ კი გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში.

2003 წლიდან საქართველო ერაყის მისიაში ჩაება და 2008 წლის ბოლომდე, ვაზიტის პროვინციაში ბრიგადის დონეზე იყო წარმოდგენილი.
სულ ერაყსა და ავღანეთში საქართველომ 27 მეომარი დაკარგა, 5-ერაყში, 22-ავღანეთში, 150-მდე კი დაიჭრა.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG