„ამ საკითხთან დაკავშირებით ხაზინამ თეთრ სახლს ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ მიაწოდა. ის ცნობაც საუბრობდა არა რაიმე სახის დეტალებზე, არამედ იუწყებოდა იმას, რომ საგადასახადო სამსახურში შიდა გამოძიება უნდა დაწყებულიყო.“
ამერიკის ვიცე პრეზიდენტობის ყოფილი რესპუბლიკელი კანდიდატი პოლ რაიანი თეთრი სახლის განცხადაბით უკმაყოფილოა:
„ახლა რა უნდა გავაკეთოთ, როცა ვიცით, რომ დაახლოებით 2 წლის მანძილზე საგადასახადო სამსახური ამერიკელებს სამიზნედ იღებდა მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო. უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და დავადგინოთ რა მოხდა სინამდვილეში - ვინ იცოდა სკანდალის შესახებ? როდის გაიგეს? რატომ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს? რამდენად მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული ამ საქმეში?“
კვირას ტელეკომპანია ფოქს ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში რაიანმა საგადასახადო სამსახურის ყოფილი კომისიონრების განცხადება გააკრიტიკა. მან თქვა, რომ პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე ორგანიზაციების მიზანში ამოღება არ შეიძლება იყოს უბრალო შეცდომა და „ცუდი მომსახურება.“
„ხალხი იმსახურებს ისეთ მთავრობას, რომლის ნდობა შეიძლება, რომელიც არის კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი. იმის განცხადება, რომ ეს მხოლოდ ბიუროკრატიული შეცდომა იყო სიმართლე არ არის.“
საგადასახადო სამსახურის სკანდალთან ერთად, კონგრესი იძიებს ადმინისტრაციის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებს შარშან ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ამერიკის ელჩისა და სამი ამერიკელის მკვლელობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი საკითხი, რომლის გარემოებების დეტალური შესწავლა სურს კონგრესს, იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საინფორმაციო სააგენტო ასოშეიტედ პრესის ჟურნალისტების სატელეფონო საუბრებსა და მიმოწერაზე საიდუმლო მოსმენა არის.