ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა ახალი, "უდიდესი" რადიუსის დრონი წარმოადგინა


პარასკევს, ერაყთან 1980 წლის ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ირანმა თავისი სამხედრო აღჭურვილობა გამოფინა. სახელმწიფო მედიის ცნობით, მათ შორის, ბალისტიკურ და ჰიპერბგერით რაკეტებთან ერთად, „მსოფლიოში ყველაზე შორ მანძილზე მოქმედი დრონი“ იყო.

თეირანის განცხადებით, დრონს „საბურველი ჩამოხსნეს“ აღლუმზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ. ამ აღლუმზე წარმოდგენილ დრონებს შორის იყო: „მოჰაჯირი“, შაჰედი“ და „არაში“.

გასულ თვეში ისლამურმა რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ შექმნა ახალი, მოწინავე დრონი „მოჰაჯერ-10“, რომელსაც მოქმედების გაზრდილი რადიუსი და ასევე უფრო მეტი ტვირთამწეობა აქვს.

სახელმწიფო მედიის ცნობით, დრონის მოქმედების რადიუსი 2,000 კილომეტრია და 24 საათი ფრენა შეუძლია, ტვირთამწეობა 300 კილოგრამს აღწევს, რაც „მოჰაჯერ-6“ დრონის შესაძლებლობას ორჯერ აჭარბებს.

შეერთებული შტატები ირანს ბრალს სდებდა, რომ სხვა უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთად, რუსეთს უკრაინასთან საომრად „მოჰაჯერ-6“ დრონებს აწვდის. სამშაბათს, 19 სექტემბერს, ვაშინგტონმა ირანთან დაკავშირებული სანქციები გააფართოვა და აღნიშნა, რომ თეირანის მიერ „უპილოტო საფრენი აპარატების უწყვეტი განზრახ გავრცელება“ რუსეთს, ახლო აღმოსავლეთში მისი სახელით მოქმედ და დესტაბილიზაციის გამომწვევ სხვა სუბიექტებს შესაძლებლობებს უქმნიდა“.

ირანი უარყოფს, რომ უკრაინასთან ომში რუსეთს დრონებს აწვდის.

ირანთან დაკავშირებული ახალი სანქციების სამიზნე მრავალი კერძო და იურიდიული პირია ირანში, რუსეთში, ჩინეთში და თურქეთში, რომელთაც თეირანის დრონებთან და სამხედრო თვითმფრინავებთან აქვთ შეხება.

XS
SM
MD
LG