ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ინფრასტრუქტურა 9 წლიანი ომის შემდეგ


ერაყის ინფრასტრუქტურა 9 წლიანი ომის შემდეგ
ერაყის ინფრასტრუქტურა 9 წლიანი ომის შემდეგ

ბაღდადი დიდი ხმაურიანი ქალაქია და მიუხედავად არეულობის წლებისა აქ რესტორნები და მაღაზიები თავისუფლად მუშაობენ.

ამავე დროს ქალაქი ნორმალური ფუნქციონერებისთვის იბრძვის მთელი ერაყის მსგავსად.

მავთულხლართები და ბეტონის ბლოკებით აგებული საგუშაგოები ნელ-ნელა წარსულს ბარდება. მაგრამ თითქმის 9 წლიანი ომის შემდეგ და მანამდე საერთაშორისო სანქციების პირობებში, ერაყელთა უმრავლესობას ნორმალური ცხოვრების მყარი გარანტიები არ გააჩნიათ.

ბაღდადში ხშირად ითიშება ელექტროენერგია და მოსახლეობა ელექტრო-გენერატორების იმედად არის დარჩენილი.

როგორც თევზის გამყიდველი ჯაფარ აბდულ ჰამზა ამბობს ცხოვრება აქ საკმაოდ მძიმეა:“ ჩვენ უამრავი პრობლემები გვაქვს. მართალია უშიშროების მხრივ უკეთესად არის საქმე, მაგრამ არ არის შუქი და წყალი.“

ბაღდადში სამედიცინო დაწესებულებები უმძიმეს მდგომარეობაშია. თვით ქალაქის მთავარი ჰოსპიტალი ღაზი ალ-ჰარირი მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთ-ერთი პაციენტის ხალის ჰუსეინის განცხადებით ის საავადმყოფოში არსებულმა პირობებმა უფრო შეაწუხა, ვიდრე თირკმელის გათიშვამ. მისი თქმით:“ აქ კარგი ექიმები არიან, მაგრამ ელემენტარული პირობები არ არის. ლიფტები არ მუშაობს, კიბეები კი დაბლოკილია.“

როგორც ქირურგი აჰმედ სალეჰი ამბობს დღევანდელი სიტუაციის შედარებაც კი არ შეიძლება 5 წლის წინანდელ ბაღდადთან, როდესაც ტერორისტული აფეთქებების შედეგად უამრავი მსხვერპლი იყო.

ბაღდადელი ქირურგის განცხადებით:“ სიტუაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში უკეთესობისკენ შეიცვალა. თავდასხმებმა იკლო და ახლა ძირითადად ავტოსაგზაო შემთხვევებში დაზარალებული ადამიანები მოჰყავთ. რა თქმა უნდა არიან შეიარაღებული შეტაკებების შედეგად დაჭრილი მეომრებიც, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება 2005, 2006 წლებთან.“

მართალია დღეს ნაკლები ტერაქტები ხდება, მაგრამ გამოცდილი ექიმების სიმცირეც დიდი პრობლემაა. როგორც აჰმედ სალეჰი ამბობს:“ ჩვენ მედიკამენტებით მომარაგებას არ ვუჩივით, მაგრამ ამავე დროს გვჭირდება ამერიკელი და ბრიტანელი ექიმების დახმარება ადგილობრივი მედპერსონალის გაწვრთნის საქმეში.“

ერაყელები თავიან პრობლემებში ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებენ. იგივე აზრისაა ინგლისურის მასწავლებელი ვამიდ რიფაატი. მისი თქმით:“ ქვეყანაში არანაირი აღდგენითი სამუშაოები არ მიმდინარეობს და მე ჩემი შვილებისთვის ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ მომავალში.“

ამჟამად ბაღდადის ზოგიერთ რაიონში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ერაყელები ხომ მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დახმარებას საჭიროებენ.

XS
SM
MD
LG